უნგრეთში 12 აპრილს ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის პოლიტიკაში შესაძლოა ისტორიული გარდატეხა მოახდინოს – წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“ პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით პარლამენტში დამაჯერებელი უმრავლესობა მოიპოვა, რითაც მრავალწლიანი მმართველობის შემდეგ მძიმე დარტყმა მიაყენა მოქმედ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და მის პარტიას „ფიდესს“.
არჩევნების წინასწარი შედეგები
ხმების 84,91%-ზე მეტის დათვლის შემდეგ პეტერე მადიარის მემaრჯვენე ცენტრისტული პარტია „ტისა“ აშკარა ლიდერია – ის შესაძლოა 199-ადგილიან პარლამენტში დაახლოებით 138 მანდატს დაეუფლოს. „ფიდესი“, სავარაუდოდ, 54 ადგილს მიიღებს, ხოლო ულტრამემარჯვენე პარტია „ჩვენი სამშობლო“ – 7 მანდატს.
არჩევნებში კიდევ პარტია მონაწილეობდა: „დემოკრატიული კოალიცია“ და სატირული „ორკუდიანი ძაღლის პარტია“ (უნგრ. Magyar Kétfarkú Kutya Párt), რომლებმაც, წინასწარი შედეგებით, საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს.
უნგრეთის საარჩევნო სისტემა შერეული მოდელით მუშაობს: ამომრჩევლები ერთდროულად აძლევენ ხმას როგორც პარტიულ სიებს, ისე მაჟორიტარულ კანდიდატებს (106 ადგილი ერთმანდატიან ოლქებზე ნაწილდება). პარლამენტში შესასვლელად პარტიებმა უნდა გადალახონ 5%-იანი ბარიერი. კანონის თანახმად, საბოლოო შედეგები ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს არაუგვიანეს 18 აპრილისა.
არჩევნების დასრულებისთანავე, საღამოს 19:00 საათზე, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ შედეგებს „ფრთხილი ოპტიმიზმით“ ელოდა. წინასაარჩევნო სოციოლოგიური კვლევებიც ოპოზიციის გამარჯვებას პროგნოზირებდა: სხვადასხვა ცენტრის მიხედვით, „ტისას“ ამომრჩეველთა 55–57% უჭერდა მხარს და მნიშვნელოვნად უსწრებდა „ფიდესს“.
აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებზე ეგზიტპოლები არ ჩატარებულა, რაც შედეგების შეფასებას ართულებდა. მიუხედავად ამისა, მადიარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც წინასწარი მონაცემები, ისე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა მის პარტიას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევდა.
ხელისუფლების რეაქცია და ამომრჩეველთა მობილიზება
ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გერგეი გულიაშმა არჩევნებზე რეკორდულად მაღალი აქტივობა მმართველი პარტიის მიერ ამომრჩეველთა მობილიზაციის შედეგად შეაფასა და განაცხადა, რომ „ფიდესი“ მაინც უმრავლესობას ელოდებოდა. თუმცა მოგვიანებით თავად ვიქტორ ორბანმა აღიარა მარცხი და პეტერ მადიარს გამარჯვება მიულოცა.
არჩევნებზე აქტივობამ მართლაც რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – 77.8%-ს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2022 წლის 62.92%-ს და 2002 წლის ისტორიულ რეკორდსაც კი აჭარბებს. ასეთი მაღალი აქტივობის გამო ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს ხანგრძლივი დროით მოუწიათ რიგში დგომა, თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია აღწერს, პროცესი მშვიდ და პოზიტიური ატმოსფეროში მიმდინარეობდა.
საარჩევნო კამპანიის კონტექსტი: ომი, ევროკავშირი და რუსეთი
ვიქტორ ორბანმა და მისმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია დიდწილად უკრაინის ომის თემაზე ააგეს. პლაკატებზე ხშირად ჩანდნენ ვოლოდიმირ ზელენსკი და ურსულა ფონ დერ ლაიენი, მათთან დაკავშირებული კრიტიკული გზავნილებით.
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო რეგულარულად ამტკიცებდნენ, რომ კიევი და ბრიუსელი უნგრეთის ომში ჩათრევას ცდილობენ. ბუდაპეშტი ასევე სისტემატურად ბლოკავდა ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას, თუმცა უშუალოდ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ორბანმა უკრაინის თემაზე კრიტიკული რიტორიკა შეარბილა.
საინტერესოა, რომ არჩევნების წინ ორბანის მხარდასაჭერად უნგრეთში ჩავიდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რომელმაც ორბანი „უნგრელი ხალხის დამცველად“ მოიხსენია და ბრიუსელი არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა.
ამავე დროს, ბოლო კვირებში საერთაშორისო მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ცნობები უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა შესაძლო კავშირებზე რუსეთთან – მათ შორის, სერგეი ლავროვთან კომუნიკაციასა და რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებაზე.
ოპოზიციის სტრატეგია და ახალი პოლიტიკური ეპოქა
45 წლის პეტერ მადიარი, რომელიც „ფიდესის“ ახალგაზრდული ფრთის წევრი იყო, 2 წლის წინ ჩაუდგა სათავეში პარტია „ტისას“ და, როგორც აღმოჩნდა, სწორი გათვლა გააკეთა საარჩევნო კამპანიის წარმოებაზე. ექსპერტების შეფასებით, მადიარმა გაითვალისწინა წარსულის შეცდომები, რის გამოც ოპოზიცია წინა არჩევნებში დამარცხდა: განსხვავებით წინა ოპოზიციური ლიდერებისგან, კამპანიის დროს მან შეგნებულად შეამცირა უკრაინის ომის თემაზე საუბარი და ყურადღება შიდა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე გადაიტანა. ეს მიდგომა წარმატებული აღმოჩნდა.
მმართველი პარტიის მიმართ უკმაყოფილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ამომრჩევლები ასახელებდნენ საჯარო ინფრასტრუქტურის მძიმე მდგომარეობას, პრობლემებს ჯანდაცვისა და განათლების სისტემებში, ასევე კორუფციის მაღალ დონეს, რომელიც წლების განმავლობაში ხელისუფლების მიმართ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე ბრალდებად რჩებოდა.
ოპოზიციის ლიდერი პეტერ მადიარი, თავის მხრივ, აცხადებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში კორუფციის წინააღმდეგ „მკაცრ ბრძოლას“ დაიწყებს, განახორციელებს „სისტემურ ცვლილებებს“ და ქვეყანას ახალ კონსტიტუციას შესთავაზებს.
საზოგადოების მოლოდინები
ბუდაპეშტში, რომელიც ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს, აშკარად იგრძნობოდა ცვლილებების მოლოდინი – განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ბევრი ამომრჩეველი 12 აპრილის არჩევნებს „ახალი ეპოქის დასაწყისად“ მიიჩნევდა.
ამ არჩევნების მნიშვნელობა მხოლოდ უნგრეთის საზღვრებით არ შემოიფარგლება – მისი შედეგები გავლენას მოახდენს როგორც ევროკავშირის შიდა პოლიტიკაზე, ისე რეგიონულ უსაფრთხოებაზე. „ტისას“ გამარჯვების შედეგად უნგრეთი, დიდი ალბათობით, ახალ პოლიტიკურ კურსს აირჩევს, რომელიც მკვეთრად განსხვავდება ორბანის 16-წლიანი მმართველობისგან. „ტისას“ და მისი ლიდერის საგარეო პოლიტიკური ხედვაც მნიშვნელოვნად განსხვავდება მოქმედი ხელისუფლებისგან: მადიარი გამოდის რუსეთისგან დისტანცირების და უნგრეთის, როგორც NATO-ს საიმედო მოკავშირის, როლის გაძლიერების იდეით, ასევე, ევროკავშირში ქვეყნის პოზიციების გამყარებას აპირებს.
რაც შეეხება 16-წლიანი მმართველობის შემდეგ დამარცხებულ პრორუს პოპულისტს – 62 წლის ვიქტორ ორბანს, იგი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები „მტკივნეულია“, თუმცა ის და მისი პარტია „ფიდესი“ „ოპოზიციაში ყოფნისასაც გააგრძელებენ ქვეყნის სამსახურს“.
ნიკო აბაშიშვილი



