მსოფლიოსაზოგადოება

ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია – სამხრეთ ევროპა მასშტაბურ ხანძრებს ებრძვის

სამხრეთ ევროპაში ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. რეკორდული სიცხისა და გვალვის ფონზე ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში ხანძრებს ათასობით მეხანძრე ებრძვის, ათიათასობით ადამიანი კი უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანეს.

ესპანეთი – „ეს ხანძარი ისტორიაში ყველაზე უარესია“

ესპანეთის ხელისუფლებამ მადრიდის რეგიონსა და ავილის პროვინციაში მძვინვარე ტყის ხანძრების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ხანძრებმა დასახლებულ პუნქტებს საფრთხე შეუქმნა და ცეცხლის რამდენიმე კერა სწრაფად გავრცელდა. ქვეყნის ხელისუფლებამ ხანძრებთან საბრძოლველად სამხედრო ძალებიც ჩართო.

ხანძრების ნაწილი მადრიდის დასავლეთით მდებარე დასახლებებს ემუქრება. ხელისუფლების ცნობით, რამდენიმე კერის კონტროლი ჯერ კიდევ ვერ ხერხდება, თუმცა საგანგებო სამსახურებმა ნაწილობრივ შეძლეს ცეცხლის გავრცელების შეჩერება. რეგიონიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. მადრიდის თემის პრეზიდენტის, ისაბელ დიას აიუსოს თქმით, მადრიდის რეგიონში მძვინვარე ხანძარი „ისტორიაში ყველაზე უარესია“.

მოსალოდნელია, რომ ესპანეთის ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა 44 გრადუს ცელსიუსამდე აიწევს, რაც ხანძრების გავრცელების რისკს კიდევ უფრო ზრდის.

საფრანგეთმა ევროკავშირის დახმარება ითხოვა

ტყის ხანძრებს საფრანგეთიც ებრძვის. ვითარება უკიდურესად დაძაბულია ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, ჟირონდის დეპარტამენტში, სადაც ხანძარმა 19 000 ჰექტარზე მეტი მოიცვა, რის გამოც დაახლოებით 110 000-მა ადამიანმა თავისი საცხოვრებელი ადგილი დატოვა.

ხანძარი სომოსში (Saumos) სამშაბათს, 21 ივლისს დაიწყო და ლე-პორჟისა და ლე-კაპ-ფერეს რაიონებში გავრცელდა, შემდეგ კი – აღმოსავლეთით, ბორდოს აგლომერაციისკენ. ბორდოში ევაკუირებულების განთავსებისთვის „ექსპოზიციების პარკი“ გახსნეს.

დღეს საფრანგეთში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა: სამხრეთ-დასავლეთში მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება, მათ შორის, ბორდოს მიმდებარე ტერიტორიებიდან. აიანის, ეიზინისა და მერინიაკის მცხოვრებლები ხელისუფლებამ გააფრთხილა, დაუყოვნებლივ დატოვონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები დაგეგმილი საევაკუაციო მარშრუტებით.

ხანძარი მძვინვარებს საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშიც – ვარის დეპარტამენტში, სადაც ცეცხლი სოფლების – კორენისა და მონფორ-სიურ-არჟანის მიმართულებით გავრცელდა. ხანძრის წინააღმდეგ დაახლოებით 800 მეხანძრე იბრძვის, მათ საჰაერო ტექნიკაც ეხმარება.

საფრანგეთმა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ამოქმედება ითხოვა. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ხანძრების ჩაქრობაში დასახმარებლად საფრანგეთში ორი Canadair-ის ტიპის სახანძრო თვითმფრინავი ხორვატიიდან, ორი Air Tractor-ის ტიპის თვითმფრინავი პორტუგალიიდან და ორი მძიმე Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენი ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან ჩავა. შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის განცხადებით, ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში საფრანგეთის დასახმარებლად სახანძრო თვითმფრინავებს შვედეთიც გაგზავნის.

მაკრონმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, აგრეთვე, პატივი მიაგო ორ მეხანძრეს, რომლებიც 21 ივლისს ბორდოს მახლობლად, მერინიაკში ხანძრის ჩაქრობისას დაიღუპნენ.

იტალიაში ყველაზე რთული ვითარება სიცილიაზეა

იტალიაში ხანძრებს სიცილიაზე დაახლოებით 6 000 მეხანძრე, ტყის დაცვის სამსახურის თანამშრომელი და სამოქალაქო დაცვის წარმომადგენელი ებრძვის.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ყველაზე რთული ვითარებაა კაზაბოლიში, ბივონაში, ალიმენაში, სან-კატალდოში, გალატი-მამერტინოში, მადონიის რეგიონული ბუნებრივი პარკის ცალკეულ ნაწილებსა და სირაკუზის რაიონში.

სან-კატალდოში კვირის დასაწყისში ხანძრის ჩაქრობისას 59 წლის მეხანძრე-მაშველი ალესანდრო მარკი დაიღუპა და ერთი მეხანძრე დაშავდა. აგრეთვე, საჭირო გახდა რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ დაღუპული მაშველის ხსოვნას პატივი მიაგო.

საგანგაშო სტატისტიკა

ევროპის ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2026 წლის დასაწყისიდან 22 ივლისამდე ევროკავშირის ქვეყნებში ხანძრებმა 254 388 ჰექტარი გაანადგურა. ეს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირში ხანძრების შედეგად დამწვარი ფართობის უკვე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სამხრეთ ევროპაში ხანძრების მასშტაბს ამძაფრებს ხანგრძლივი სიცხე, გვალვა და ძლიერი ქარი. სინოპტიკოსები და საგანგებო სამსახურები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მაღალი ტემპერატურისა და გამხმარი მცენარეულობის პირობებში ხანძრის გავრცელების საფრთხე კვლავ მაღალია.

ხანძრის საფრთხე დიდია საბერძნეთშიც. ქვეყნის ხელისუფლებამ 25 ივლისისთვის ცალკეულ რეგიონში, მათ შორის, სამხრეთ ეგეოსის კუნძულებზე ხანძრის საფრთხის მე-4, ძალიან მაღალი დონე გამოაცხადა.

ნინო ხოშტარია

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close