იტალიაში უცხოელებისთვის ოჯახის გაერთიანების წესების შეცვლის საკითხი განიხილება. ცვლილებების მიზანია, გარკვეული კატეგორიის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს ოჯახის წევრების იტალიაში ჩაყვანა გაუადვილდეთ და ამისთვის ორწლიანი ლოდინი აღარ დასჭირდეთ.
თემა განსაკუთრებით საინტერესოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იტალიაში სამუშაოდ გადასვლას ან უკვე დასაქმებას გეგმავენ და პარალელურად ოჯახის ჩამოყვანის საკითხიც აწუხებთ. თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია: ორი წლის მოთხოვნა ყველა უცხოელს არ ეხება და ზოგიერთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტისთვის გამონაკლისი უკვე მოქმედებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი ორი წელი?
იტალიამ 2024 წელს ოჯახის გაერთიანების წესები გაამკაცრა. ზოგადი წესის მიხედვით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ოჯახის წევრების ჩამოყვანა სურს, ოჯახის გაერთიანების მოთხოვნის წარდგენამდე იტალიაში მინიმუმ ორი წლის განმავლობაში კანონიერად და უწყვეტად უნდა ცხოვრობდეს.
ეს, ბუნებრივია, უცხოელი მუშაკებისთვის მნიშვნელოვანი შეზღუდვაა, თუმცა კანონი თავიდანვე ითვალისწინებდა გამონაკლისებს.
მათ შორის არიან EU Blue Card-ის მფლობელები და ICT-ის ფარგლებში იტალიაში ჩამოყვანილი თანამშრომლები. იტალიის სახელმწიფო პორტალი Integrazione Migranti განმარტავს, რომ მათზე ორწლიანი ლოდინის მოთხოვნა არ ვრცელდება.
EU Blue Card – ვინ არის გამონაკლისი?
ევროკავშირის ლურჯი ბარათი, ანუ EU Blue Card, მაღალკვალიფიციური უცხოელი სპეციალისტებისთვის განკუთვნილი ბინადრობისა და მუშაობის სპეციალური მექანიზმია.
მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა სწორედ ოჯახის გაერთიანებას უკავშირდება: Blue Card-ის მფლობელს იტალიაში ოჯახის წევრების ჩამოყვანისთვის არ სჭირდება ორი წელი ლოდინი.
ეს ნიშნავს, რომ მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის იტალიაში ოჯახის გაერთიანების შესაძლებლობა ახალი იდეა არ არის. სიახლე ისააა, რომ პარლამენტში განხილული წინადადებები ამგვარი შეღავათიანი რეჟიმის სხვა სპეციალისტებზე გავრცელებასაც ითვალისწინებდა.
ვის შეიძლება აღარ მოუწიოს ლოდინი?
განხილული ცვლილებების მიზანი მაღალკვალიფიციური უცხოელი კადრების მოზიდვის გამარტივებაა.
საუბარი იყო, მათ შორის, საერთაშორისო კომპანიების გარკვეულ მენეჯერებსა და მაღალკვალიფიციურ თანამშრომლებზე, უნივერსიტეტის პროფესორებსა და მკვლევრებზე, დოქტორის ხარისხის მქონე სპეციალისტებსა და სხვა პროფესიონალებზე, რომელთა კვალიფიკაციაც იტალიის შრომის ბაზრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ლოგიკა მარტივია: თუ იტალია უცხოელ სპეციალისტს ქვეყანაში სამუშაოდ იწვევს, მისთვის ოჯახთან ერთად ცხოვრების შესაძლებლობაც სამუშაო შეთავაზების მიმზიდველობის ნაწილია.
სწორედ ამიტომ, ოჯახის გაერთიანების პროცედურის გამარტივება შესაძლოა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს საერთაშორისო კომპანიებისთვის, უნივერსიტეტებისა და კვლევითი დაწესებულებებისთვის.
მაგრამ აქაც საჭიროა სიფრთხილე: ყველა მაღალკვალიფიციური თანამშრომელი ავტომატურად არ ხვდება ამ კატეგორიაში. კონკრეტული უფლებები დამოკიდებულია მის ბინადრობისა და სამუშაო სტატუსზე.
ჩვეულებრივ დასაქმებულებზე რა წესი მოქმედებს?
თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე იტალიაში ჩვეულებრივი სამუშაო ნებართვით იმყოფება, მხოლოდ სამსახურის დაწყება ოჯახის დაუყოვნებლივ ჩამოყვანის უფლებას არ ნიშნავს.
ზოგადი წესით, მასზე კვლავ მოქმედებს იტალიაში ორი წლის კანონიერი და უწყვეტი ცხოვრების მოთხოვნა.
გარდა ამისა, ოჯახის გაერთიანებისთვის სხვა პირობების დაკმაყოფილებაც არის საჭირო – მათ შორის, საკმარისი შემოსავალი და შესაბამისი საცხოვრებელი.
ანუ იტალიაში ორი წლის ცხოვრების მოთხოვნის შესრულებაც კი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ოჯახის გაერთიანება დაუყოვნებლივ დამტკიცდება. ხელისუფლება სხვა აუცილებელ პირობებსაც ამოწმებს.
ბოლო წლებში საცხოვრებლის შესაბამისობის კონტროლიც გამკაცრდა. ყურადღება ექცევა არა მხოლოდ ბინის ფართობსა და საცხოვრებელ პირობებს, არამედ იმასაც, რამდენი ადამიანი ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე.
პარალელურად იტალია მიგრაციის კონტროლსაც ამკაცრებს
ოჯახის გაერთიანების გამარტივების შესაძლო ცვლილებების პარალელურად, იტალია მიგრაციის კონტროლის მიმართულებით უფრო მკაცრ წესებს ამოქმედებს.
2026 წლის 9 აგვისტოდან ძალაში შევიდა კანონი №145/2026, რომელმაც 12 ივნისის დეკრეტი №100/2026 დაამტკიცა და ევროკავშირის მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი პაქტის ამოქმედებასთან დაკავშირებული რამდენიმე პროცედურა შეცვალა.
ცვლილებების ნაწილი ეხება იმ უცხოელებს, რომელთა იტალიაში დარჩენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და რომელთა დაბრუნების პროცედურაც მიმდინარეობს.
კერძოდ, გარკვეულ შემთხვევებში საზღვარზე დაჩქარებული პროცედურის ფარგლებში პირის დაკავება 12 კვირამდე შეიძლება გაგრძელდეს. Il Sole 24 Ore–ს განმარტებით, შესაბამისი ვადა განაცხადის რეგისტრაციიდან ითვლება.
გამკაცრდა, ასევე, წესები იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ხელისუფლება მიიჩნევს, რომ არსებობს არალეგალურად მყოფი პირის გაქცევის ან დეპორტაციისთვის ხელის შეშლის რისკი. ასეთ დროს შესაძლებელია დაკავების უფრო მკაცრი ზომების გამოყენება.
ცალკე ყურადღება ეთმობა პირის იდენტიფიცირებასაც.
თუ მიგრანტი უარს ამბობს თითის ანაბეჭდების ან ფოტოს ჩაბარებაზე, მისი გაქცევის რისკის შეფასება უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი და ხელისუფლებას შესაბამისი ზომების მიღება შეეძლება.
ამრიგად, იტალიის ახალი მიგრაციული პოლიტიკა ორ პარალელურ მიმართულებას აერთიანებს: ქვეყნისთვის საჭირო მაღალკვალიფიციური უცხოელი კადრების მოზიდვის გამარტივებას და იმ მიგრანტთა კონტროლის გამკაცრებას, რომელთა დაბრუნებაც იგეგმება.
რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქართველმა ემიგრანტებმა
ქართველებმა უნდა იცოდნენ, რომ: იტალიაში ოჯახის გაერთიანების წესები ყველა უცხოელისთვის ერთნაირი არ არის.
თუ იტალიაში ჩვეულებრივი სამუშაო ნებართვით იმყოფებით, შესაძლოა ოჯახის ჩამოსაყვანად ორი წელი ლოდინი დაგჭირდეთ. ხოლო თუ EU Blue Card-ს ფლობთ ან კანონით გათვალისწინებულ სხვა სპეციალურ კატეგორიას მიეკუთვნებით, შეიძლება ამ მოთხოვნისგან გათავისუფლდეთ.
ამიტომ იტალიაში სამუშაოდ გადასვლისას მხოლოდ ხელფასის ან სამუშაოს ტიპის ცოდნა არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია წინასწარ გაირკვეს, რა ტიპის ბინადრობის ნებართვას მიიღებთ და რა უფლებებს გაძლევთ ის ოჯახის გაერთიანების შემთხვევაში.
ამასთან, პარლამენტში განხილული ყველა ცვლილება ავტომატურად არ ნიშნავს უკვე მოქმედ ახალ წესს. ამიტომ კონკრეტული კატეგორიისთვის „ორი წლის ლოდინის გაუქმება“ მხოლოდ მაშინ უნდა ჩაითვალოს მოქმედ უფლებად, როდესაც შესაბამისი ცვლილება საბოლოოდ იქნება მიღებული და ძალაში შევა.
ამიტომ, თუ იტალიაში სამუშაოდ წასვლას აპირებთ და ოჯახის ჩაყვანასაც გეგმავთ, ეს საკითხი ჯერ კიდევ სამშობლოში ყოფნისას გაარკვიეთ: რომელი ბინადრობის ნებართვა გექნებათ და მოგცემთ თუ არა ის ოჯახის დაუყოვნებლივ გაერთიანების შესაძლებლობას.
ნინო ხოშტარია



