პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

Amnesty International 2026: რა ხდება ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში

ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა უფლებადამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ Amnesty International-მა 21 აპრილს გამოაქვეყნა ახალი ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ – The State of the World’s Human Rights: April 2026. კვლევა მოიცავს 2025 წლის მოვლენებს 144 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში და ერთმანეთთან აკავშირებს გლობალურ და რეგიონულ პროცესებს, ასევე, მიმოხილულია მომავალი გამოწვევები.

ახალ ანგარიშში შეფასებულია ადამიანის უფლებების მდგომარეობა გლობალურ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე. დოკუმენტი ასახავს ფართო სპექტრის ტენდენციებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, დისიდენტების რეპრესიას, დისკრიმინაციას, ეკონომიკურ და კლიმატურ უსამართლობას, ჰუმანიტარული დახმარების შემცირებას და ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენებას.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ბოლო პერიოდში რიგმა სახელმწიფომ დაასუსტა ადამიანის უფლებების საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული სისტემა, ეს ართულებს იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებიც მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.

მდგომარეობა საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ

Amnesty International-ის ახალი, 2026 წლის აპრილის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. დოკუმენტი მიუთითებს სისტემურ ტენდენციაზე, რომელიც მოიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ზეწოლას და სამართლებრივი ინსტიტუტების პოლიტიზებას.

ანგარიშის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში სახელმწიფო პოლიტიკა სულ უფრო მეტად მიმართული იყო განსხვავებული აზრის ჩახშობისკენ – განსაკუთრებით პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური აქტორების მიმართ.

პროტესტი და მისი ჩახშობა

ანგარიშის თანახმად, 2024 წლის ბოლოს დაწყებული საპროტესტო ტალღა – რომელიც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის [2028 წლამდე] შეჩერების გადაწყვეტილებას მოჰყვა – 2025 წლის განმავლობაშიც გაგრძელდა.

დემონსტრაციები, ძირითადად, მშვიდობიანი იყო, თუმცა სამართალდამცავები მათზე ხშირად არაპროპორციული ძალის გამოყენებით რეაგირებდნენ, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ჟურნალისტები.

ამნესტის შეფასებით, ძალის გამოყენება ხშირად უკანონო იყო და თავად უწყობდა ხელს დაძაბულობის ესკალაციას.

რეპრესიული კანონმდებლობა და სამართლებრივი ზეწოლა

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეზღუდა შეკრების თავისუფლება. ახალი წესებით, მშვიდობიანი პროტესტის ფორმებიც კი – მაგალითად, სახის დაფარვა ან გზის გადაკეტვა – მკაცრი სანქციების საფუძველი გახდა.

2024 წლის ბოლოს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გაამკაცრა სანქციები და სამართალდამცავ ორგანოებს გაფართოებული უფლებამოსილებები მიანიჭა, რაც, Amnesty International-ის შეფასებით, ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებოდა – მაგალითად, სამედიცინო ნიღბის ტარებაზე ან გზის გადაკეტვაზე მაღალი ჯარიმები დაწესდა.
2025 წლის 17 ოქტომბერს მიღებულმა ახალმა საკანონმდებლო პაკეტმა კიდევ უფრო შეზღუდა შეკრების თავისუფლება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვერც სასამართლო სისტემა უზრუნველყოფდა სამართლიან პროცესს – ხშირი იყო გირაოს უარყოფა, არასაკმარისი მტკიცებულებები და პროცესუალური დარღვევები.

ძალადობა, დაკავებები და დაუსჯელობა

ანგარიშში აღწერილია შემთხვევები, როდესაც დაკავებული პირები ფიზიკურ ძალადობასა და არასათანადო მოპყრობას განიცდიდნენ. დოკუმენტის მიხედვით, ასევე ფიქსირდება არასახელმწიფო სუბიექტების მიერ ჩადენილი ძალადობა – ხშირად სამართალდამცავთა თანხმობით ან მათი უმოქმედობის შედეგად.

მიუხედავად მრავალრიცხოვანი ბრალდებისა, 2025 წლის წლის ბოლომდე (როგორც აღვნიშნეთ, კვლევა მოიცავს 2025 წლის პერიოდს) არცერთი სამართალდამცავი პირი არ დასჯილა, რაც ანგარიშის ავტორების შეფასებით, დაუსჯელობის პრაქტიკას აძლიერებს.

ზეწოლა მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე

ანგარიშის თანახმად, სამოქალაქო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია სისტემური ზეწოლის ქვეშ მოექცა. მათ წინააღმდეგ გამოიყენებოდა როგორც სამართლებრივი მექანიზმები, ისე ფინანსური ინსტრუმენტები – როგორიცაა, მაგ., ანგარიშების გაყინვა და რეგულაციური ბარიერები.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციებს დამატებითი კონტროლი და სანქციების რისკი შეექმნათ, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავდა მათ საქმიანობას.

ქალთა მიმართ ძალადობა

ანგარიშში ცალკე ხაზგასმულია ქალ დემონსტრანტებზე ძალადობის შემთხვევები. დოკუმენტის თანახმად, ისინი ხშირად ხდებოდნენ გენდერული ძალადობის, შეურაცხმყოფელი მოპყრობისა და დამამცირებელი შემოწმებების (მაგ., სრულად გაშიშვლება დაკავებისას) მსხვერპლი. 2025 წლის ივნისში მთავრობამ პირობა დადო, რომ ამგვარი პრაქტიკა შეწყდებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ვრცელდებოდა ინფორმაცია მსგავს პრაქტიკაზე – მაგ., სექტემბერში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ელენე ხოშტარიამ, განაცხადა, რომ დაკავებისას იზოლატორში იგი სრულად გააშიშვლეს მისი პროტესტის მიუხედავად.

ამასთან, მაღალი თანამდებობის პირების რიტორიკა, Amnesty International-ის შეფასებით, კიდევ უფრო უწყობდა ხელს ასეთ პრაქტიკებს.

მზია ამაღლობელის საქმე

უფლებადამცველი ორგანიზაცია ცალკე გამოყოფს ჟურნალისტ მზია ამაღლობელი საქმეს და წერს, რომ მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს ბათუმში ორჯერ დააკავეს.

პირველად იგი საპროტესტო სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს.

გათავისუფლების შემდეგ კი კვლავ დააკავეს – პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის ბრალდებით.

მზია ამაღლობელს უარი უთხრეს გირაოზე. სასამართლო პროცესი [უფლებადამცველთა მიერ] უსამართლოდ შეფასდა.

5 აგვისტოს ჟურნალისტს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პატიმრობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

Amnesty International-ის დასკვნა და მთავარი გზავნილი

Amnesty International-ის შეფასებით, საქართველოში 2025 წელს დემოკრატიული სივრცე მკვეთრად შევიწროვდა.

ორგანიზაციის ანგარიშის მთავარი გზავნილი მიუთითებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზება, რეპრესიული კანონმდებლობა და სამართალდამცველთა დაუსჯელობა ქმნის გარემოს, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები სისტემურად ირღვევა.

დოკუმენტში ასევე მოცემულია გაფრთხილება, რომ თუ ზემოაღნიშნული ტენდენციები არ შეიცვლება, შესაძლოა კიდევ უფრო გააღრმავდეს დემოკრატიული უკუსვლა, რაც ქვეყნის საერთაშორისო პოზიციაზე ნეგატიურად აისახება.

ნიკო აბაშიშვილი

p. s. Amnesty International-ი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც 1961 წელს დაარსდა. სათავო ოფისი მდებარეობს ლონდონში, დიდ ბრიტანეთში. ორგანიზაცია მუშაობს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და დარღვევების გამოვლენაზე მსოფლიო მასშტაბით, ატარებს დამოუკიდებელ კვლევებს და ახორციელებს ადვოკატირებას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მაისში რუსეთმა „ამნესტი ინტერნეშენალი“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება მასთან კავშირში მყოფ პირებს რუსეთში ხანგრძლივი პატიმრობის რეალურ საფრთხეს უქმნის.

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close