თიკა რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

კულტურის მინისტრმა თიკა (თინათინ) რუხაძემ თანამდებობა დატოვა. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.
„პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დამჭირდება მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას. კულტურა არის სფერო, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას მოითხოვს. ვწუხვარ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დავუთმო იმ საქმეს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.
მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობა მთავრობის თითოეულ წევრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს უჭერდა ჩვენს წამოწყებებს. განსაკუთრებული მადლობა კულტურის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისა და ერთგული სამსახურისთვის.
ვრჩები თქვენს გულშემატკივრად და გისურვებთ წარმატებებს“, – ნათქვამია თიკა რუხაძის განცხადებაში.
თიკა რუხაძე კულტურის მინისტრად 2024 წლის 18 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაინიშნა.



