ნობელის კომიტეტის განცხადებით, 2020 წელს ნობელის პრემია მედიცინისა და ფიზიოლოგიის სფეროში მიენიჭათ მკვლევარებს, რომლებმაც C ჰეპატიტის ვირუსი აღმოაჩინეს და ამ დაავადებასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
ლაურეატების ვინაობა სტოკჰოლმში 5 ოქტომბერს გამოცხადდა.
მედიცინის დარგში ნობელიანტები 2020 წელს გახდნენ ამერიკელი მკვლევარები – ჰარვი ოლტერი და ჩარლზ პაისი და ბრიტანელი მეცნიერი მაიკლ ჰოუტონი.
ნობელის კომიტეტის თანახმად, ამ მეცნიერთა საქმიანობის შედეგად ქრონიკული ჰეპატიტის მიზეზები დადგინდა და შემუშავდა პრეპარატები, რომელთა საშუალებითაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი.
ნობელის 119-ე კვირა 5 ოქტომბერს დაიწყო ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ლაურეატების დასახელებით და 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 6 ოქტომბერს სტოკჰოლმში დაასახელებენ ლაურეატებს ფიზიკაში, 7 ოქტომბერს – ქიმიაში, 8 ოქტომბერს – ლიტერატურაში, 9 ოქტომბერს ცნობილი გახდება მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატ(ებ)ი – ეს ინფორმაცია, ტრადიციისამებრ, ოსლოში გამოცხადდება, ეკონომიკური მეცნიერებების დრგში გამარჯვებულს კი 12 ოქტომბერს დაასახელებენ.
რაც შეეხება პრემიების გადაცემას, ტრადიციული დეკემბრის ღონისძიება ტელეტრანსლაციის ფორმატში წარიმართება. იგეგმება, რომ მშვიდობის ნობელის პრემიას ოსლოში ლაურეატს პირისპირ გადასცემენ, თუმცა კორონავიურის პანდემიის გამო ნაკლებად მასშტაბური ღონისძიება ჩატარდება.
2020 წელს ნობელის პრემიის თანხა თითოეულ სფეროში 10 მლნ შვედური კრონი (1,1 მლნ-მდე აშშ დოლარი) იქნება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები