მოგზაურობაიტალია

იტალია ციცის ობიექტივში: ყველაზე მზიანი სამთო კურორტი ალპებში და შოპინგისთვის საუკეთესო ადგილი (ფოტო/ვიდეო)

ლივინიო (Livigno, სონდრიოს პროვინცია, ლომბარდია) ერთ-ერთი ყველაზე მზიანი სამთო კურორტია ალპებში, იტალიის ჩრდილოეთით, შვეიცარიის საზღვართან. ის ორი ეროვნული პარკის სიმწვანეშია ჩაფლული – იტალიური სტელვიოსა და შვეიცარიული ენგადინის. კურორტი ზღვის დონიდან 1816 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სეზონი აქ უფრო ადრე იწყება და უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე სხვა სამთო-სათხილამურო კურორტებზე. ადგილობრივების ერთი ნაწილი ზამთარში დიდთოვლობის გამო სახლებს ტოვებს და ქალაქში გადადის გამოსაზამთრებლად.

კურორტზე კლასიკური ალპური კლიმატია: ბევრი მზე და მდგრადი თოვლის საფარი ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით. რადგან ქალაქი მთებით გარშემორტყმულ ველზე მდებარეობს, აქ თითქმის არასდროს იცის ძლიერი ქარი.

კურორტი იმითაც გამოირჩევა, რომ აქ ვაჭრობა გადასახადებით არ იბეგრება, ლივინიო ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან არის გადასახადებისგან თავისუფალი ზონა, ამიტომ ყველაფერი შედარებით იაფია, ვიდრე სხვაგან.

ლივინიო სნოუბორდის თუ თხილამურებით სრიალის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი ადგილია, თუმცა დღეს აქ ადამიანები არა მარტო სასრიალოდ, არამედ შოპინგისთვისაც ჩამოდიან. ქალაქის ცენტრალური ქუჩა მთლიანად პატარა მაღაზიების რიგს წარმოადგენს. ცნობილი ბრენდების სპორტული აღჭურვილობიდან დაწყებული, ძვირფასი სუნამოებითა და ალკოჰოლით დამთავრებული – აქ ყველაფერი შეგიძლიათ გაცილებით იაფად იყიდოთ. ცნობილი ბრენდების ჩანთებსა და ფეხსაცმელს ევროპაში სხვაგან ვერსად ნახავთ ასეთ ფასად.

ერთი რამ გასათვალისწინებელია: კანონით, მხოლოდ ადგილობრივ მაცხოვრებლებს აქვთ ულიმიტოდ ყველაფრის შეძენის უფლება, სხვებისთვის კი გარკვეული ლიმიტი არსებობს, თუმცა მესაზღვრეები უმეტესად თვალს ხუჭავენ ზედმეტ შენაძენზე და კეთილი ღიმილით გაცილებენ.

ლივინიოში სექტემბერშიც შეგიძლიათ დატკბეთ მონატრებული თოვლით და, ამავდროულად, ადრეული შემოდგომის თბილი მზით. პირბადეები ხანდახან, სიცივიდან გამომდინარე, აქ კომფორტულიც კი ხდება.

ეს ფოტოებიც სექტემბრის ბოლო კვირა დღეს არის გადაღებული – როცა იტალიის ზოგ ადგილას ჯერ კიდევ ზაფხულის სიცხე იყო, ლივინიოში ღამის ყინვამ ყვავილები ლოლოებში გაახვია. მიუხედავად იმისა, რომ საბაგიროები და სასრიალო ტრასები ჯერ კიდევ დაკეტილია, საკმაო ხალხი იყო – იგრძნობოდა ახალი სეზონის დაწყების მოლოდინი.

ლივინიოსთან უახლოესი დიდი დასახლებული პუნქტი – ბორმიო 35 კმ-შია.

მილანის აეროპორტიდან ლივინიომდე 220 კმ-ია, ციურიხიდან – 210 კმ, მიუნხენიდან – 250 კმ, ხოლო ისნბრუკიდან – 180 კმ.

მილანიდან ლივინიოში ჩასვლა მოსახერებელია დაქირავებული ავტომობილით.

მილანიდან მატარებლით ლივინიომდე 6 საათის გზაა, ბილეთი 50 ევრო ღირს.

ციცი ხაბელაშვილი

ავტორის ფოტოები და ვიდეო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close