პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთი პანდემიის მეორე ეტაპზე გადადის – სამთავრობო გეგმის დეტალები ცნობილია

4 მაისიდან მორწმუნეთათვის ეკლესიები გაიღება

დღეს, საღამოს 6 საათზე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ქვეყნის მოქალაქეებს მიმართა. დასაწყისში მან მადლობა გადაუხადა საზოგადოებას პანდემიის პირობებში გამოჩენილი პასუხიმგებლობისთვის.

მიცოტკისმა აღნიშნა, რომ საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ერთად გადაწყვიტეს, გაეჩერებინათ ეკონომიკა, რათა ადამიანთა სიცოცხლე გადაერჩინათ და მიზანსაც მიაღწიეს.

ყველანი დავშორდით ჩვენს საყვარელ ადამიანებს, რათა დაგვეცვა ისინი, არ წავედით ეკლესიაში, რათა არ დაგვეშვა ეპიდემიის გავრცელება, განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, ამავე დროს, ვირუსის გავრცელების პერიოდში სახელმწიფო მექანიზმმა თავისი ეფექტიანობა გამოავლინა: დაიხვეწა სახელმწიფო მომსახურების ციფრული სისტემა, განვითარდა დისტანციური სწავლების მეთოდები, გაძლიერდა ჯანმრთელობის დაცვის სამსახურები. ყოველივე ეს კი სამომავლოდ ხელს შეუწყობს პროგრესს საბერძნეთში.

კირიაკოს მიცოტაკისის აზრით, ქვეყანას შეუძლია გადავიდეს შემდეგ ეტაპზე. ამ ეტაპზე აუცილებელია პირადი უსაფრთხოების ზომების დაცვა და შეუძლებელია წარსული ცხოვრების დაბრუნება. შეზღუდვების გაუქმება ნელ-ნელა, დიდი სიფრთხილით მოხდება. მთავრობამ ამ მიზნით გეგმა შეიმუშავა.

აღნიშნული გეგმის მიხედვით, ორშაბათიდან, 4 მაისიდან უქმდება გადაადგილების შეზღუდვა. შესაბამისად, აღარ იქნება საჭირო დროებითი ნებართვები, რომლებიც აქამდე მოქმედებდა, თუმცა ეს ეხება მხოლოდ საცხოვრებელი რეგიონის ფარგლებში გადაადგილებას. სულ ცოტა, კიდევ ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს შეზღუდვები დიდ მანძილზე გადაადგილებასთან დაკავშირებით.

4 მაისიდან მუშაობას დაიწყებენ ზოგიერთი სახის, კერძოდ, წიგნის, სპორტული და ელექტრონული საქონლის მაღაზიები. საპარიკმახეროები იმუშავებენ წინასწარი ჩაწერის, რანდევუს საფუძველზე. 11 მაისს გაიხსნება საცალო ვაჭრობის სხვა მაღაზიები, გარდა დიდი სავაჭრო ცენტრებისა. დიდი სავაჭრო ცენტრების გახსნა 1-ლი ივნისიდან იგეგმება. მაღაზიებში შეზღუდული იქნება კლიენტთა კონცენტრაცია და თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.

4 მაისიდან გაიღება ეკლესიები მორწმუნეთათვის, თუმცა ლიტურგია მოგვიანებით, 17 მაისიდან აღდგება. საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი და ექიმები უსაფრთხოების წესებზე შეთანხმდებიან.

11 მაისს სწავლა დაიწყება ლიცეუმის მესამე, დამამთავრებელ კლასში; 18 მაისს სწავლა განახლდება ლიცეუმის პირველ და მეორე კლასებში, ასევე, გიმნაზიის სამივე კლასში. დაწესდება განსაკუთრებული რეგულაციები, რათა თავიდან იქნას აცილებული ბევრი მოსწავლის ერთ საკლასო ოთახში თავმოყრა. დისტანციური სწავლება გაგრძელდება და მას დამხმარე ფუნქცია ექნება.

დაწყებითი სკოლის ექვსივე კლასი და საბავშვო ბაღები ჯერჯერობით არ იხსნება. თუ შესაბამისი უსაფრთხო პირობები შეიქმნება, შესაძლოა აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებებში სწავლა პირველ ივნისს განახლდეს.

პირველ ივლისს გაიხსნება რესტორნები და ის სასტუმროები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებენ. ივნისის შუა რიცხვებში, სიტუაციის მიხედვით, აღდგება სხვა სახის ბიზნესაქტივობებიც. შესაძლოა ორგანიზატორებს სპორტული ღონისძიებებისა და ფესტივალების გამართვის ნებაც დართონ.

გიორგი ჯანელიძე

წყარო

p. s. ამ დროისთვის საბერძნეთსი დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსით – SARS-CoV-2-ით ინფიცირების 2556 შემთხვევა (გასულ 24 საათსი 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა), გარდაიცვალა 128 პაციენტი (+2), გამოჯანმრთელდა 577. ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 40 პაციენტია მოთავსებული.

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საბერძნეთში 26 თებერვალს გამოვლინდა თესალონიკში. 38 წლის ქალს ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.

COVID-19-ით გარდაცვალების პირველი ფაქტი საბერძნეთში 23 მარტს დაფიქსირდა.

საბერძნეთში კორონავირუსის ეპიდემიის გამო 23 მარტიდან შეზღუდვები ამოქმედდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close