fbpx
ეკონომიკაიტალია

გენუაში ჩანგრეული ხიდის მაგივრად, რომელმაც 43 ადამიანი იმსხვერპლა, ახალი აიგო (ვიდეო)

ასეთი ტრაგედია აღარასდროს უნდა განმეორდეს - კონტე

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ და გენუის მერმა მარკო ბუჩიმ დღეს, 28 აპრილს მონაწილეობა მიიღეს გენუის ვიადუკის მშენებლობის სტრუქტურული ფაზის დასრულების ცერემონიაში. გენუის ახალი ვიადუკი 2018 წელს ჩანგრეული მორანდის ხიდის ადგილას აიგო. ამის შესახებ Ansa წერს.

სამუშაოები არ შეჩერებულა საერთოეროვნული კარანტინის დროსაც კი და 1,1 კმ სიგრძის ხიდის მშენებლობის სტრუქტურული ფაზა უმოკლეს დროში, 7 თვეში დასრულდა.

„ეს პროექტი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია იტალიას განსაცდელის გადალახვა“, – განაცხადა ჯუზეპე კონტემ. მისი თქმით, ტრაგედია, რომელიც ამ ადგილას მოხდა, აღარასდროს უნდა განმეორდეს.

ლიგურიის პრეზიდენტის, ჯოვანი ტოტის თქმით კი, ახალი ხიდი არის სიმბოლო იტალიის „რესტარტისა“ კორონავირუსის lockdown-ის შემდეგ.

2018 წლის აგვისტოში დიდი უბედურება მოხდა – გენუაში (ლიგურიის რეგიონი) მორანდის ხიდი ჩაინგრა, რის შედეგადაც 43 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 4 ბავშვი. მომხდართან დაკავშირებით ეჭვმიტანილია 71 ადამიანი – მათი უმეტესობა იმ კერძო კომპანიების თანამშრომელია, რომლებიც იტალიის გზებს ოპერირებას უწევენ. მათ ბრალი ედებათ მონაცემთა გაყალბებასა და არაწინასწარ განზრახულ მკვლელობაში. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

გენუის მერის, მარკო ბუჩის თქმით, რომელიც მშენებლობას უწევს ზედამხედველობას, ხიდი ჯერ ბოლომდე არ არის დამთავრებული. გენუელი არქიტექტორის, რენცო პიანოს პროექტით, ასაგებია იალქნები, რომლებიც იტალიის ამ ჩრდილოდასავლური საპორტო ქალაქის დიდი საზღვაო კულტურული მემკვიდრეობის სიმბოლური გამოსახულება იქნება.

ჩანგრეული ხიდი გასული წლის ივნისში ააფეთქეს. ნახეთ შთამბეჭდავი კადრები.

ნინო ბაჯელიძე

ამავე თემაზე: გენუაში მორანდის ხიდი ააფეთქეს (ვიდეო)

გენუაში ჩამონგრეული ხიდის ადგილას ახალი ვიადუკის მშენებლობა დაიწყო

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close