საბერძნეთში სეზონური დახმარების განაცხადების მიღება დაიწყო – ვის რამდენი ეკუთვნის
დახმარების ოდენობა 719-იდან 1438 ევრომდეა სხვადასხვა პროფესიისა და პირობების მიხედვით

საბერძნეთში სეზონურად დასაქმებული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა: 10 სექტემბერს 2026 წლის სპეციალური სეზონური დახმარების (Ειδικό Εποχικό Βοήθημα) განაცხადების მიღება დაიწყო. საბერძნეთის დასაქმების სამსახური DYPA შესაბამისი პროფესიისა და პირობების მქონე ადამიანებს ერთჯერადად 719-იდან 1438 ევრომდე გადაუხდის.
განაცხადების ელექტრონულად შეტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ნოემბერი, 14:00 საათამდე.
ეს დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ტურიზმისა და კვების სფეროში, მშენებლობაში ან სხვა სეზონურ სამუშაოზეა დასაქმებული და წლის განმავლობაში დასაქმების ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გრძელდება სეზონი.
როგორ უნდა შეიტანოთ განაცხადი
განაცხადის ელექტრონულად შეტანა შესაძლებელია სახელმწიფო პორტალ gov.gr-ზე.
ამისთვის უნდა გაიაროთ შემდეგი ნაბიჯები:
„სამუშაო და დაზღვევა“ (Εργασία και ασφάλιση) → „უმუშევრობა“ (Ανεργία) → „DYPA-ს სპეციალური სეზონური დახმარება“ (Ειδικό εποχικό βοήθημα ΔΥΠΑ).
განაცხადის შეტანა 23 სექტემბრიდან მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებში – ΚΕΠ-შიც იქნება შესაძლებელი.
მნიშვნელოვანია, რომ დახმარების გასაფორმებლად DYPA-ს ადგილობრივ განყოფილებებში (ΚΠΑ2) მისვლა საჭირო არ არის.
ეს ჩვეულებრივი უმუშევრობის დახმარება არ არის
სპეციალური სეზონური დახმარება ჩვეულებრივი უმუშევრობის შემწეობისგან განსხვავებული ყოველწლიური სახელმწიფო პროგრამაა.
მისი მიზანია იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც ისეთ სფეროებში მუშაობენ, სადაც დასაქმება სეზონზე, შეკვეთების რაოდენობაზე ან სამუშაოს ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.
ამიტომ დახმარების მისაღებად კრიტერიუმი არ არის, რომ ადამიანი მთელი წლის განმავლობაში უმუშევარი იყოს. ამ შრემთხვევაში მთავარია მისი პროფესია, სავალდებულო დაზღვევა e-EFKA-ში და 2025 წლის განმავლობაში დაგროვებული სადაზღვევო სამუშაო დღეების რაოდენობა.
სეზონური დახმარების მიღების პირობები ჩვეულებრივი უმუშევრობის დახმარებისგან განსხვავებულია.
ვის შეუძლია მიიღოს დახმარება
პროგრამა ვრცელდება საბერძნეთში დასაქმებულ ადამიანებზე, რომლებიც ექვემდებარებიან e-EFKA-ს სავალდებულო დაზღვევას და მათი სამუშაო კანონით განსაზღვრულ პროფესიულ კატეგორიებს განეკუთვნება.
მათ შორის არიან:
- მშენებლობის მუშაკები, კარიერებისა და კირის წარმოების მუშაკები;
- აგურის, კრამიტისა და კერამიკის მწარმოებლები;
- ტყის მუშაკები და ფისის შემგროვებლები;
- თამბაქოსა და ფეხსაცმლის წარმოების მუშაკები;
- შესაბამისი პროფესიული კავშირის წევრი მუსიკოსები;
- გემების სარემონტო ზონის მუშაკები;
- მიწის სამუშაოების, ამწეების, საგზაო და საბურღი ტექნიკის ოპერატორები და მათი დამხმარეები;
- მსახიობები და მოცეკვავეები;
- კინოსა და ტელევიზიის ტექნიკური პერსონალი;
- კინომექანიკოსები და მათი დამხმარეები;
- თეატრებისა და კინოთეატრების კონტროლიორები, მოლარეები და ბილეთების გამყიდველები;
- ტურიზმისა და საზოგადოებრივი კვების სფეროს თანამშრომლები;
- ცოცხალი აუდიოვიზუალური ღონისძიებების ტექნიკური პერსონალი;
- ნაქსოსის აბრაზიული ქვის მაღაროების მუშაკები.
დახმარების მიღება შეუძლიათ, ასევე, დროებითი დასაქმების სააგენტოების თანამშრომლებს, რომლებიც ტურიზმისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოებში სამუშაოდ არიან მივლინებულნი. ამ შემთხვევაში საწარმოს საქმიანობის პროგრამის შესაბამის კატეგორიასთან კუთვნილება განისაზღვრება ეკონომიკური საქმიანობის კოდით, რომელიც დასაქმებულის ინდივიდუალურ სადაზღვევო ანგარიშშია მითითებული.
რამდენია სეზონური დახმარება
დახმარების ოდენობა პროფესიისა და 2025 წელს დაგროვებული სადაზღვევო სამუშაო დღეების მიხედვით განისაზღვრება.
€1 064,12 – მშენებლობაზე დასაქმებულებისთვის, კარიერებისა და კირის წარმოების მუშაკებისთვის, თუ მათ 2025 წელს შესაბამის სფეროში 95-იდან 210-მდე სადაზღვევო დღე დაუგროვდათ.
€1006,60 – აგურის, კრამიტისა და კერამიკის წარმოების მუშაკებისთვის, ტყის მუშაკებისთვის, ფისის შემგროვებლებისა და თამბაქოს წარმოების მუშაკებისთვის, თუ მათ 50-იდან 210-მდე სადაზღვევო დღე აქვთ.
€1006,60 — გემების სარემონტო ზონის დაქირავებული მუშაკებისთვის, 2025 წლის განმავლობაში 50-იდან 230-მდე სადაზღვევო დღის არსებობის შემთხვევაში.
€719 – მუსიკოსებისთვის, ფეხსაცმლის წარმოების მუშაკებისთვის, მსახიობებისთვის, კინოსა და ტელევიზიის თანამშრომლებისთვის, თეატრებისა და კინოთეატრების პერსონალისთვის, ტურიზმისა და საზოგადოებრივი კვების სფეროს თანამშრომლებისთვის და პროგრამაში შემავალი სხვა კატეგორიების უმეტესობისთვის.
€1438 – კუნძულ ნაქსოსის აბრაზიული ქვის მაღაროების მუშაკებისთვის, თუ მათ 50-იდან 240-მდე შესაბამისი სადაზღვევო დღე აქვთ.
ტურიზმისა და კვების სფეროსთვის – 75 სადაზღვევო დღე
საბერძნეთში სასტუმროებში, ტურისტულ ობიექტებსა და საზოგადოებრივი კვების სფეროში დასაქმებულებისთვის დახმარების მისაღებად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, რომ 2025 წელს მინიმუმ 75 სადაზღვევო დღე ჰქონდეთ.
ამასთან, ამ დღეებიდან არაუმეტეს 50 უნდა მოდიოდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდზე.
უმეტეს პროფესიულ კატეგორიაში 2025 წელს ყველა სპეციალობის მიხედვით დაგროვებული სადაზღვევო დღეების საერთო რაოდენობა 240-ს არ უნდა აღემატებოდეს.
დახმარების მიღების დროსაც მოქმედებს პირობა
განმცხადებელმა სახელმწიფოს მიერ მისთვის დახმარების გადახდის პერიოდში – 2026 წლის 10 სექტემბრიდან 30 ნოემბრამდე – შესაბამისი პროფესიული კატეგორიის დაქირავებული თანამშრომლის სტატუსი უნდა შეინარჩუნოს.
ეს შეიძლება დადასტურდეს მოქმედი შრომითი ურთიერთობით ან ამ პერიოდში შესაბამის სპეციალობაში დაგროვებული სადაზღვევო დღეებით.
სხვა სფეროში პარალელურად მუშაობა თავისთავად არ ნიშნავს დახმარების დაკარგვას, თუ ადამიანი კვლავ მუშაობს იმ სეზონურ სპეციალობაშიც, რომლის საფუძველზეც დახმარებას ითხოვს.
ვინ ვერ მიიღებს თანხას
მნიშვნელოვანი შეზღუდვა ეხება მათ, ვისაც 2026 წლის 10 სექტემბრიდან 30 ნოემბრამდე ჩვეულებრივი უმუშევრობის დახმარების მიღების უფლება აქვს.
მშენებლობის მუშაკებისთვის აქ გამონაკლისი მოქმედებს: მათ შეუძლიათ ერთდროულად მიიღონ სპეციალური სეზონური დახმარებაც და ჩვეულებრივი უმუშევრობის დახმარებაც, თუ დამოუკიდებლად ორივე პროგრამის პირობებს აკმაყოფილებენ.
ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანმა ჩვეულებრივი უმუშევრობის დახმარების დასანიშნად ცალკე განაცხადი შეიტანა თუ არა – მთავარია, მას ამ დახმარების მიღების უფლება ჰქონდეს.
სეზონური დახმარება ასევე არ დაენიშნებათ:
- ადამიანებს, რომლებიც 2026 წლის 10 სექტემბერს უკვე პენსიონერები იყვნენ;
- მათ, ვინც ამ თარიღისთვის სამხედრო სამსახურს გადიოდა;
- DYPA-ს გარკვეული პროფესიული მომზადების პროგრამების მონაწილეებს, თუ პროგრამის ძირითადი ნაწილი 2026 წელზე მოდის და მათ სასწავლო შემწეობა ეძლევათ;
- 18 წლამდე პირებს. გამონაკლისია მშენებლობის მუშაკები, რომელთათვის მინიმალური ასაკი 15 წელია.
თუ ადამიანი პენსიაზე გავიდა ან სამხედრო სამსახურში 11 სექტემბრიდან შევიდა, მას შეიძლება დახმარების მიღების უფლება შეუნარჩუნდეს, თუ ყველა სხვა პირობას აკმაყოფილებს.
განსაკუთრებული პირობები მშენებლებისთვის
მშენებლობის მუშაკებისთვის პროგრამაში რამდენიმე სპეციალური მოთხოვნა მოქმედებს.
ამ შემთხვევაში დასაქმებულს 2025 წლის განმავლობაში მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებზე უნდა ჰქონდეს ნამუშევარი.
საჭირო 95-იდან 210-მდე (ჩათვლით) სადაზღვევო დღეში უკვე გათვალისწინებულია 20%-იანი დანამატი და შესაბამისი შვებულების დღეები. შესაბამისად, რეალურად ნამუშევარი დღეების რაოდენობა დაახლოებით 73-იდან 163 დღემდე გამოდის.
ასევე, განმცხადებელი 2025 წელს არ უნდა ყოფილიყო სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორი ან ქვეკონტრაქტორი, რომელსაც სამზე მეტი თანამშრომელი ჰყავდა დაქირავებული.
რა დოკუმენტები შეიძლება დაგჭირდეთ
DYPA განმცხადებლების მონაცემების დიდ ნაწილს სახელმწიფო საინფორმაციო სისტემებში თავად ამოწმებს. ამიტომ ყველა შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტების წარდგენა საჭირო არ არის.
მესამე (ევროკავშირის არაწევრი) ქვეყნის მოქალაქეებს შეიძლება დასჭირდეთ მოქმედი ბინადრობის ნებართვა ან მისი გაგრძელების შესახებ განაცხადის დადასტურება, რომელიც ადამიანს შრომის ბაზარზე მუშაობის უფლებას უნარჩუნებს.
მუსიკოსებმა, მოცეკვავეებმა და ცოცხალი ღონისძიებების ტექნიკურმა თანამშრომლებმა შესაძლებელია შესაბამისი პროფესიული კავშირის ცნობა წარადგინონ.
სამშენებლო და ამწე ტექნიკის ოპერატორებს შეიძლება პროფესიული საქმიანობის ნებართვა დასჭირდეთ, ხოლო ოპერატორის დამხმარეებს – შესაბამისი დამხმარის სტატუსით მუშაობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ეს ერთჯერადი 2026 წლის პროგრამა არ არის
სპეციალური სეზონური დახმარება მხოლოდ 2026 წლისთვის შექმნილი ერთჯერადი პროგრამა არ არის. ეს არის სეზონურად დასაქმებული ადამიანების მხარდაჭერის მუდმივი მექანიზმი.
მისი სამართლებრივი საფუძველი, მათ შორის, უკავშირდება 1836/1989 კანონის 22-ე და 37-ე მუხლებს. მოგვიანებით წესები არაერთი საკანონმდებლო აქტით და მინისტრის დადგენილებით შეიცვალა და დაკონკრეტდა.
ამიტომ ყოველწლიურად უნდა შემოწმდეს კონკრეტული წლისთვის მოქმედი მოთხოვნები, სამუშაო დღეების რაოდენობა და სხვა პირობები.
როდის გაიგებთ გადაწყვეტილებას
განაცხადის მიღების შემდეგ DYPA შეამოწმებს სადაზღვევო დღეებს, პროფესიულ კატეგორიას და პროგრამით გათვალისწინებულ სხვა პირობებს.
გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება დასაქმების სამსახურის ელექტრონული სერვისების საშუალებით.
2025 წელს სპეციალური სეზონური დახმარება დაახლოებით 80 000-მა ადამიანმა მიიღო.
მათ, ვინც თვითდასაქმებული იყო და პროფესიული საქმიანობა შეწყვიტა, უნდა გაითვალისწინონ, რომ მათთვის უმუშევრობის ცალკე პროგრამა არსებობს და ის ამ სეზონური დახმარებისგან განსხვავდება.
სეზონური დახმარებისთვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ნოემბერი, 14:00 საათამდე.
ნინო ბაჯელიძე



