იტალიაეკონომიკა

იტალია ზაფხულის დროზე გადადის

შაბათიდან კვირა ღამეს, 2 საათზე ისრები ერთი საათით წინ გადაიწევა

28-იდან 29 მარტის ღამეს (მომავალი შაბათიდან კვირა ღამეს), ღამის 2 საათზე იტალიელები საათის ისარს ერთი საათით წინ გადასწევენ. ზაფხულის დრო 7 თვის განმავლობაში იმოქმედებს – 25 ოქტომბრამდე.

სტატისტიკური მონაცემებით, იტალიამ ბოლო 6 წლის განმავლობაში დროის სეზონური ცვლილებით 900 მილიარდი ევრო დაზოგა, რადგან 6 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიით ნაკლები მოიხმარა, თუმცა, არსებული კვლევების თანახმად, დროის სეზონური ცვლილება ცუდად მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით პირველ დღეებში და ბოლო წლებში, ცხოვრების და მუშაობის წესის ცვლილებასთან ერთად, ეკონომიკური ეფექტიც მნიშვნელოვნად მცირდება.

ევროპარლამენტის მიერ 2018 წლის თებერვალში მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნული იყო, რომ სამეცნიერო კვლევებმა ვერ დაადასტურა ზამთრის და ზაფხულის დროზე გადასვლის რაიმე საბოლოო დადებითი შედეგები, პირიქით, კვლევების თანახმად, საათის ისრის გადაწევა სეზონების მიხედვით უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, სოფლის მეურნეობასა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე.

გასულ წელს ევროპარლამენტმა, შესაბამისი რეზოლუციით, მხარი დაუჭირა ზაფხულის დროდან ზამთრის დროზე სტანდარტიზებული გადასვლის შეწყვეტას და ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა, 2021 წლისთვის მიიღონ გადაწყვეტილება, რომელ დროს აირჩევენ – ზამთრის თუ ზაფხულის.

ევროპული პარლამენტის დადგენილების თანახმად, ქვეყნები, რომლებიც გადაწყვეტენ, ზაფხულის დრო შეინარჩუნონ, ბოლოჯერ გადასწევენ საათის ისრებს 2021 წლის მარტის ბოლო კვირა დღეს, ხოლო ის ქვეყნები, რომლებიც გადაწყვეტენ, ზამთრის დრო შეინარჩუნონ, საათის ისრებს ბოლოჯერ გადასწევენ 2021 წლის  ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს.

ცნობისათვის: იტალიაში პირველად ზაფხულის დრო 1966 შემოიღეს და მაშინ ის მაისის ბოლო კვირა დღიდან სექტემბრის ბოლო კვირა დღემდე გრძელდებოდა – სულ 4 თვის განმავლობაში. ზაფხულის დრო 1981 წლიდან 6 თვემდე გაიზარდა (მარტი-სექტემბერი), კიდევ ერთი თვე კი 1996 წელს დაუმატეს, ევროპის სხვა ქვეყნების შესაბამისად.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close