fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალია: კომისარ ბორელის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

პიკური დღეები მომავალი კვირის დასაწყისამდე გაგრძელდება - ჯანმოს წარმომადგენელი

სამოქალაქო დაცვის სამსახურის უფროსის, კომისარ ანჯელო ბორელის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, მას გრიპი აქვს მსუბუქი ფორმით და სახლიდან გააგრძელებს მუშაობას, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ანსა“ იუწყება სამოქალაქო დაცვის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

როგორც ცნობილია, გუშინ საღამოს კომისარმა თავი შეუძლოდ იგრძნო, სიცხემაც აუწია, ამიტომ სახლში წაიყვანეს და კორონავირუსზე ტესტი გაუკეთეს, პრესკონფერენციას კი მისი მოადგილე წარუძღვა.

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების ტემპი ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად მცირდება. გუშინ 3491 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშიც გაცილებით ცოტა – 93 პაციენტი მოათავსეს.

სამწუხაროდ, გარდაცვლილ ექიმთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა, კიდევ 3 თეთრხალათიანი გარდაიცვალა ბერგამოში, მთლიანობაში ინფიცირებულია 6205 ექიმი. დღეს  რომის მახლობლად, ნეტუნოში აფთიაქარის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.

25 მარტის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსისგან 7503 ადამიანი გარდაიცვალა, მსხვერპლთა რაოდენობა გასული დღე-ღამის განმავლობაში 683-ით გაიზარდა (10%-ით), გამოჯანმრთელდა 9362 ადამიანი (1036-ით მეტი, ვიდრე წინა დღით, 12%-იანი ზრდა). მთლიანობაში დაფიქსირებულია ინფიცირების 74386 შემთხვევა (გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით), რაც 3491-ით მეტია, ვიდრე წინა დღეს (6%-იანი ზრდა).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის მოადგილემ რანიერი გუერამ Radio Capital-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ღრმა რწმენით, იტალიაში კორონავირუსის გავრცელების პიკური დღეები კვირის ბოლომდე – მომავალი კვირის დასაწყისამდე გაგრძელდება და შემდეგ უკვე მნიშვნელოვანი კლება იქნება, რადგან მთავრობის მიერ მიღებული მკაცრი ზომების შედეგები 15-20 დღის შემდეგ უკვე გამოჩნდება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა კიდევ 25 მილიარდ ევროს გამოყოფს ეპიდემიის შედეგების სალიკვიდაციოდ და ბიზნესის და მოქალაქეების დასახმარებლად.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close