მსოფლიოსაზოგადოებასაბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად, ამაღამ ზამთრის დროზე გადავა

რამდენიმე საათში, 27 ოქტომბერს, საბერძნეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები ზამთრის დროზე გადადიან, რაც ნიშნავს, რომ საათის ისრებს ერთი საათით უკან გადასწევენ.

საბერძნეთში საათის ისრების გადაწევა 27 ოქტომბრის დილის 4 საათზე მოხდება და 4 საათის ნაცვლად ისრებს 3 საათზე დააყენებენ – ანუ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები ამაღამ ერთი საათით მეტს იძინებენ. ზამთრის დრო 2020 წლის მარტის ბოლო კვირა დღემდე – 29 მარტამდე იქნება ძალაში და 29 მარტს კი საბერძნეთი (ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები), ზაფხულის დროზე დაბრუნდება. ექსპერტები/მედიკოსები ამტკიცებენ, რომ ახალ დროზე გადასვლის დღეებში ორგანიზმი სტრესს განიცდის  – პაციენტები წნევის სწრაფ ცვლილებას, თავის ტკივილსა და სისუსტეს უჩივიან. მათი მტკიცებით, ახალ დროსთან შესაგუებლად ადამიანებს 2-3 დღე მაინც სჭირდებათ.

როგორც ცნობილია, ევროპულმა პარლამენტმა მიმდინარე წლის 26 მარტს ხმა მისცა ზამთრის და ზაფხულის დროზე სავალდებულო გადასვლის გაუქმებას. 2021 წლიდან ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო დამოუკიდებლად გადაწყვეტს, რომელ დროს აირჩევს – ზაფხულის თუ ზამთრის. ევროპული პარლამენტის დადგენილების თანახმად, ქვეყნები, რომლებიც გადაწყვეტენ, ზაფხულის დრო შეინარჩუნონ, ბოლოჯერ გადასწევენ საათის ისრებს 2021 წლის მარტის ბოლო კვირა დღეს, ხოლო ის ქვეყნები, რომლებიც გადაწყვეტენ, ზამთრის დრო შეინარჩუნონ, საათის ისრებს ბოლოჯერ გადასწევენ 2021 წლის  ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს.

ევროპარლამენტში კენჭისყრამდე ევროკომისიის მიერ 2018 წლის აგვისტოში ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილე რესპონდენტების 84%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა სეზონურად დროის ცვლილების გაუქმებას. ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ონლაინგამოკითხვაში 4,6 მლნ-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

ევროპარლამენტის მიერ 2018 წლის თებერვალში მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნული იყო, რომ სამეცნიერო კვლევებმა ვერ დაადასტურა ზამთრის და ზაფხულის დროზე გადასვლის რაიმე დადებითი შედეგები, პირიქით, კვლევების თანახმად, საათის ისრის გადაწევა სეზონების მიხედვით უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, სოფლის მეურნეობასა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე.

ევროკომისიამ ევროკავშირის მიერ საათების სეზონურად გადაწევაზე უარის თქმის გეგმა შეიმუშავა, თუმცა წევრ სახელმწიფოებს უფლება მისცა, თავად გადაწყვიტონ, რომელს აირჩევენ – ზაფხულის დროს თუ ზამთრის დროს. ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს წევრ სახელმწიფოებს, რომ მეზობელმა ქვეყნებმა გადაწყვეტილება კოორდინირებულად მიიღონ – შიდა ბაზრის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

საქართველომ ზამთრის დროზე გადასვლაზე 2005 წლის ოქტომბერში თქვა უარი და ზაფხულის დროზე დარჩა. რუსეთმა ეს გადაწყვეტილება 2011 წელს მიიღო – რუსეთიც არ გადავიდა ზამთრის დროზე და ზაფხულის დროზე დარჩა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close