fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალიაში კორონავირუსის ეპიდაფეთქება კვირების განმავლობაში ვერ შენიშნეს – ახალი კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, COVID-19-ის ინფექციის გამომწვევი ვირუსი SARS-CoV-2 ჩრდილოეთ იტალიაში ჯერ კიდევ იანვრის პირველ რიცხვებში არსებობდა.

იტალიის ეპიდაფეთქების ეპიცენტრის, ლომბარდიის რეგიონის ეპიდემიოლოგიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ დაავადების სიმპტომები ქვეყანაში პირველ ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევამდე* (20 თებერვალი) რამდენიმე კვირით ადრე დაფიქსირდა. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ლაბორატორიულად დადასტურებული 6000-მდე შემთხვევა შეისწავლეს და რეგიონში გავრცელების მიზეზის საპოვნელად მათ კვალს გაჰყვნენ. კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის და ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.

ინფექციურ დაავადებათა მოდელირების სპეციალისტი მიშელ ტიზონი ამბობს, რომ იანვარში მომხდარი შეუმჩნეველი გავრცელება „განსაცვიფრებელია“. მისი თქმით, ამ დროს იტალიაში ჯერ კიდევ ვირუსის სამშობლოზე, უჰანზე ლაპარაკობდნენ.

იმ დროს, როდესაც იტალიაში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსი უკვე მოდებული იყო სამხრეთ ლომბარდიის ქალაქების უმეტესობას. მომდევნო რამდენიმე კვირის შემდეგ COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების თითქმის ნახევარს ჰოსპიტალიზება დასჭირდა, მათგან მეხუთედს კი – ინტენსიური თერაპია.

კვლევის ავტორების თქმით, ლომბარდიას ეპიდაფეთქების ახალი სურათი ნათლად გვიჩვენებს, რომ „აგრესიული შემაკავებელი სტრატეგიები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ დაავადების გავრცელების შესაჩერებლად. მიუხედავად იმისა, რომ პირველი დადებითი ტესტიდან სამი დღის შემდეგ იტალიის მთავრობამ საჯარო აქტივობები და შეკრებები აკრძალა, წინა კვირებში ვირუსის შეუმჩნეველმა გავრცელებამ საბოლოოდ გაიმარჯვა – ყოველ სამ დღეში ერთხელ შემთხვევების რაოდენობა ორმაგდებოდა.

ტიზონის თქმით, ეს მონაცემები იმ ქვეყნებისთვისა და ჯანდაცვის ორგანიზაციებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომლებიც ეპიდაფეთქებებისთვის ემზადებიან.

რას გვირჩევს მკვლევარი?

„მოემზადეთ. მერე რა, ჯერ საფრთხეს თუ ვერ ხედავთ!“

ავტორი: მიხეილ ჭაბუკაშვილი

1tv.ge

მომზადებულია nature.com-ის მიხედვით.

* უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე პირველად კორონავირუსის შემთხვევა იტალიაში 31 იანვარს დაფიქსირდა, როცა ვირუსი ჩინელ ტურისტ ცოლ-ქმარს დაუდასტურდა. მესამე შემთხვევა იყო 29 წლის მამაკაცი, იტალიის მოქალაქე, რომელიც უჰანიდან სპეცრეისით დააბრუნეს (სამივე პაციენტი რომის სპალანცანის კლინიკაში იმყოფებოდა და სამივე გამოჯანმრთელდა), თუმცა ოფიციალურად იტალიაში კორონავიურის ეპიდემიის ნომერ პირველ პაციენტად ითვლება  38 წლის მამაკაცი კოდონიოდან (ლობარდია), რომლის შემთხვევის დადასტურების შემდეგ 20 თებერვალს დაიწყო ინფიცირების შემთხვევათა  გეომეტრიული პროგრესიით ზრდა. აღსანიშნავია, რომ მატია (38 წლის მამაკაცის სახელია) გამოჯანმრთელდა და 2 დღის წინ გაწერეს სახლში, მის 8 თვის ორსულ ცოლს, რომელიც აგრეთვე კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა, კლინიკური ნიშნები თითქმის არ გამოვლენია; სამწუხაროდ, მატიას მამაც ინფიცირებული აღმოჩნდა და რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. nostal.ge-ს რედაქციის შენიშვნა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close