იტალიასაზოგადოება

კორონავირუსმა იტალიაშიც ჩააღწია – 2 დადასტურებული შემთხვევა რომში (ვიდეო)

იტალიაში კორონავირუსით დაავადების პირველი 2 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ სააგენტო ANSA იუწყება ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს განცხადებაზე დაყრდნობით.

სააგენტოს ინფორმაციით, დაავადება აღმოუჩინეს ტურისტებს – ჩინელ ცოლ-ქმარს, რომლებიც 23 იანვარს ჩავიდნენ მილანში ჩინეთიდან, ხოლო 4 დღის წინ – რომში და სასტუმროში დაბინავდნენ. რომამდე ისინი პარმაშიც იმყოფებოდნენ. ტურისტები უჰანიდან არიან, სადაც პირველად აღმოაჩინეს ახალი კორონავირუსი და სადაც დაავადების ეპიცენტრია.

66 და 67 წლის ცოლ-ქმარი უკვე რომში იმყოფებოდა, როდესაც თავი ცუდად იგრძნეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ისინი სპალანცანის საავადმყოფოში გადაიყვანა.

კონტემ, აგრეთვე, განაცხადა, რომ იტალიამ დახურა საჰაერო სივრცე ჩინეთისთვის ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო.

„ჩვენ ევროკავშირის პირველი ქვეყანა ვართ, რომელმაც ეს ზომა მიიღო უსაფრთხოების მიზნით“, – განაცხადა კონტემ. მისი თქმით, ევროპაში დაფიქსირებულია დაავადების 10 შემთხვევა (მთლიანობაში, იტალიის ჩათვლით – უკვე 12 – რედ.). „მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, რადგან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, „ანსას“ ცნობით, ვენეტოშიც არის ერთი საეჭვო შემთხვევა – არასრულწლოვანი ტრევიზოში, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩინეთიდან დაბრუნდა, საავადმყოფოშია მოთავსებული იზოლირებულ პალატაში ვირუსის ნიშნებით.

როგორც ცნობილია, იტალია აპირებს კარანტინში მყოფ ქალაქ უჰანიდან თავისი მოქალაქეების გამოყვანას. თვითმფრინავი მზადყოფნაშია და 2 თებერვალს განახორციელებს რეისს (ადრე 30 იანვარი დაასახელეს ევაკუაციის თარიღად, თუმცა გარკვეული მოსაზრებების გამო რეისი გადაიდო). როგორც ცნობილია, უჰანში იტალიის 70 მოქალაქე იმყოფება და მათგან 60-მა თანხმობა განაცხადა ევაკუაციაზე.

გუშინ იტალიაში, ჩივიტავეკიის პორტში საკრუიზო ლაინერის 6000 მგზავრი არ ჩამოუშვეს გემიდან ნაპირზე 2 ჩინელი ტურისტის, ცოლ-ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევამდე – ქალს მაღალი სიცხე და ვირუსის ნიშნები ჰქონდა, თუმცა ტესტი ჩინურ კორონავირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა და „განგაში“ მოიხსნა.

ნინო ხოშტარია

p. s. ახლახან ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 შემთხვევა დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ კორონავირუსის ეპიდემიის გლობალური საფრთხე გამოაცხადა. 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close