fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

გრიპისგან გარდაცვალების შემთხვევები საბერძნეთში განუხრელად იზრდება

გასულ ერთ კვირაში 13 ადამიანი დაიღუპა

ΕΟΔΥ-ს (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაცია) მონაცემებით, გრიპისგან გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა საბერძნეთში განუხრელად იზრდება. ეს ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს როგორც მოქალაქეებს, ისე სამედიცინო პერსონალს შორის, რომელიც მობილიზებულია დაავადებასთან საბრძოლველად. ამის თაობაზე ბერძნული მედია იუწყება.

ორგანიზაციის მონაცემებით, გრიპის ახალ სეზონზე გარდაცვლილთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა, კიდევ 169 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 13 ადამიანი გარდაიცვალა და 25 ახალი პაციენტი მძიმე მდგომარეობაში მოათავსეს საავადმყოფოში გასულ კვირაში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ასოციაცია გრიპის დინამიკას აფასებს, როგორც ძალიან მაღალს. ექსპერტების თქმით, შემცირების ტენდენცია ჯერჯერობით არ შეინიშნება.

კერძოდ, ΕΟΔΥ-ს თანახმად, „2020 წლის 3-იდან 9 თებერვლამდე დაფიქსირებულია გრიპის 187 ლაბორატორიულად დადასტურებული სერიოზული შემთხვევა. მათგან 169 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. ამ პაციენტთაგან მხოლოდ 70-ს (37,4%) ჰქონდა გაკეთებული გრიპის საწინააღმდეგო აცრა. ამავე პერიოდში დარეგისტრირებულია ლაბორატორიულად დადასტურბული გრიპისგან გარდაცვალების 53 შემთხვევა. გარდაცვლილთაგან 39 პაციენტი მკურნალობას გადიოდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 14 – ამბოლატორიულ პირობებში“.

ΕΟΔΥ-ს თანახმად, გარდაცვლილთა უდიდესი ნაწილი ხანდაზმული იყო (80-90 წლის).

შეგახსენებთ, რომ გრიპისგან საუკეთესო დაცვა გრიპის საწინააღმდეგო აცრაა, რომელიც 75% შემთხვევაში ამართლებს. დანარჩენ შემთხვევებშიც დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს.

გრიპისგან თავის დასაცავად გაითვალისწინეთ სტანდარტული რეკომენდაციები:

მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს;

მოერიდეთ დაავადებულ ადამიანთან კონტაქტს;

ხშირად იბანეთ ხელები საპნით;

ქუჩაში და ტრანსპორტში ყოფნისას მოერიდეთ ხელის მოსმას ცხვირზე, პირსა და თვალებზე – ვირუსი ლორწოვან გარსზე მოხვედრისას ადვილად აღწევს ორგანიზმში. სახლში დაბრუნებისთანავე ხელები საპნით კარგად დაიბანეთ;

გაიძლიერეთ იმუნიტეტი.

ნინო ბაჯელიძე

5 მარტივი საშუალება იმუნიტეტის გასაძლიერებლად

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close