კრიმინალისაზოგადოებასაქართველო

„დედა ახალი წასული ჰყავდა საბერძნეთში“ – 14 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ბულინგია

თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში არასრულწლოვანმა თავი ჩამოიხრჩო. 14 წლის ლუკა ბასილაძე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა იპოვეს. თვითმკვლელობა შესაძლოა ბულინგს უკავშირდებოდეს.

სოციალურ ქსელში ჩატის მიმოწერა გავრცელდა, რომელშიც მოზარდი წერდა, რომ თავის მოკვლას აპირებდა, თუმცა თანატოლებმა მუქარა სერიოზულად არ აღიქვეს და დასცინეს.

ლუკა თანატოლებს დახურულ ჯგუფში აფრთხილებდა, რომ თუ მას ბოდიშს არ მიუხდიდნენ, ის სიცოცხლეს სუიციდით დაამთავრებდა.

ამ აბავს კიდევ უფრო შემზარავს ხდის თვითმკვლელობამდე 14 წლის ბიჭის მიერ თანატოლებისთვის გაგზავნილი ფოტო, რომელიც სუიციდამდე რამდენიმე წუთითა ადრეა გადაღებული და რომელშიც თოკია აღბეჭდილი.

სოციალურ ქსელში ლუკა თანატოლებს მიმართავს: „უნამუსო ვიყო, თუ ბოდიშებს არ მოიხდით სულყველა, გამკეთებელი თუ არ ვიყო“.

თანატოლის მუქარა დახურული ჯგუფის წევრებმა არ დაიჯერეს და მეტიც, მას კიდევ ერთხელ დასცინეს:

„ჯერ ერთი, ბოდიში რატომ უნდა მოგიხადოს აქ ვინმემ და რომ არ მოგიხადოთ, მიდი აბა ერთი გააკეთე თუ მაგარი ხარ“. ბულინგის შემდეგ ლუკამ ჩატში თოკის ფოტო ჩააგდო, რომლითაც თავი მოიკლა.

მოზარდის თანატოლები არც ამის შემდეგ გაჩერებულან: „შეჩემა მაგხელა მარტო ერთი ყური გაქვს“, – დაწერა ლუკას საპასუხოდ ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა.

„ლუკა, სახლში შეიტანე და ლუსტრაზე ჩამოეკიდე გაგიძლებს“, – დაწერა 14 წლის ბიჭის მისამართით კიდევ ერთმა მოზარდმა. ბავშვები ლუკას მიმართ ბულინგს არ წყვეტდნენ და შეიძლება ითქვას, თვითმკვლელობამდე უბიძგებდნენ კიდევ:

„ლუკა, თქვი ამ ცხოვრებისთქო და კა ბლის ხე გაქვს და თუ აწვდები მაგრად მოუჭირე, რომ არ ჩამოწყდეს. ან ვაფშე ხეზე თუ ახვალ გადმოხტი“. ამ მესიჯის შემდეგ, ბიჭმა ყველაზე შემზარავი წერილი მისწერა მეგობრებს: „დაიცა, თოკი შევიკარი. ვეღარ ვიხსნი…“ – დაწერა ლუკამ.

მოზარდის დედა საბერძნეთში სამუშაოდ ახალი წასულია. გარდაცვლილი მამასთან, ბებიასა და პაპასთან ერთად ცხოვრობდა. გარდაცვლილი მოზარდი ჭოგნარის ბადრი ბასილაძის სახელობის საჯარო სკოლაში სწავლობდა. როგორც „კვირას“ სკოლის დირექტორმა ამირან ელიავამ განუცხადა, ბავშვი სანიმუშო მოსწავლე იყო. გარდაცვლილს ადგილობრივებიც წყნარ და უკონფლიქტო მოზარდად ახასიათებენ.

14 წლის ლუკას დეიდა ლია ადამაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს:

„ასწავლეთ სიყვარული ასწავლეთ შვილებს!!

პატარაობიდან ჩაუნერგეთ, ჩასძახეთ სითბო-სიყვარული და აუცილებლათ ამოგძახებთ!!.

გაზარდეთ სიყვარულით ბავშვები, მეგობრები, ახლობლები, მტერი მოყვარე სიყვარულში ამყოფეთ, რომ სიყვარულივე გასცენ და ისწავლონ!!.

ისწავლონ, რომ წაქეზებას, გახელებას, მითითებას, ბრძანებას, სიძულვილს, ბოროტებასა და უსიყვარულობას ცუდ გზამდე მიყავთ ადამიანები! მოზარდები!მოხუცები!!!

ისწავლეთ და ასწავლეთ ერთმანეთს სიყვარული !!!!.

ღმერთმა დასწყევლოს ქმედება, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიას ანადგურებს !!“ – წერს ლუკას დეიდა.

გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობამდე მიყვანს გულისხმობს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close