მიგრაციაპოლიტიკასაქართველო

საქართველოდან 9 თვეში 3 170 უცხოელი გააძევეს – ლტოლვილის სტატუსი მხოლოდ ხუთ ადამიანს მიენიჭა

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 3 170 უცხოელი გააძევეს, მათ შორის, 77 არასრულწლოვანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2,4-ჯერ აღემატება 2025 წლის განმავლობაში ქვეყნიდან გაძევებულთა საერთო რაოდენობას. ამასთან, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით საქართველოში 493 ადამიანი დარეგისტრირდა, ლტოლვილის სტატუსი კი მხოლოდ ხუთს მიენიჭა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოდან გაძევებულ უცხოელთა შორის ყველაზე მეტი თურქეთის მოქალაქე იყო – 791 ადამიანი.

რაოდენობით შემდეგ მოდიან:

  • ინდოეთის მოქალაქეები – 306;
  • თურქმენეთის მოქალაქეები – 274;
  • რუსეთის მოქალაქეები – 254;
  • ირანის მოქალაქეები – 180.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან გაძევებულთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, რომლებიც საკუთარ სამშობლოში პოლიტიკური დევნის საფრთხეზე მიუთითებდნენ.

შედარებისთვის, 2025 წლის განმავლობაში საქართველოდან სულ 1 311 უცხოელი გააძევეს, 2024 წელს კი – 363. ამგვარად, მხოლოდ 2026 წლის ცხრა თვეში გაძევებულთა რაოდენობამ წინა წლის მთლიან მაჩვენებელს უკვე მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

ამავე პერიოდში უცხოელთა დროებითი განთავსების ცენტრში 2 017 ადამიანი მოათავსეს, მათ შორის ყველაზე მეტი კვლავ თურქეთის მოქალაქე იყო – 292.

თავშესაფრის მაძიებლები და საერთაშორისო დაცვის სტატუსი

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 493 ადამიანი დარეგისტრირდა, მათ შორის, ყველაზე მეტი – უკრაინის მოქალაქე (169). შემდეგ მოდიან თურქეთის (83) და ინდოეთის (45) მოქალაქეები.

ამავე პერიოდში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე 461 ადამიანს ეთქვა უარი.

ლტოლვილის სტატუსი მხოლოდ ხუთმა ადამიანმა მიიღო – მათგან სამი ეგვიპტის მოქალაქეა (ორი კაცი და ერთი ქალი), დანარჩენი ორი კი – ირანისა და ავღანეთის მოქალაქე, ორივე ქალი.

დამატებითი დაცვა 17 ადამიანს მიენიჭა, მათ შორის, უკრაინის 14 მოქალაქეს, თურქეთის ერთ მოქალაქეს და ორ არასრულწლოვანს, რომელთა მოქალაქეობაც დადგენილი არ არის.

საქართველოს კანონის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ თანახმად, დამატებითი დაცვა შეიძლება მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ლტოლვილის სტატუსის მისაღებად დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, თუმცა წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში სერიოზული ზიანის რეალური საფრთხე ემუქრება.

ხელისუფლების მიზანი – უკანონო მიგრაციის აღმოფხვრა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ასახელებს. 18 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობის მიზანია, საქართველოში უკანონო მიგრაცია „რამდენიმე წელიწადში“ აღმოიფხვრას.

კობახიძემ 2026 წლის სამიზნე მაჩვენებელიც დაასახელა – უკანონოდ მყოფი 4 000 ადამიანის გაძევება საქართველოდან.

ამ პოლიტიკის ფარგლებში ხელისუფლებამ საიმიგრაციო კანონმდებლობა რამდენიმე მიმართულებით გაამკაცრა, მათ შორის, გაამარტივა უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების პროცედურები.

ცვლილებები შეეხო უცხოელთა დასაქმების წესებსაც. 2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელებს შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება მოეთხოვებათ. ამასთან, ეს უფლება არ გაიცემა იმ უცხოელებზე, რომლებსაც კურიერად, ტაქსის მძღოლად ან გიდად მუშაობა სურთ. შესაბამისი დადგენილება მიმდინარე წლის პირველი მარტიდან ამოქმედდა.

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close