ეკონომიკაეკონომიკაიტალიასაქართველო

სამეგრელოდან ექსპორტზე იტალიაში წლიურად 50 ტონამდე ლოკოკინას ხორცი გავა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ შეიქმნა.

სააგენტოს ცნობით, ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1 მლნ 410 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1 მლნ 260 000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო.

ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს. საწარმოში მუდმივად 10 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული.

როგორც „ნადი გრუპის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი მერაბ ნადარაია ამბობს, ლოკოკინების პირველი პარტია იტალიაში ექსპორტზე მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს გავა.

„უკვე გვყავს იტალიელი პარტნიორი – „მოლუსკების ინსტიტუტი“, რომელთანაც ხელშეკრულება გავაფორმეთ და წლიურად 50 ტონამდე ლოკოკინას ხორცს გავიტანთ ექსპორტზე. პირველი პარტია – 20 ტონა ხორცი ნოემბრის ბოლოს გავა“, – ამბობს bm.ge-სთან ნადარაია.

კითხვაზე – რატომ გადაწყვიტა მოლუსკების ფერმის შექმნა, „ნადი გრუპის” ხელმძღვანელი ჰყვება, რომ საერთაშორისო ბაზარი შეისწავლეს და ნახეს, რომ მოლუსკებზე მოთხოვნა მზარდია.

„მოთხოვნის 40% დაუკმაყოფილებელია, ამიტომ გადავწყვიტეთ ფერმის გაკეთება და არჩევანი ლოკოკინებზე შევაჩერეთ. წლიურად 50 ტონამდე ხორცის წარმოება შეუძლია ჩვენს ფერმას. საექსპორტო ფასი, რაზეც პარტნიორთან შეთანხმებულები ვართ, 1 კილოგრამზე 3 ევროა“, – ამბობს ნადარია.

ცნობისათვის: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, დავით ფარცვანიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ლოკოკინების ფერმა რამდენიმე დღის წინ მოინახულა და საწარმოო პროცესს გაეცნო.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200 ახალი საწარმო დაფინანსდა, აქედან 25 ახალი საწარმო სამეგრელოს რეგიონში გაიხსნა.

წყარო: bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close