მეხუთე ტალღა საქართველოში მაღალი მაჩვენებლებით დაიწყო – დაანონსებულია მძიმე ნოემბერი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მეხუთე ტალღის დაწყება დღეს ოფიციალურად გამოაცხადა. ამირან გამყრელიძეს ამის თქმის საფუძველს გაზრდილი სტატისტიკური მონაცემები აძლევს. თუ მომდევნო კვირას დღიური მაჩვენებელი ისევ 5 ათასამდე იქნება, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი მძიმე ნოემბერს აანონსებს.
პანდემიის ახალ-ახალი ტალღების პირობებში გამოსავალი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა ისევ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, სიკვდილიანობის მაჩვენებლები გაიზრდება და საველე ჰოსპიტლების საჭიროება დღის წესრიგში დაბრუნდება.
„წავიდეთ და ავიცრათ, ბატონებო, ერთმანეთისთვის ავიცრათ. ქვეყნისთვის ავიცრათ, იმიტომ რომ სხვანაირად ძალიან მძიმე ნოემბერი გვექნება. გამაგებინეთ, ვის უნდა სიკვდილიანობის მაღალი რიცხვები?1.8 რეპროდუქციის ინდექსი რომ გვაქვს, ეს არის ძალიან საგანგაშო, ანუ გავრცელება ძალიან სწრაფია, მოსალოდნელია, კიდევ უფრო გაუარესდეს ეპიდსიტუაცია“, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ვაქცინაციის გარეშე ეს ტალღები დაუსრულებელი იქნება.
„ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არსებობს რაიმე სხვა საქმე, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას? მეტი გამოსავალი ჩვენ ამ დაუსრულებელი პანდემიის ტალღების პირობებში არ გვაქვს. თუ ვაქცინაციის გარეშე ასე გავყვებით, ეს ტალღები დაუსრულებელი იქნება და შემდგომი 1 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეს დავკარგავთ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ის დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაციის შემთხვევაში შემდგომი თვეების განმავლობაში 10 000-მდე მოქალაქის სიცოცხლეს გადავარჩენთ.
დაანონსებულ მძიმე ნოემბრამდე უკვე რთულია სიტუაცია კლინიკებში. დღეს ციციშვილის ბავშვთა კოვიდ-განყოფილებამ პაციენტების მიღება ვეღარ შეძლო. 170 ინფიცირებული ბავშვი, ინფიცირებულ მშობლებთან ერთად, და 25 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში – ეს კლინიკის მაქსიმუმია, ამბობენ ექიმები.
კულუმბეგოვის ინფორმაციით, ციციშვილის ბავშვთა კოვიდ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების მშობლებიდან მხოლოდ ოთხია აცრილი.
გახდება თუ არა საჭირო დამატებითი რეგულაციების ამოქმედება, ამაზე საკოორდინაციო საბჭო, სავარაუდოდ, 2 დღეში იმსჯელებს.
18 ოქტომბრის დილის მონაცემებით, გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 374 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 42 პაციენტი კი გარდაიცვალა.
როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, დღეს ორშაბათია და ინფიცირების მაჩვენებლები ორშაბათობით, როგორც წესი, გაცილებით დაბალია, რადგან კვირას ნაკლები ტესტირება ტარდება.
იტალიის მოსახლეობის 76,6%-მდე ერთი დოზით მაინც არის აცრილი, ხოლო სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 70%-ზე ოდნავ მეტი (12 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობას რაც შეეხება, სრულად ვაქცინირებულია 80%-ზე მეტი, ხოლო ერთჯერადად – 85%-ზე მეტი). 2 კვირის წინ ქვეყანაში მესამე – ბუსტერული დოზით აცრის პლატფორმაც გაიხსნა მოწყვლადი ადამიანებისთვის, რომელთა იმუნიტეტი სხვებთან შედარებით დაბალია.
ნინო ხოშტარია
კომენტარები