fbpx
საზოგადოებასაქართველო

მეხუთე ტალღა საქართველოში მაღალი მაჩვენებლებით დაიწყო – დაანონსებულია მძიმე ნოემბერი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მეხუთე ტალღის დაწყება დღეს ოფიციალურად გამოაცხადა. ამირან გამყრელიძეს ამის თქმის საფუძველს გაზრდილი სტატისტიკური მონაცემები აძლევს. თუ მომდევნო კვირას დღიური მაჩვენებელი ისევ 5 ათასამდე იქნება, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი მძიმე ნოემბერს აანონსებს.

პანდემიის ახალ-ახალი ტალღების პირობებში გამოსავალი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა ისევ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, სიკვდილიანობის მაჩვენებლები გაიზრდება და საველე ჰოსპიტლების საჭიროება დღის წესრიგში დაბრუნდება.

„წავიდეთ და ავიცრათ, ბატონებო, ერთმანეთისთვის ავიცრათ. ქვეყნისთვის ავიცრათ, იმიტომ რომ სხვანაირად ძალიან მძიმე ნოემბერი გვექნება. გამაგებინეთ, ვის უნდა სიკვდილიანობის მაღალი რიცხვები?1.8 რეპროდუქციის ინდექსი რომ გვაქვს, ეს არის ძალიან საგანგაშო, ანუ გავრცელება ძალიან სწრაფია, მოსალოდნელია, კიდევ უფრო გაუარესდეს ეპიდსიტუაცია“, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ვაქცინაციის გარეშე ეს ტალღები დაუსრულებელი იქნება.

„ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არსებობს რაიმე სხვა საქმე, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას? მეტი გამოსავალი ჩვენ ამ დაუსრულებელი პანდემიის ტალღების პირობებში არ გვაქვს. თუ ვაქცინაციის გარეშე ასე გავყვებით, ეს ტალღები დაუსრულებელი იქნება და შემდგომი 1 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეს დავკარგავთ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ის დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაციის შემთხვევაში შემდგომი თვეების განმავლობაში 10 000-მდე მოქალაქის სიცოცხლეს გადავარჩენთ.

დაანონსებულ მძიმე ნოემბრამდე უკვე რთულია სიტუაცია კლინიკებში. დღეს ციციშვილის ბავშვთა კოვიდ-განყოფილებამ პაციენტების მიღება ვეღარ შეძლო. 170 ინფიცირებული ბავშვი, ინფიცირებულ მშობლებთან ერთად, და 25 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში – ეს კლინიკის მაქსიმუმია, ამბობენ ექიმები.

კულუმბეგოვის ინფორმაციით, ციციშვილის ბავშვთა კოვიდ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების მშობლებიდან მხოლოდ ოთხია აცრილი.

გახდება თუ არა საჭირო დამატებითი რეგულაციების ამოქმედება, ამაზე საკოორდინაციო საბჭო, სავარაუდოდ, 2 დღეში იმსჯელებს.

18 ოქტომბრის დილის მონაცემებით, გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 374 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 42 პაციენტი კი გარდაიცვალა.

როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, დღეს ორშაბათია და ინფიცირების მაჩვენებლები ორშაბათობით, როგორც წესი, გაცილებით დაბალია, რადგან კვირას ნაკლები ტესტირება ტარდება.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,77%, ბოლო 14 დღის – 8,47%, ბოლო 7 დღის – 9,07%.

პანდემიის დაწყებიდან საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 664 813 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 614 855 გამოჯანმრთელდა, 9 510 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 914 269 აცრა, გასულ ერთ დღეში აიცრა  2 260 ადამიანი, რაც კატასტროფულად დაბალი მაჩვენებელია (საქართელოში აცრის დღიური მაქსიმალური მაჩვენებელი აგვისტოში ფისქირდებოდა – 25-26 აცრა დღეში)..

ამასთან, 16-17 ოქტომბრის 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 494 პაციენტი, გარდაიცვალა 28.

რომ შევადაროთ, რა მძიმე სიტუაციასთან გვაქვს საქმე, იტალიის ეპიდემიოლოგიურ სტატისტიკურ მაჩვენებლებს მოვიყვანთ: იტალიაში, რომლის მოსახლეობა 60 მილიონამდეა (59 მლნ 550 ათასი – 2020 წ.), ანუ 16-ჯერ მეტი, ვიდრეს საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა (3 მლნ 714 ათასი – 2020 წ.), გასულ ერთ დღეში  ინფექციის 1597 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 44 პაციენტი გარდაიცვალა – დაახლოებით იმდენივე, რამდენიც საქართველოში.

იტალიის მოსახლეობის 76,6%-მდე ერთი დოზით მაინც არის აცრილი, ხოლო სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 70%-ზე ოდნავ მეტი (12 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობას რაც შეეხება, სრულად ვაქცინირებულია 80%-ზე მეტი, ხოლო ერთჯერადად – 85%-ზე მეტი). 2 კვირის წინ ქვეყანაში მესამე – ბუსტერული დოზით აცრის პლატფორმაც გაიხსნა მოწყვლადი ადამიანებისთვის, რომელთა იმუნიტეტი სხვებთან შედარებით დაბალია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close