საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, 9 – თბილისში
კიდევ 24 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში დღეს დილისთვის კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის მთლიანობაში კორონავირუსით ინფიცირების 757 შემთხვევაა დაფიქსირებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 24 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 600-ს შეადგენს.
კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში დღევანდელი ზრდა ყველაზე მაღალია: 24 მაისს 2 ახალი პაციენტი იყო, 25 მაისს – 1, 26 მაისს – 1, 27 მაისს – 3, 28 მაისს – 3, 29 მაისს – 8.
დღეს გამოვლენილი 11 შემთხვევიდან 2 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანის მცხოვრებია – მოგეხსენებათ, ეს სოფელი „წითელ ზონად“ არის გამოცხადებული და მთელი მოსახლეობის კვლევა მიმდინარეობს.
გუშინ მუშევანში ეპიდემიოლოგები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. მუშევანიდან 574, ბოლნისიდან კი 15 პირის სინჯი აიღეს. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ნაწილის შედეგი. კოვიდ-19-ზე დადებითია ორი პირის ტესტი. სრული მონაცემები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
კორონავირუსის დანარჩენი 9 ახალი შემთხვევა კი, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ორი დღის წინ, 28 მაისს თბილისში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებია. მისი თქმით, ისინი ერთი ოჯახის წევრები და ოჯახთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები არიან.
„ჩვენ დღევანდელი დილისთვის საქართველოში, 30 იანვრიდან ვანგარიშობ, გვაქვს 55 656 შესაძლო შემთხვევა, რომელიც ექვემდებარებოდა ღრმა კვლევებს. აქედან, ლაბორატორიულად დადასტურებული, დღევანდელი დილისთვის გვაქვს 757 შემთხვევა. გუშინ, ანუ 24 საათის განმავლობაში დაემატა 11 ახალი შემთხვევა. აქედან ორი გახლავთ ბოლნისის კლასტერიდან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია, ხოლო ცხრა გახლავთ გუშინწინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები.
ამ კონტაქტების კვლევა გუშინ და დღეს მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად. უკვე გამოკვლეულია დაახლოებით 50-მდე კონტაქტი, ამ კონტაქტებიდან გარდა გუშინწინ დადგენილი ორის, ანუ პირველწყაროსი, ცხრას დაუდგინდა მათ კონტაქტებს ასევე კოვიდინფექცია. კონტაქტების კვლევა ამ წუთშიც გრძელდება და კოვიდინფიცირებულები გადაყვანილნი არიან საავადმყოფოებში. ხოლო კონტაქტების გადაყვანა ხდება თანდათან საკარანტინო სივრცეებში თბილისში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისათვის, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 2966 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250.
11 ახალ შემთხვევასთან დაკავშირებით კითხვაზე ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ეს არ არის დიდი რაოდენობა, რომელსაც „ვერ მოერევიან“:
„ეს არ არის ის რიცხვი, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით და ვერ ვმართავთ, ამიტომ აქ არ არის, ერთი მხრივ, საშიშროება და, მეორე მხრივ, გვმართებს მეტი სიფრთხილე, რამეთუ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოსალოდნელიც იყო და არის, რომ შემთხვევათა რაოდენობამ იმატოს. მაგრამ ეს მატება ყოველთვის არის მართვადი და იქნება მართვადი, გარწმუნებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
როგორც ცნობილია, გუშინ მთელ საქართველოში აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის, მუშაობა განაახლა თბილისის მეტროპოლიტენმაც.
დადგენილი წესების თანახმად, მგზავრები ვალდებულნი არიან, ტრანსპორტში ყოფნისას პირბადე ეკეთოთ. ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში არ იმუშავებს კონდიცირება, რადგან კონდიცირების სისტემა, როგორც ცნობილია, ინფექციის გადადების რისკს ზრდის. სამარშრუტო ტაქსებში აკრძალულია მგზავრების ფეხზე დგომა.
სპეციალისტები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და სთხოვენ, მაქსიმალურად გაითვალისწინონ რეკომენდაციები: დაიცვან პირადი ჰიგიენის წესები, არ შეეხონ დაბინძურებული ხელით სახეს და დაიცვან სოციალური დისტანცია.
ნინო ხოშტარია
კომენტარები