სასამართლომ მელიას გირაო შეუფარდა და საჯარო განცხადებების გაკეთება აუკრძალა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკანორ მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თემურ გოგოხიამ, აღმკვეთის ღონისძიების სახით, 30-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ენმ-ის დეპუტატს, 30 000-ლარიანი გირაოს გარდა, სასამართლომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აუკრძალა.
პროკურატურა ნიკა მელია ბრალად სდებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობას. მას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარუდგინეს ბრალი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიკა მელიას 6-იდან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქართველოს პარლამენტმა 26 ივნისს 91 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაუჭირა გენერალური პროკურორის მიმართვას პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას დასაპატიმრებლად სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები