რას არ გაიგებ/ფაქტებიშეუცნობელი

ბედისწერის გასაღები ანუ რაზე მიანიშნებს ადამიანის დაბადების საათი?

ადამიანის ბედისწერის ძირითადი ნიშნები უხსოვარი დროიდან მისი დაბადების მომენტით განისაზღვრებოდა. არსებული შეხედულებებით, ეს იყო ის საწყისი ინფორმაცია, რომლის სწორად გაშიფვრის შემთხვევაში ნებისმიერს წინასწარ ეცოდინებოდა, თუ რა სახის პრობლემები ელოდა ცხოვრებაში და როგორ შეეძლო მინიმალური წინააღმდეგობით მიეღწია დასახული მიზნისთვის.

დღეს უკვე ამ ინფორმაციის გაშიფვრის არაერთი მეთოდი არსებობს. ამჯერად მხოლოდ ორ მათგანზე შევაჩერებთ ყურადღებას, რომლებიც, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება მკითხველისთვის.

ნუმეროლოგია

ნუმეროლოგიით დავიწყებთ, რომელსაც ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა, განსაკუთრებით კი – ადამიანის დაბადების თარიღს.

ვფიქრობთ, ყველასათვის კარგადაა ცნობილი დაბადების თარიღის ნუმეროლოგიური შეკრების წესი. მაგალითად, თქვენი დაბადების თარიღია 1961 წლის 3 მაისი. შეკრების შედეგად (3+5+1+9+6+1=25; 2+5=7) ვიღებთ შვიდს, რომლის მიხედვითაც დიდი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საკუთარ თავზე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ორნიშნა რიცხვი – 25, რომლის ნუმეროლოგიური შეკრებითაც ამ შემთხვევაში რიცხვი 7 მივიღეთ. ეს რიცხვი – ამ შემთხვევაში 25 – პირველ რიგში, იმაზე მიუთითებს, რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში ყოველი ოცდახუთი წლის შემდეგ უმნიშვნელოვანესი მოვლენებია მოსალოდნელი. უძველესი ნუმეროლოგიური ცხრილის საშუალებით შეიძლება განისაზღვროს, თუ რას უნდა მიაქციოს მან ყურადღება მთელი ცხოვრების განმავლობაში. აქვე ამ ცხრილს გთავაზობთ.

10-19 – თუ თქვენი დაბადების თარიღის ჯამი ამ რიცხვებს შორისაა, გამოდის, რომ ცხოვრების „პირველ დონეზე“ იმყოფებით და თქვენი მთავარი ამოცანა პიროვნული თვისებების გაძლიერება და სრულყოფაა. შესაძლოა საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაგჭირდეთ ნებისყოფის გამოსამუშავებლად, მავნე ჩვევების დასაძლევად. გამორიცხული არ არის, პრობლემები შეგექმნათ ფიზიკურ სხეულთან დაკავშირებით, რაც დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. რაც შეეხება ბედისწერის მომენტს, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებთ საკუთარ თავზე მუშაობას. ერთი სიტყვით, მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე უნდა იზრუნოთ და რაც უფრო კარგად გაართმევთ თავს ამ ამოცანას, მით უფრო კეთილად განეწყობა თქვენდამი ფორტუნა.

20-29 – ეს უკვე ცხოვრების „მეორე დონეა“ და ამოცანებიც რთულდება. ადამიანებს, რომელთა დაბადების თარიღის ჯამიც ამ რიცხვებს შორისაა, ცხოვრების მანძილზე არაერთხელ შეექმნებათ სიტუაცია, როდესაც ყველაფერი მათ მოქმედებაზე იქნება დამოკიდებული. ამავდროულად, ხშირად დადგებიან დილემის წინაშე და სწორი არჩევანის გაკეთება გაუჭირდებათ. ასე რომ, ურიგო არ იქნება, თუ ეს ადამიანები საკუთარი ინტუიციის გაძლიერებაზე იზრუნებენ და ხშირად დაუგდებენ ყურს ქვეცნობიერს. სხვათა შორის, უძველესი გადმოცემების მიხედვით, ამ დონეზე მყოფი ადამიანებისთვის ერთგვარი უნივერსალური ფორმულა არსებობს, რომლის თანახმადაც, ბავშვობიდან მოყოლებული, მათ კარგად უნდა შეისწავლონ წინაპრების ცხოვრება და ყველაზე რთულ სიტუაციებში მათი გამოცდილებით იხელმძღვანელონ. წინაპართა ტრადიციების დაცვა ამ ადამიანებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ცხოვრებისეული პრობლემების დაძლევის გზაზე.

30-39 – „სწავლა, სწავლა და მხოლოდ სწავლა“ – ამ დონეზე მყოფი ადამიანების ცხოვრებისეული პრინციპია და შეიძლება ითქვას, რომ მათი კოსმიური დანიშნულებაცაა. მათ სერიოზულად უნდა შეისწავლონ მეცნიერებები და საკუთარ თავში ფილოსოფიური აზროვნების ჩამოყალიბებას ბავშვობიდანვე შეეცადონ, თუმცა ეს ცოდნა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენონ. პირიქით, მათი მოწოდებაა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს აუხსნან ცხოვრების ჭეშმარიტების აზრი და ის ცოდნა გადასცენ, რომელიც თავად დააგროვეს. ეს ადამიანები განათლების, დიდი ცოდნის მატარებლები არიან და თუ ამ ცოდნის გავრცელებისთვის იზრუნებენ, ფორტუნა ყოველთვის მათ მხარეზე იქნება.

40-49 – „მეოთხე დონეზე“ მყოფი პიროვნებები, ყველა იმ თვისებით არიან დაჯილდოებულნი, რომლებიც უმაღლესი ცოდნის მისაღწევადაა საჭირო. მათი ცხოვრების უმთავრესი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად ეზიარონ უმაღლეს საკრალურ ცოდნას. მაგრამ ადამიანები არცთუ ხშირად ირჩევენ ამ გზას და თუ მათ ცხოვრებაში რაღაც არეულობები და წარუმატებლობის პერიოდი იწყება, მიზეზი მხოლოდ ის ფაქტი უნდა იყოს, რომ მათ თავიანთ კოსმიურ დანიშნულებას უღალატეს.

50-59 – ეს უკვე უმაღლესი დონის მაჩვენებელია. ადამიანები, რომელთა დაბადების თარიღის ჯამიც ამ რიცხვებს შორისაა, ყოველთვის თავისუფალნი არიან არჩევანში. მათ შეუძლიათ ნებისმიერ საქმიანობას მოჰკიდონ ხელი და დარწმუნებულნი იყავით, რომ ყველა სფეროში წარმატებას მიაღწევენ. მათთვის, თითქოსდა, არ არსებობს არანაირი შეზღუდვა და აკრძალვა, რასაც ისინი აკეთებენ, ყველაფერი მათი წარსული ცხოვრების გამოცდილებიდან მომდინარეობს.

დაბადების საათი და ბედისწერა

ადამიანის ბედისწერისა და ხასიათის თვისებების განსაზღვრაში, დაბადების თარიღის გარდა, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დაბადების საათს. უძველესი ასტროლოგები ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ დროის იმ მონაკვეთს, როცა ადამიანი იბადებოდა. დღე-ღამე, ფაქტობრივად, თორმეტ ორ-ორ საათიან მონაკვეთად იყოფა და თითოეული ეს მონაკვეთი გარკვეულ დაღს ასვამს პიროვნებას.

24.00-2.00 – დროის ამ მონაკვეთში დაბადებული ადამიანები განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობითა და ცხოვრების ჟინით იქნებიან დაჯილდოებულნი, თუმცა მთელი ცხოვრების განმავლობაში კონტროლი უნდა გაუწიონ საკუთარ გრძნობებს, რომ ირგვლივ მყოფნი ზედმეტი ცნობისმოყვარეობით არ გაანაწყენონ. გამორიცხული არ არის ამ ნიადაგზე პირადი პრობლემები შეექმნათ.

2.00-4.00 – ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში ქვეცნობიერად ეცდებიან საკუთარი ინტერესების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას და რაც შეიძლება მეტი სარგებლის ნახვას. ერთი მხრივ, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ, მეორე მხრივ, შესაძლოა, სწორედ ამის გამო ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. წარმატების მისაღწევად მათ სხვისი ინტერესების გათვალისწინება უნდა ისწავლონ.

4.00-6.00 – სიჯიუტე ამ პერიოდში დაბადებული ადამიანების გამორჩეული თვისებაა, რის გამოც ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე აშკარა წინააღმდეგობაში. რამდენადაც ეს ადამიანები შეძლებენ ამ თვისების კონტროლს, იმდენად სწრაფად მიაღწევენ სასურველ მიზანს ცხოვრებაში.

6.00-8.00 – დროის ამ მონაკვეთში მეოცნებე და რომანტიკოსი ადამიანები იბადებიან, მათთვის უმთვრესია, ოცნების რაღაც ნაწილი მაინც გადმოიტანონ რეალობაში. თუ ეს მოახერხეს, ცხოვრებაში ბევრი არაფერი ექნებათ საწუწუნო.

8.00-10.00 – ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები ნატიფი და ჰუმანური შინაგანი სამყაროთი გამოირჩევიან. სამწუხაროდ, გამორიცხული არ არის, ზოგჯერ ეს გრძნობები აშკარა სისულელეებში გადაიზარდოს. ყოველ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ ეს ადამიანები მხოლოდ სხვებისადმი ჰუმანური დამოკიდებულებით მიაღწევენ სასურველ მიზანს ცხოვრებაში.

10.00- 12.00 – პატივმოყვარე და კარიერისტი ადამიანების დაბადების პერიოდია. გამორიცხული არ არის, ამ ადამიანებმა ცხოვრებაში პოლიტიკოსის კარიერა აირჩიონ. კარგი იქნება, თუ ზღვარს არ გადავლენ და მუდმივად შეეცდებიან ამბიციების მოთოკვას.

12.00-14.00 – დროის ამ მონაკვეთში დაბადებულ ადამიანებს, როგორც იტყვიან, დაბადებით დაჰყვებათ ავანტიურიზმის ნიჭი. არც საინტერესო თავგადასავლებისკენ სწრაფვაა ამ ადამიანებისთვის უცხო, მაგრამ კარგად უნდა დაიმახსოვრონ, რომ რისკი ყოველთვის როდი ამართლებს.

14.00- 16.00 – ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები კი თვითონვე ეძებენ სიძნელეებს და იოლადაც ახერხებენ მათ პოვნას. შეიძლება ითქვას, რომ მათთვის ცხოვრებაში ჩვეულებრივი მოვლენა იქნება არასასიამოვნო სიურპრიზები, მაგრამ, ამასთან ერთად, არ უნდა დაივიწყონ, რომ „ამ სიურპრიზების“ სათავე ისევ და ისევ მათშია.

16.00 -18.00 – ამ პერიოდში სიკეთით სავსე ადამიანები იბადებიან. ცხოვრების მანძილზე ისინი სიკეთით შეეცდებიან ყველაფრის მიღწევას და მიაღწევენ კიდეც, თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ დღეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა აკრძალული მეთოდებით ბრძოლა.

18.00-20.00 – ადამიანებისთვის, რომლებიც დროის ამ მონაკვეთში იბადებიან, არანაირი გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს. ისინი სულით იმდენად ძლიერნი არიან, რომ ყველანაირ საფრთხეს ადვილად გაუმკლავდებიან და მიაღწევენ კიდეც წარმატებებს ცხოვრებაში.

20.00-22.00 – დროის ამ მონაკვეთში, შეიძლება ითქვას, რომ „ვარსკვლავები“ იბადებიან – ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში მოკრძალებულ ადგილს ვერ ეგუებიან. ისინი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში იქნებიან.

22.00-24.00 – ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები, როგორც წესი, ფილოსოფიური აზროვნების, ყოველმხრივ ჰარმონიული პიროვნებები არიან. მათ შეუძლიათ უკეთესობისკენ შეცვალონ ქვეყანა, თუკი, რა თქმა უნდა, ამ გზას აირჩევენ ცხოვრებაში.

მოამზადა თამთა გურულმა

ამავე თემაზე: პითაგორას ჰოროსკოპი

რას გვეუბნება ადამიანზე კვირის დღე, როცა ის დაიბადა?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close