ფსიქოლოგიასხვაჰოროსკოპი

რას გვეუბნება ადამიანზე კვირის დღე, როცა ის დაიბადა?

ორშაბათი

ამ ადამიანებს მთვარე მფარველობს. მათში დამალულია უზარმაზარი ენერგეტიკული პოტენციალი და ძალთა დიდი რეზერვი ყველაზე ამბიციური გეგმების რეალიზაციისთვის. დასანანია, თუმცა ჩანაფიქრის ხორცშესხმაში მათ ხშირად ეჭვები უშლის ხელს. ამ დღეს დაბადებულები თუ შეძლებენ ყველა შიშისგან გათავისუფლებას, თავბრუდამხვევ სიმაღლეებზე ავლენ. მათმა პარტნიორმა ყოველ ცისმარე დღეს უნდა უჩვენოს მათ თავისი სიყვარული და ერთგულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთვარის მფარველობის ქვეშ მყოფი, ეჭვით შეპყრობილი ადამიანები მათ ყველა სასიკვდილო ცოდვაში დასდებენ ბრალს. გარშემომყოფებს ისინი თავიანთი სამართლიანობის თანდაყოლილი გრძნობით აღაფრთოვანებენ, ხოლო ფასეულ რჩევებს არასდროს ტოვებენ უყურადღებოდ. ბუნებისგან მათ დახვეწილი გემოვნება აქვთ ნაბოძები.

სამშაბათი

ამ დღეს დაბადებული ადამიანები ბუნებით მებრძოლები და საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან, ისევე როგორც მათი მფარველი პლანეტა მარსი. ხასიათით ისინი ენერგიით აღსავსე ექსტრავერტები არიან. მათი არაჩვეულებრივი თვისებაა ის, რომ არასოდეს არაფერს შუა გზაზე არ მიატოვებენ და არ დამშვიდდებიან, ვიდრე საწადელს არ მიაღწევენ. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ – მათი ბევრი ოცნება აუცილებლად ასრულდება. ხშირად ისინი თავიანთ ინიციატივებს იმდენად გააფთრებით, პირდაპირი მნიშვნელობით, „კბილებით იცავენ“, ეს გარშემომყოფთათვის შეიძლება კონფლიქტის საბაბად იქცეს. ეცადეთ, უფრო ლოიალურები იყოთ და ხშირად წადით დათმობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც გიყვართ ან რომლებთან ერთადაც მუშაობთ. სხვათა შორის, ისინი არაჩვეულებრივად ალერსიანი საყვარლები არიან.

ოთხშაბათი

სამყაროს თუ დავუჯერებთ, ყველაზე კეთილშობილი ადამიანები ოთხშაბათობით იბადებიან. ისინი ყოველი ახლისთვის არიან გახსნილები, სიხარულით იწყებენ ყველაფერს, ყველაზე სარისკო და საინტერესო საქმეებს. მეგობრები მათ გულწრფელობის, ხოლო კოლეგები – ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში მთავარი აქცენტების განაწილების უნარის გამო აფასებენ. ეს თანდაყოლილი შორსმჭვრეტელობა მათი მფარველი პლანეტის – მერკურის დამსახურებაა. ისინი ელეგანტურები არიან, რაც ვლინდება როგორც მათ ჩაცმულობაში, ისე მანერებში. ისინი ძალიან ეჭვიანები არიან და მათმა პარტნიორებმა ამ მხრივ მათი „გამოწვევა“ ფიქრადაც არ უნდა გაივლონ. ისინი თავს კომფორტულად მეგობრების დიდ კომპანიაში გრძნობენ. ურთიერთობა, ცოდნის გაზიარება, ლაღი საუბარი სხვადასხვა თემაზე მათთვის დასვენების საუკეთესო საშუალებაა.

ხუთშაბათი

ხუთშაბათი იუპიტერის დღეა. მისი მფარველობის ქვეშ დაბადებულები ცხოვრებას გამოუსწორებელი ოპტიმისტის თვალით უყურებენ. ისინი მეტისმეტად მგრძნობიარენი და მხიარულები არიან. საწინააღმდეგო სქესთან მათ პირად ურთიერთობებს ხშირად ართულებს ის გარემოება, რომ „იუპიტერის შვილები“ ყოველთვის ვერ ახერხებენ ერთ რამეზე კონცენტრირებას; ისინი პარალელურად რამდენიმე ვარიანტზე ფიქრობენ. ვერაფერს გააწყობ – ასეთები არიან ისინი სიყვარულში! სცადეთ, პარტნიორი იმპულსურად არ აირჩიოთ, არამედ ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა საიმედოობა და უსაფრთხოება. იმ ადამიანებს მიაქციეთ ყურადღება, რომელთა გვერდითაც თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ. თავისი ტიპაჟით ისინი არიან დამცველები, რომლებიც მუდამ მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ ოჯახის კეთილდღეობისთვის; უპირატესობას ანიჭებენ კაშკაშა ფერის სამოსს, რომელიც მათში და გარშემომყოფებში დადებით ენერგიას გააღვიძებს.

პარასკევი

ამ დღეს დაბადებულებს მფარველობას ვენერა უწევს, შესაბამისად, მათი ცხოვრების ენერგეტიკულ ფონს ქმნის სიყვარული თავისი ყველანაირი გამოვლინებით. ვენერას კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ თავისი მფარველობის ქვეშ მყოფებს განსაკუთრებულ სილამაზესა და ხიბლს ანიჭებს. მათი გარეგნობა გულგრილს არავის ტოვებს. ოჯახი – მათი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ახლობელი ადამიანის გულისთვის ისინი მთებსაც გადადგამენ და ისეთ რამეზე არიან წამსვლელნი, რაც სხვა ვითარებაში საეჭვოა, რომ გაეკეთებინათ. პარასკევს დაბადებულები არ უფრთხიან, თავიანთ ოპონენტს პირში უთხრან ყველაფერი, რასაც ფიქრობენ და ხშირად აკრიტიკებენ გარშემომყოფებს, რის გამოც, არცაა გასაკვირი, შეიძლება ბევრი პრობლემა შეექმნათ. შეუპოვრობა და შრომისმოყვარეობა – ეს ის სიტყვებია, რომლებიც საუკეთესოდ აღწერენ მათ დამოკიდებულებას სამუშაოს მიმართ.

შაბათი

თავისი ბუნებით, შაბათს დაბადებული ადამიანები ინტროვერტები არიან, რაც სატურნის დამსახურებაა. ერთი შეხედვით, ისინი ცივის და უკარებას შთაბეჭდილებას ტოვებენ, სინამდვილეში კი, ამ ფორმით ისინი საგულდაგულოდ იცავენ საკუთარ პირად ცხოვრებას და არ სურთ, საკუთარი კომფორტის ზონაში ნებისმიერი პირი შეუშვან. ამასთან ერთად, ისინი გამორჩეულად გულუხვი  ადამიანები არიან, რომლებიც სხვა ადამიანს არასდროს მიატოვებენ გაჭირვებაში, თუ მას მატერიალური დახმარება ესაჭიროება. ისინი შესანიშნავ რჩევებს იძლევიან და არაჩვეულებრივი მოკავშირეები არიან. სიყვარულში მათ დრო ესაჭიროებათ, რათა კარგად შეისწავლონ სხვა ადამიანი იქამდე, სანამ დათანხმდებიან მისთვის გულის გადაშლას. ცხოვრებას ოპტიმისტის თვალით უყურებენ; სიყვარულის საქმეებში მათ სიცხადე ესაჭიროებათ, ორაზროვნებას ვერ იტანენ.

კვირა

აბა, მოემზადეთ! თუ ამ საკრალურ უქმე დღეს დაიბადეთ, მაშინ თქვენი ცხოვრება თავგადასავლებით იქნება სავსე. ავანტიურისტული მისწრაფება, შორეული მოგზაურობების ტრფიალი, მძაფრი ემოციები – ეს ყველაფერი კვირა დღის მფარველი მზის პრეროგატივაა. „ცხოვრება – სიუხვის სავსე ფიალაა“ ან „ცხოვრებისგან ყველაფერი მაქსიმალურად უნდა მიიღო“ – აი, სწორედ ამ დევიზებით ცხოვრობენ კვირას დაბადებული ადამიანები. ამავე დროს, მათ თავქარიანობაში ვერავინ დასდებს ბრალს – მუდმივად ფიქრობენ მომავალზე და ყველაფერს აკეთებენ, რათა ხვალინდელი დღე გუშინდელზე უკეთესი იყოს. კვირა დღის მშვიდი ატმოსფეროს მიუხედავად, სამუშაოს მათ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. როგორც წესი, მათი პროფესია შემოქმედებას უკავშირდება, ეხერხებათ, სრული გასაქანი მისცენ საკუთარ წარმოსახვის უნარს. ისინი ძალიან ვნებიანი და მგზნებარე  საყვარლები არიან.

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close