პითაგორას ჰოროსკოპი – რა შესაძლებლობებს გაძლევთ სამყარო, თქვენი დაბადების თარიღიდან გამომდინარე?

ათასობით წლის წინათ გაჩნდა აზრი, რომ ადამიანის დანიშნულებას და ხასიათს მისი დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე და წელი) განსაზღვრავს. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ  ახალშობილს ერთხელ და სამუდამოდ აქვს „მისჯილი“ მისი ცხოვრების „მარშრუტი“, რომელსაც ვერ გადაუხვევს. ასე რომ იყოს, მაშინ ერთი და იმავე დღეს დაბადებული ყველა ადამიანი სრულიად ერთნაირი იქნებოდა. ნუმეროლოგია, რომელიც ადამიანის დაბადების თარიღიდან გამომდინარე განმარტავს მის ხასიათსა და შესაძლებლობებს, გვკარნახობს მიზანს, რომლის მიღწევაც ხელგვეწიფება, თანაც აუცილებელია და გვასწავლის, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ბედი სიურპრიზებს გვთავაზობს.

ნუმეროლოგიის მამამთავრად მიიჩნევა ძველი ბერძენი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი პითაგორა, მისტიკური რელიგიური და სამეცნიერო საზოგადოების, „პითაგორელების“ დამფუძნებელი. მას ყველაზე მეტად იცნობენ თეორემით, რომელიც მის სახელს ატარებს (ალბათ გახსოვთ სკოლიდან პითაგორას თეორემა: მართკუთხა სამკუთხედში კათეტების კვადრატების ჯამი უდრის ჰიპოტენუზის კვადრატს). მას მიაჩნდა, რომ ყოველივე კოსმოსში არსებულის ჰარმონიას საფუძვლად უდევს უდიდესი მუსიკალური გუნდი და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს არ ესმით პლანეტების მუსიკა, ისე მოქმედებენ, როგორც ჰარმონიული ერთიანობის ნაწილი.

პითაგორას აზრით, მუსიკა ვიბრაციათა სერიაა. მან სამყაროს გუნდიდან რიცხვისკენ „ხიდი გადო“ და გამოაცხადა, რომ „ყოველივე არსებულის საფუძველში ძევს რიცხვები“, რომლებიც ნოტებით ვიბრირებენ, ადამიანის ხასიათს კი ის ვიბრაცია განსაზღვრავს, რომელიც მისი დაბადების მომენტში იყო. ნუმეროლოგიის მეშვეობით დადგენილი კანონზომიერებანი დღემდე  ვერავის აუხსნია, თუმცა უნდა ითქვას, რომ რჩევები, რომლებსაც ნუმეროლოგია იძლევა, საყურადღებოა და გასაზიარებელი.

როგორ გამოვიანგარიშოთ ჩვენი რიცხვი?

შეკრიბეთ თქვენი დაბადების თარიღის ყველა ციფრი და ერთ ციფრამდე დაიყვანეთ. ვთქვათ, ვიღაც 1999  წლის 12 ოქტომბერს (მეათე თვე) დაიბადა. 1+9+9+9+1+2+1+0=32 . 3+2 =5. ამ ადამიანის ცხოვრების ძირითადი რიცხვი „ხუთიანი“ იქნება. ახლა ვნახოთ, „ვინ ვინ არის“:

1. ერთიანები – ნებისყოფიანები, შეუპოვრები არიან. ისინი ყოველთვის მზად არიან, ბრძოლაში გადაეშვან. იღბლიანი დღე – კვირა, ფერი – თეთრი, სურნელი – სანდალოზი, თილისმა – ბრილიანტი.

2. ორიანები – ალტრუისტები არიან. მათ ამქვეყნად მშვიდობა და სიწყნარე მოაქვთ. ისინი ბრძენები და ნებისყოფიანი არიან. იღბლიანი დღე – კვირა. ფერი – მოვერცხლისფრო-რუხი, სურნელი – იასამანი, თილისმა – თეთრი ოქრო.

3. სამიანები – ნიჭიერები, მაგრამ მოუთმენლები, თუმცა გატაცებული იდეალისტები არიან, მათ არც პრაქტიკულობა აკლიათ. იღბლიანი დღე – შაბათი, ფერი – შავი, სურნელი – მუშკი, თილისმა – ამეთვისტო.

4. ოთხიანები – ხელისუფლებისკენ ილტვიან, ბუნებით ლიდერები, შეუპოვრები, გაწონასწორებულები და პატიოსნები არიან. იღბლიანი დღე – ხუთშაბათი, ფერი – ლურჯი, სურნელი – ლევკოიონი (Matthiola incana), თილისმა – საფირონი.

5. ხუთიანები – კონფლიქტურობით გამოირჩევიან; დღევანდელი დღე არ აკმაყოფილებთ და მუდამ წინ ისწრაფვიან, ძლიერები, გაბედულები და ენერგიულები არიან. მათი დღეა სამშაბათი, ფერი – ყვითელი, სურნელი – დარიჩინი, თილისმა – ლალი.

6. ექვსიანები – გაწონასწორებულები, კარგი საურთიერთობო, საიმედო და ხალისიანები არიან. მათთვის იღბლიანი დღეა სამშაბათი, ფერი – ოქროსფერი, თილისმა – ოქრო.

7. შვიდიანები – უბრალოდ, მოვალენი არიან გაიმარჯვონ. მათ მდიდარი ფანტაზია, ძლიერი ინტუიცია და ანალიტიკური აზროვნების უნარი აქვთ. იღბლიანი დღეა პარასკევი, ფერი – მწვანე, სურნელი – ვარდი, თილისმა – ზურმუხტი.

8. რვიანები – ორგანიზებულები და გაბედულები არიან, აქვთ დარწმუნების უნარი და ყოველთვის დიდ ზეგავლენას ახდენენ სხვებზე. მათი დღეა ოთხშაბათი, ფერი – ყავისფერი, სურნელი – ჟასმინი, თილისმა – ტოპაზი.

9. ცხრიანები – შემოქმედებითი შრომისკენ ილტვიან. მათ ძლიერი ინტუიცია და მტკიცე რწმენა აქვთ. იღბლიანი დღეა ორშაბათი, ფერი – მოყვითალო-მწვანე, სურნელი – შროშანი, თილისმა – ონიქსი.

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები
Загрузка...