რომელ საათზე დაიბადეთ? – როგორ მოქმედებს დაბადების დრო ბედსა და ხასიათზე
დაბადების თარიღს ჰოროსკოპში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუმცა ასტროლოგები დაბადების დროსაც დიდ ყურადღებას აქცევენ. მათი მოსაზრებით, საათი და წუთიც კი, როცა ადამიანი დაიბადა, შეიძლება გარკვეულწილად განსაზღვრავდეს მის ხასიათს, მისწრაფებებსა და ცხოვრებისეულ არჩევანს.
რა თქმა უნდა, მხოლოდ დაბადების საათით ადამიანის პიროვნების ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია – სრული ასტროლოგიური რუკისთვის დაბადების თარიღი და ადგილი აუცილებელია.
აბა, ნახეთ, რამდენად იცნობთ საკუთარ თავს.
„მარად ახალგაზრდები“
ღამის 12-იდან 2 საათამდე დაბადებულები
თქვენს სახლს, რომელიც რიგით მეექვსეა, პლანეტა მერკური მართავს.
თქვენი მთავარი ძალა ცნობისმოყვარეობა და ცოდნისკენ სწრაფვაა. ახალი ინფორმაციის მიღება თქვენთვის თითქმის ბუნებრივი მოთხოვნილებაა – ყოველთვის გაინტერესებთ, რა ხდება გარშემო, როგორ მუშაობს ესა თუ ის სისტემა და რა იმალება ერთი შეხედვით მარტივი ამბების მიღმა.
გონებამახვილი და დაკვირვებული ხართ, სწრაფად ითვისებთ ახალ ინფორმაციას და იშვიათად კმაყოფილდებით მხოლოდ ზედაპირული პასუხებით.
თუმცა ცნობისმოყვარეობას მეორე მხარეც აქვს: ზოგჯერ შეიძლება სხვისი საქმეების მიმართ ზედმეტად დაინტერესდეთ, ამიტომ კარგი იქნება, თუ ინფორმაციის მიღების სურვილი ზომიერების ფარგლებს არ გასცდება.
თქვენი კიდევ ერთი გამორჩეული თვისება ახალგაზრდული ენერგიაა. ასაკის მატებასთან ერთადაც კი ხშირად ინარჩუნებთ ცნობისმოყვარეობას, იუმორის გრძნობასა და სამყაროს მიმართ ინტერესს.
„მომხმარებლები“
ღამის 2-იდან 4 საათამდე დაბადებულები
თქვენი სახლი რიგით მეორეა და მას პლანეტა ვენერა მართავს.
მატერიალური სტაბილურობა თქვენთვის მნიშვნელოვანია. გიყვართ კომფორტი, ხარისხიანი ნივთები და ისეთი ცხოვრების შექმნა, სადაც საკუთარ თავს თავისუფლად და დაცულად იგრძნობთ.
მიზნის დასახვის შემდეგ უკან დახევა არ გჩვევიათ. შეგიძლიათ, ბევრი იმუშაოთ და სასურველი შედეგის მისაღწევად დრო და ენერგია არ დაიშუროთ.
ფულის გამომუშავება შეიძლება კარგად გამოგდიოდეთ, თუმცა ხარჯვის სურვილიც საკმაოდ ძლიერი გაქვთ. სწორედ ამიტომ, ფინანსური ბალანსის დაცვა თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
და კიდევ ერთი რამ: ზოგჯერ სასარგებლოა დაფიქრდეთ, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ის, რაც ასე ძალიან გინდათ. ეს არა მხოლოდ თქვენს ფინანსურ მდგომარეობას, არამედ ახლობლებთან ურთიერთობასაც გაამარტივებს.
„ხელმძღვანელები“
დილის 4-იდან 6 საათამდე დაბადებულები
თქვენს სახლს, რომელიც რიგით პირველია, პლანეტა მარსი მართავს და სწორედ მისგან გაქვთ ხელმძღვანელობისა და ლიდერობის უნარი ბოძებული.
დამოუკიდებლობა თქვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. არ გიყვართ, როცა ვინმე გიკარნახებთ, როგორ უნდა მოიქცეთ და მით უმეტეს – როცა თქვენს თავისუფლებას ზღუდავენ.
ინიციატივის აღება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ გაშინებთ. სწორედ ამიტომ, ხშირად ლიდერის როლში აღმოჩნდებით მაშინაც კი, როცა ამას თავიდან არ გეგმავდით.
პირდაპირობა თქვენი ძლიერი მხარეც არის და ზოგჯერ სუსტი წერტილიც. სათქმელს პირდაპირ ამბობთ და შესაძლოა ამას ყველა ყოველთვის მარტივად არ შეხვდეს.
სამაგიეროდ, გულწრფელობა თქვენთვის მნიშვნელოვანია და ტყუილის თქმა ნამდვილად არ გიყვართ.
თქვენი მთავარი გაკვეთილი კი შეიძლება იყოს იმის გაცნობიერება, რომ ძლიერი ადამიანიც შეიძლება შეცდეს და ზოგჯერ დახმარების მიღება სისუსტე კი არა, გონივრული გადაწყვეტილებაა.
„მისტიკოსები“
დილის 6-იდან 8 საათამდე დაბადებულები
თქვენ ნეპტუნის მეთორმეტე სახლს მიეკუთვნებით. იდუმალი და მიუწვდომელი მისტიკოსი ხართ. მარტოობა გიყვართ, რადგან ასეთ დროს თავს უფრო უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობთ. ხშირად გირჩევნიათ, საკუთარ სამყაროში დარჩეთ და ყველაფერს ხმაურისა და ზედმეტი ყურადღების გარეშე დააკვირდეთ.
ინტუიციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ და შესაძლოა ადამიანების განწყობასა თუ სიტუაციის განვითარებას სხვებზე ადრე გრძნობდეთ.
მარტოობა თქვენთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაგრამ ზოგჯერ სწორედ განმარტოებაში ახერხებთ ენერგიის აღდგენას და საკუთარ თავთან დაბრუნებას.
სხვისი დახმარების სურვილიც ძლიერი გაქვთ. შესაძლოა საკუთარი ინტერესებიც კი გადადოთ, თუ ფიქრობთ, რომ ამით საყვარელ ადამიანს ან ვინმეს, ვისაც დახმარება სჭირდება, ცხოვრებას გაუმარტივებთ.
მხოლოდ ერთი რამ გახსოვდეთ: სხვებზე ზრუნვისას საკუთარი თავის დავიწყება საჭირო არ არის.
„პოლიტიკოსები“
დილის 8-იდან 10 საათამდე დაბადებულები
თქვენი სახლი, რომელიც რიგით მეთერთმეტეა, ურანის მფარველობის ქვეშაა.
მომხიბვლელი ხართ და ადამიანების ნდობას ადვილად იმსახურებთ. თქვენი პირადი ინტერესები და მისწრაფებები ხშირად ემთხვევა ე. წ. „სახალხო“ ინტერესებს.
ადამიანებთან ურთიერთობის უნარი თქვენი ძლიერი მხარეა. ხალხი გაფასებთ უბრალოებისა და ადამიანური თვისებების გამო. ადვილად ამყარებთ კონტაქტს და ხშირად ახერხებთ ნდობის მოპოვებას ისე, რომ ამისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა არც გჭირდებათ.
არაჩვეულებრივად ჰუმანური ხართ და ხშირად სუსტების დამცველის როლში გამოდიხართ. სამართლიანობის განცდა ძლიერი გაქვთ და განსაკუთრებით მგრძნობიარე ხართ მაშინ, როცა ვინმეს უსამართლოდ ექცევიან. შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ კარგი, თითქმის სრულყოფილი მონაცემები გაქვთ პოლიტიკური კარიერისთვის.
„კარიერისტები“
დილის 10-იდან 12 საათამდე დაბადებულები
თქვენ სატურნის მეათე სახლს მიეკუთვნებით. „ამბიცია“ თქვენთვის უცხო სიტყვა ნამდვილად არ არის. ძალიან პატივმოყვარე ხართ.
თქვენი მოქმედებები, როგორც წესი, წინასწარ და ზუსტად გაქვთ გააზრებული, სპონტანურ გადაწყვეტილებებს ფრთხილად ეკიდებით. რაც მთავარია, იცით, რომ მიზნის მისაღწევად მოთმინება და შრომაა საჭირო. დისციპლინა თქვენი ერთ-ერთი მთავარი ძლიერი მხარეა.
გარეგნულად შეიძლება მშვიდი და თავშეკავებული ჩანდეთ, თუმცა შინაგანად საკმაოდ დიდი მიზნები და ამბიციები გაქვთ. სწორედ ამიტომ, ადამიანები ზოგჯერ ვერც კი ხვდებიან, რამდენად შორს მიმავალი გეგმები გაქვთ.
წარმატებას შესაძლოა სწრაფად ვერ მიაღწიოთ, მაგრამ ეტაპობრივად მიღწეული შედეგები ხშირად გაცილებით მყარია.
„თავგადასავლების მაძიებლები“
დღის 12-იდან 2 საათამდე დაბადებულები
თქვენ იუპიტერის მეცხრე სახლს მიეკუთვნებით. რუტინა თქვენი საუკეთესო მეგობარი ნამდვილად არ არის. გიყვართ ცვლილებები, ახალი ადგილები, ადამიანები, გამოცდილებები და ყველაფერი, რაც ცხოვრებას მოულოდნელობის ხიბლით ავსებს.
შესაძლოა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან სხვა ქვეყანაში გადასვლაც კი დიდ პრობლემად არ აღიქვათ, თუ გრძნობთ, რომ წინ საინტერესო თავგადასავალი გელოდებათ.
ფული და მატერიალური კეთილდღეობა თქვენთვის ყველაფერს არ ნიშნავს. ადამიანში ხშირად უფრო მეტად აფასებთ საინტერესო ხასიათს, იუმორს, ინტელექტსა და ცხოვრებისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებას.
იღბალიც ხშირად თქვენს მხარესაა, თუმცა ცოტა მეტი დისციპლინა და დაგეგმვა ნამდვილად არ გაწყენდათ – განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდი მიზნის მიღწევა გსურთ.
„ფენიქსები“
დღის 2-იდან 4 საათამდე დაბადებულები
თქვენ პლუტონის მერვე სახლს მიეკუთვნებით. ძლიერი ხასიათის ადამიანი ხართ და ემოციურობით გამოირჩევით. მშვიდი და ერთფეროვანი ცხოვრება არ გაკმაყოფილებთ – ხშირად უფრო მეტად გიზიდავთ გამოწვევები, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობების გამოცდას გაიძულებთ.
ცხოვრებაში შეიძლება რთული პერიოდებიც გქონდეთ, არ არის გამორიცხული, თქვენი გზის პირველი მესამედი გარკვეული სირთულეებით იყოს სავსე, მაგრამ სწორედ ასეთ მომენტებში ავლენთ ნამდვილ ძალას.
წარუმატებლობა თქვენთვის საბოლოო წერტილი არ არის. პირიქით, დაცემის შემდეგ წამოდგომა შეგიძლიათ და ხშირად ასეთი გამოცდილებიდან გაცილებით ძლიერი გამოდიხართ.
თუ თქვენს ენერგიას სწორ მიმართულებას მისცემთ, ძალიან დიდი მიზნების მიღწევას შეძლებთ.
თქვენი მთავარი ძალა სწორედ ეს არის – შეგიძლიათ, ფერფლიდანაც კი აღდგეთ და ყველაფერი თავიდან დაიწყოთ უფრო მეტი შემართებით.
„მშვიდობის მოყვარულები“
დღის 4-იდან 6 საათამდე დაბადებულები
თქვენ ვენერას მეშვიდე სახლს მიეკუთვნებით.
ამ ქალღმერთის სახლში დაბადებულ ქალებს ხშირად ვერ წარმოუდგენიათ არსებობა საყვარელი „მეორე ნახევრის“ გარეშე. თუმცა ფრთხილად იყავით – სიყვარულის მუდმივი მოთხოვნილება შესაძლოა მარტოობის პანიკურ შიშშიც კი გადაიზარდოს.
ურთიერთობებში ჰარმონია თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კონფლიქტები არ გიყვართ და ხშირად ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ დაძაბული სიტუაცია მშვიდობიანად მოგვარდეს.
თანაგრძნობის ძლიერი უნარი გაქვთ და სხვისი ემოციების გაგება შედარებით მარტივად შეგიძლიათ.
სიყვარულსა და ახლო ურთიერთობებს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. საყვარელ ადამიანებთან სიახლოვე თქვენთვის მხოლოდ რომანტიკა კი არა, ემოციური უსაფრთხოების განცდაცაა.
ამასთან, ფრთხილად იყავით: ურთიერთობის შენარჩუნების სურვილმა საკუთარი თავის დაკარგვამდე არ მიგიყვანოთ.
თქვენი ტაქტიანობა, მოთმინება და ოჯახში ჰარმონიის შექმნის უნარი კი ნამდვილად გამოგარჩევთ.
„გუნდის მოთამაშეები“
საღამოს 6-იდან 8 საათამდე დაბადებულები
თქვენ მერკურის მეექვსე სახლს მიეკუთვნებით. ნამდვილი მეგობარი ხართ. თქვენნაირი ადამიანები სულის სიმტკიცეს ყოველთვის ინარჩუნებენ და ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი ახერხებენ გამოსავლის პოვნას.
ერთგულება თქვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თვისებაა. რთულ სიტუაციაში ახლობელს არ ტოვებთ და ხშირად მზად ხართ, საკუთარი კომფორტიც კი დათმოთ სხვის დასახმარებლად.
კარგად გამოგდით გუნდური მუშაობა და ადამიანების მხარდაჭერა. სხვების ინტერესების გათვალისწინება ბუნებრივად შეგიძლიათ.
თუმცა არსებობს ერთი საფრთხე: ზედმეტმა ერთგულებამ შესაძლოა ზოგჯერ ისეთი ადამიანები დაგაახლოოთ, რომლებიც თქვენს კეთილგანწყობას ბოროტად გამოიყენებენ.
ამიტომ გახსოვდეთ – დახმარება კარგია, მაგრამ ყველას პრობლემის საკუთარ თავზე აღება აუცილებელი არ არის.
თქვენთვის ასევე მნიშვნელოვანია აქტიური ცხოვრების წესი და კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნება.
„ვარსკვლავები“
საღამოს 8-იდან 10 საათამდე დაბადებულები
თქვენ მზის მეხუთე სახლს მიეკუთვნებით. ირგვლივ ყველაფერს მზესავით ანათებთ. თქვენ წარმოუდგენლად შემოქმედებითი ადამიანი ხართ. სცენისა და ყურადღების ცენტრში ყოფნისკენ სწრაფვა გახასიათებთ. გიყვართ, როცა თქვენი შრომა და შესაძლებლობები შეუმჩნეველი არ რჩება.
საკუთარი თავის წარმოჩენა კარგად შეგიძლიათ და ადამიანების წინაშე თავდაჯერებულობას არ კარგავთ.
შესაძლოა სწორედ ამიტომ გიზიდავდეთ შემოქმედებითი სფეროები, სცენა, კამერა ან ნებისმიერი საქმიანობა, სადაც საკუთარი ინდივიდუალურობის გამოვლენის საშუალება გაქვთ.
თქვენთვის მნიშვნელოვანია, გარშემო ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებიც თქვენს შესაძლებლობებს სწორად აფასებენ.
ამასთან, ყურადღების სიყვარული სულაც არ ნიშნავს ეგოიზმს. პირიქით – საყვარელი ადამიანებისა და ბავშვების გარემოცვაში ხშირად განსაკუთრებით თბილი და გულუხვი ხდებით.
„ფილოსოფოსები“
ღამის 10-იდან 12 საათამდე დაბადებულები
თქვენ მთვარის მეოთხე სახლს მიეკუთვნებით. თქვენთვის ცხოვრება მხოლოდ ყოველდღიური საქმეების, სამუშაოსა და ყოფითი პრობლემების ერთობლიობა არ არის. ხშირად გიჩნდებათ სურვილი, უფრო ღრმად შეიცნოთ ადამიანი, მისი ბუნება და ის, თუ რატომ ხდება სამყაროში ყველაფერი ისე, როგორც ხდება.
ემოციური ხართ, თუმცა ამას ყოველთვის არ ამჟღავნებთ. ერთი შეხედვით მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, მაგრამ შინაგანად ყველაფერს გაცილებით მძაფრად განიცდით.
თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შინაგანი სიმშვიდე და ემოციური უსაფრთხოება. თუ ვინმე თქვენს პირად სივრცეს ან შინაგან წონასწორობას არღვევს, ამის დავიწყება არც ისე მარტივად შეგიძლიათ.
გიზიდავთ ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ადამიანის სულიერი სამყარო და ცხოვრების დიდი კითხვები. შესაძლოა სწორედ ეს მუდმივი ძიება გახდეს თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა.
და თუ ზოგჯერ წარმატება გვიან მოვა, ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას – თქვენი საუკეთესო პერიოდი შესაძლოა სწორედ მაშინ იწყებოდეს, როცა სხვები ფიქრობენ, რომ ყველაფერი უკვე დასრულებულია.
თამთა გურული
ამავე თემაზე: ბედისწერის გასაღები ანუ რაზე მიანიშნებს ადამიანის დაბადების საათი?



