ჯანმრთელობარჩევებიტესტები

10-წამიანი ტესტი: რატომ უკავშირდება ცალ ფეხზე დგომა სიცოცხლის ხანგრძლივობას?

შეგიძლიათ 10 წამი ცალ ფეხზე წონასწორობის დაკარგვის გარეშე გაჩერდეთ? კვლევებმა აჩვენა, რომ ამ მარტივ უნარს შესაძლოა უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ცალ ფეხზე წონასწორობის შენარჩუნება ერთი შეხედვით მარტივი ამოცანაა, თუმცა სინამდვილეში ის ორგანიზმის რამდენიმე სისტემის – კუნთების, ნერვული სისტემის, მხედველობისა და ვესტიბულური აპარატის შეთანხმებულ მუშაობას მოითხოვს.

ასაკის მატებასთან ერთად ეს უნარი თანდათან უარესდება. უფრო მეტიც, კვლევებმა აჩვენა, რომ საშუალო და ხანდაზმულ ასაკში ცალ ფეხზე დგომის შეუძლებლობა ჯანმრთელობის ზოგიერთ არასასურველ მაჩვენებელთან, მათ შორის, სიკვდილიანობის გაზრდილ რისკთან არის დაკავშირებული.

რას აჩვენებს 10-წამიანი ტესტი

2022 წელს British Journal of Sports Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაში 51-დან 75 წლამდე ასაკის 1702 ადამიანი მონაწილეობდა. მათ, ვისაც სიარულის პრობლემა არ ჰქონდა, სთხოვეს, ფეხშიშველი, სწორ ზედაპირზე, ხელების დახმარების გარეშე, ცალ ფეხზე 10 წამი გაჩერებულიყო.

კვლევის მონაწილეთა დაახლოებით მეხუთედმა ანუ 20,4%-მა დავალების შესრულება ვერ შეძლო. მათ შორის ტესტის ჩავარდნის ალბათობა ასაკთან ერთად იზრდებოდა.

მონაწილეებს საშუალოდ დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ამ პერიოდში 123 ადამიანი გარდაიცვალა.

ასაკის, სქესის, სხეულის მასის ინდექსისა და ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების გათვალისწინების შემდეგ მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მათ, ვინც 10-წამიანი ტესტის შესრულება ვერ შეძლო, ნებისმიერი მიზეზით გარდაცვალების რისკი დაახლოებით 84%-ით მაღალი ჰქონდათ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებმაც ტესტი წარმატებით გაიარეს.

თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია: ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც ცალ ფეხზე 10 წამს ვერ ჩერდება, აუცილებლად უფრო ადრე გარდაიცვლება.

კვლევა დაკვირვებითი იყო და მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენის საშუალებას არ იძლეოდა. სხვა სიტყვებით, ტესტი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას ვერ განსაზღვრავს. ის მხოლოდ მიუთითებს, რომ ცუდი ბალანსი შეიძლება ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ნიშანი იყოს.

რატომ არის წონასწორობა ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი

წონასწორობის შესანარჩუნებლად ორგანიზმს ერთდროულად რამდენიმე სისტემის მუშაობა სჭირდება.

მნიშვნელოვანია კუნთების ძალა და კოორდინაცია, მხედველობა, ვესტიბულური სისტემა, რომელიც სივრცეში სხეულის მდებარეობის აღქმაში გვეხმარება, ასევე, ნერვული სისტემის უნარი, სწრაფად დაამუშაოს ეს ინფორმაცია და შესაბამისი რეაქცია გამოიწვიოს.

ამიტომ წონასწორობის გაუარესება შესაძლოა არა მხოლოდ კუნთების სისუსტეს, არამედ ასაკთან დაკავშირებულ სხვა ცვლილებებსაც ასახავდეს.

2024 წელს Mayo Clinic-ის მკვლევრებმა 50 წელს გადაცილებულ 40 ჯანმრთელ ადამიანს სიარულის, კუნთების ძალისა და წონასწორობის სხვადასხვა ტესტი ჩაუტარეს. აღმოჩნდა, რომ ასაკთან ერთად განსაკუთრებით მკვეთრად უარესდებოდა სწორედ ცალ ფეხზე დგომის უნარი.

მკვლევართა შეფასებით, ცალ ფეხზე წონასწორობის შენარჩუნება ასაკთან დაკავშირებული ნეირომუსკულური ცვლილებების ერთ-ერთი საინტერესო მაჩვენებელია.

როგორ ჩავატაროთ 10-წამიანი ტესტი

ტესტის გაკეთება მარტივია, თუმცა უსაფრთხოება მნიშვნელოვანია.

  1. დადექით სწორ და მყარ ზედაპირზე, ფეხშიშველი ან კომფორტული ფეხსაცმლით.
  2. წელში გაიმართეთ და ხელები თეძოებზე დაიდეთ (დოინჯი შემოიყარეთ).
  3. მზერა წინ მიმართეთ.
  4. ერთი ფეხი იატაკიდან ასწიეთ ისე, რომ მეორე ფეხის წვივი ან კოჭი არ დაიხმაროთ წონასწორობის შესანარჩუნებლად.
  5. შეეცადეთ, ამ მდგომარეობაში 10 წამი გაჩერდეთ.

ტესტი სრულდება მაშინ, როდესაც აწეული ფეხი იატაკს ეხება ან საყრდენი ფეხი გადაადგილდება და წონასწორობის შესანარჩუნებლად ხელების გამოყენება გჭირდებათ.

კვლევაში მონაწილეებს ტესტის შესრულების რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდათ.

გაითვალისწინეთ, რომ სახლში ტესტირებისას უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია: თუ წონასწორობის პრობლემა გაქვთ, აუცილებლად დადექით კედელთან, მყარ მაგიდასთან ან სხვა საიმედო საყრდენთან ახლოს. ხანდაზმულმა ადამიანებმა, რომლებსაც უკვე უჭირთ წონასწორობის შენარჩუნება, ტესტი დახმარების გარეშე არ უნდა სცადონ. Mayo Clinic-იც რეკომენდაციას იძლევა, რომ საჭიროების შემთხვევაში ცალ ფეხზე დგომისას საყრდენი გამოიყენოთ.

რამდენი წამი უნდა შეგეძლოთ ცალ ფეხზე დგომა?

აქ ერთი უნივერსალური „ნორმის“ დასახელება რთულია – შედეგზე გავლენას ახდენს ასაკი, ფიზიკური მომზადება, სახსრების მდგომარეობა, მხედველობა, ნერვული სისტემის ფუნქცია და სხვა ფაქტორები.

Mayo Clinic-ის მკვლევარი კენტონ კაუფმანი აღნიშნავს, რომ 50 წელს გადაცილებული ადამიანისთვის 30 წამამდე ცალ ფეხზე დგომა კარგი შედეგია, თუმცა ეს სამედიცინო დიაგნოსტიკური ზღვარი არ არის. ამავე კვლევაში ცალ ფეხზე დგომის ხანგრძლივობა ასაკთან ერთად მნიშვნელოვნად მცირდებოდა.

ამასთან, 10-წამიანი ტესტის კვლევა კონკრეტულად 51–75 წლის ადამიანებში სიკვდილიანობის რისკთან კავშირის შესაფასებლად ჩატარდა. ამიტომ მისი შედეგები არ უნდა გამოვიყენოთ ყველა ასაკის ადამიანისთვის ერთნაირი „ნორმის“ დასადგენად.

ცუდი შედეგი დაავადებას არ ნიშნავს

თუ ადამიანი ცალ ფეხზე 10 წამს ვერ ჩერდება, ეს თავისთავად დიაგნოზი არ არის.

შედეგზე შეიძლება გავლენა მოახდინოს წარსულში მიღებულმა ტრავმამ, სახსრების პრობლემებმა, მხედველობის გაუარესებამ, გარკვეული მედიკამენტების მოქმედებამ ან უბრალოდ იმან, რომ ადამიანს ამ უნარის განვითარებისთვის არასოდეს უვარჯიშია.

მაგრამ თუ წონასწორობა მოულოდნელად ან აშკარად გაუარესდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას თან ახლავს თავბრუსხვევა, სისუსტე, სიარულის შეცვლა ან სხვა უჩვეულო სიმპტომები, სასურველია ექიმთან კონსულტაცია.

კარგი ამბავი: წონასწორობის გაუმჯობესება შესაძლებელია

წონასწორობა ისეთი უნარია, რომლის გაუმჯობესებაც ვარჯიშით შეიძლება. მარტივი ბალანსის ვარჯიშები სპეციალური აღჭურვილობის გარეშეც სრულდება და ასაკის მატებასთან ერთად მოძრაობის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში გვეხმარება.

ამიტომ 10-წამიანი ტესტის მთავარი გზავნილი ალბათ არის არა ის, რომ „10 წამი ვერ გაძელი და სიცოცხლე შეგიმოკლდება“, არამედ ბევრად უფრო პრაქტიკული რამ:

წონასწორობა ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი კომპონენტია და მისი შენარჩუნება ასაკის მატებასთან ერთად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კუნთების ძალისა და მოძრაობის შენარჩუნება.

და თუ დღეს ცალ ფეხზე მდგომმა მხოლოდ რამდენიმე წამს გაძელით, ეს განაჩენი ნამდვილად არ არის – შესაძლოა, უბრალოდ, დროა წონასწორობას ცოტა მეტი ყურადღება დაუთმოთ.

წონასწორობის განვითარება ვარჯიშით

კარგი ამბავი ის არის, რომ წონასწორობა ვარჯიშით გაუმჯობესებადი უნარია. რეგულარული ვარჯიში აძლიერებს კუნთებს, აუმჯობესებს კოორდინაციას, სხეულის კონტროლსა და რეაქციის სისწრაფეს.

აი რამდენიმე მარტივი სავარჯიშო, რომლებიც სახლში, სპეციალური აღჭურვილობის გარეშე შეგიძლიათ შეასრულოთ.

1. ცალ ფეხზე დგომა

დადექით მყარ და სწორ ზედაპირზე, სასურველია ფეხშიშველი. ერთი ფეხი ოდნავ ასწიეთ და შეეცადეთ, წონასწორობა შეინარჩუნოთ. მუხლი ბოლომდე არ „ჩაკეტოთ“ და სხეულის წონა ტერფზე თანაბრად გადაანაწილეთ.

დაიწყეთ რამდენიმე წამით და თანდათან გაზარდეთ დრო. შემდეგ იგივე მეორე ფეხით გაიმეორეთ.

თუ წონასწორობის შენარჩუნება გიჭირთ, იდექით კედელთან ან მყარ სკამთან ახლოს, რათა საჭიროების შემთხვევაში საყრდენი გამოიყენოთ.

2. ფეხის წვერებზე აწევა

დადექით ორივე ფეხზე ისე, რომ ტერფები ერთმანეთთან ახლოს იყოს. ნელა აიწიეთ ფეხის წვერებზე, შეინარჩუნეთ წონასწორობა და შემდეგ ფრთხილად დაეშვით.

როდესაც ვარჯიში გაგიადვილდებათ, შეგიძლიათ თვალდახუჭულმა სცადოთ მისი შესრულება, თუმცა მხოლოდ მაშინ, თუ გვერდით მყარი საყრდენი გაქვთ.

ეს სავარჯიშო ავითარებს სხეულის პოზიციის კონტროლის უნარს და წვივისა და ტერფის კუნთებს აძლიერებს.

3. შემობრუნებები

დადექით ცალ ფეხზე და, ქუსლის ოდნავ აწევით, ნელა შეასრულეთ 90-გრადუსიანი შემობრუნება. გაჩერდით, წონასწორობა აღიდგინეთ და შემდეგ საწყის პოზიციას დაუბრუნდით.

დაიწყეთ მცირე კუთხით და ნელი მოძრაობით. როდესაც ეს მარტივად გამოგივათ, შეგიძლიათ 180-გრადუსიანი, შემდეგ კი უფრო რთული შემობრუნებაც სცადოთ.

აქ მთავარი სისწრაფე კი არა, მოძრაობის კონტროლი და სტაბილურობაა.

4. ცალი ფეხის წვერებზე დგომა

ცალ ფეხზე დგომით აიწიეთ თითის წვერებზე და შეეცადეთ, რამდენიმე წამით შეინარჩუნოთ პოზიცია. საჭიროების შემთხვევაში, თითებით მსუბუქად დაეყრდენით კედელს ან სკამს.

როდესაც ვარჯიში გაგიადვილდებათ, თანდათან გაზარდეთ პოზიციის შენარჩუნების დრო. შემდეგ ფეხი შეცვალეთ.

5. ბურთის გადაგდება წონასწორობის შენარჩუნებისას

თუ უკვე კარგად ინარჩუნებთ წონასწორობას, შეგიძლიათ ვარჯიში გაართულოთ პარტნიორთან ერთად.

დადექით ცალ ფეხზე და ერთმანეთს მსუბუქი ბურთი გადაუგდეთ. ეს ვარჯიში ერთდროულად ავითარებს წონასწორობას, კოორდინაციას, რეაქციის სისწრაფესა და სხეულის მოძრაობის კონტროლს.

დასაწყისისთვის ფეხი სრულად გქონდეთ საყრდენზე. უფრო რთული ვარიანტები მხოლოდ მაშინ სცადეთ, როდესაც მარტივი მოძრაობა უკვე სტაბილურად გამოგდით.

არ დაგავიწყდეთ ტანის კუნთები

წონასწორობისთვის მხოლოდ ფეხების კუნთების გაძლიერება არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანი როლი აქვს ე. წ. კორპუსის (ტანის ცენტრალური ნაწილი) კუნთებსაც, რომლებიც სხეულის სტაბილურობის შენარჩუნებაში მონაწილეობენ.

ტანისა და ფეხების კუნთების გასაძლიერებლად გამოიყენება სხვადასხვა ვარჯიში, მათ შორის, იოგა, პილატესი, ტაი-ჩი და საბრძოლო ხელოვნების ზოგიერთი მიმართულება.

მარტივი ვარიანტებია:

მუცლის კუნთების ვარჯიში. დაწექით ზურგზე, ნელა ასწიეთ ფეხები და მუცლის კუნთები დაჭიმეთ ისე, რომ წელი იატაკს მჭიდროდ ეხებოდეს. შეინარჩუნეთ პოზიცია დაახლოებით 5 წამის განმავლობაში, შემდეგ კი ფეხები ნელა დაუშვით ისე, რომ წელი იატაკს არ მოსცილდეს. გაიმეორეთ 5-10-ჯერ.

ფეხების გვერდზე გადატანა. დაწექით ზურგზე და ფეხები ასწიეთ. ხელები გვერდებზე გაშალეთ და ფეხები ნელა გადაიტანეთ ერთ მხარეს, შემდეგ კი საწყის პოზიციას დაუბრუნდით. მოძრაობა მუცლის კუნთებით აკონტროლეთ. გაიმეორეთ ორივე მხარეს.

სასურველია ეს სავარჯიშოები კვირაში რამდენჯერმე შეასრულოთ და თანდათანობით გაზარდოთ დატვირთვა.

წონასწორობის გაუმჯობესება სწრაფი შედეგის მიღწევის შეჯიბრი არ არის. მთავარია რეგულარული, მშვიდი და კონტროლირებული ვარჯიში სხეულის შესაძლებლობების გათვალისწინებით და ზედმეტი დატვირთვის გარეშე.

ნინო ხოშტარია

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close