fbpx
მედიცინა

მეცნიერებმა დაადგინეს მაქსიმალური ასაკი, რომლამდე მიღწევაც ადამიანს შეუძლია

სინგაპურში დაფუძნებულ კომპანია Gero PTE-ს და მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა ამერიკელ კოლეგებთან ერთად დაადგინეს მაქსიმალური ასაკი, რომლამდე მიღწევაც ადამიანს შეუძლია. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემა Nature Communications-ში ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

სპეციალისტებმა ყურადღება ბიოლოგიურ ასაკზე გაამახვილეს, რომელსაც ჩვენი ორგანიზმის შემადგენელი უჯრედების მდგომარეობა განსაზღვრავს. მასზეა დამოკიდებული სიცოცხლის ხანგრძლივობაც – რაც უფრო ნაკლებია პირველი, მით მეტია მეორე. მასზე დიდ გავლენას ახდენს ცხოვრების წესი, მაგალითად, ნიკოტინის მოხმარება ორგანიზმზე უარყოფითად აისახება, ვარჯიში კი – პირიქით. შესაბამისად, ბიოლოგიური ასაკი მუდმივად ცვალებადია, განსხვავებით ქრონოლოგიურისგან, რომელიც შეუქცევადია. დროის მსვლელობასთან ერთად ადამიანი სხვადასხვა დაავადების მიმართ უფრო და უფრო მოწყვლადი ხდება, იქნება ეს ნევროლოგიური დარღვევები თუ განუკურნებელი სნეულებები. პიროვნების ჯანმრთელობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება კი სისხლის საერთო ანალიზითაა შესაძლებელი.

მსოფლიოში უხუცესი ადამიანი, 118 წლის იაპონელი კანე ტანაკა

მეცნიერებმა კვლევის 544 398 მონაწილის სისხლის საერთო ანალიზი შეისწავლეს და მიღებული შედეგები ფიტნეს კომპანია Fitbit-ის მიერ მიწოდებულ მონაცემებთან შეაჯერეს. ეს უკანასკნელი ადამიანთა შედარებით მცირე ჯგუფს აერთიანებდა. ნაშრომის ავტორები დააკვირდნენ, როგორ იცვლებოდა მათი ბიოლოგიური ასაკი და ამის განმაპირობებელ მთავარ ფაქტორს მიაგნეს, რომელსაც ორგანიზმის დინამიკური მდგომარეობის ინდიკატორი უწოდეს. ეს არის ფიზიკური ძალების აღდგენის უნარი, რომლის გაქრობაც სიკვდილს მოასწავებს. ამის მიხედვით მკვლევრებმა გამოთვალეს, რომ ჩვენი სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 120-150 წელია.

მეცნიერთა განცხადებით, აღნიშნულ ასაკზე დიდხანს სიცოცხლე ადამიანს ფიზიკურად არ შეუძლია, რაც არ უნდა ჯანმრთელი იყოს იგი. ისინი ფიქრობენ, რომ დაბერების პროცესის შესანელებლად მედიცინამ არა დაავადებებთან ბრძოლის, არამედ სწორედ ძალების აღდგენის უნარის შენარჩუნების გზები უნდა ეძებოს.

popx.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close