ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირველად დაიწყო პირდაპირი ფრენა შვეიცარიულმა ავიაკომპანია Edelweiss-მა

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება.
შვეიცარიულმა Edelweiss-მა ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი 12 აპრილს შეასრულა და 131 მგზავრი ჩამოიყვანა.
Edelweiss-ი ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით (ციურიხიდან თბილისში – შაბათს და სამშაბათს, თბილისიდან ციურიხში – კვირას და ოთხშაბათს).
ციურიხიდან პირველ პირდაპირ რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ბორტზე შვეიცარიული მედიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ჩამოვიდნენ. ისინი ერთი კვირის განმავლობაში დარჩებიან და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურებენ, შემდეგ კი შვეიცარიულ მედიაში საქართველოს შესახებ სტატიები გამოქვეყნდება.
Edelweiss-ი Lufthansa-ს ჯგუფის მფლობელობაში შემავალი შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც ფრენას ციურიხის ბაზიდან 90 მიმართულებით ასრულებს ევროპის ქვეყნებში და ამერიკის კონტინენტზე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ორივე ავიაკომპანიის – Edelweiss-ისა და Swiss International Airlines-ის ვებგვერდებზე.
კომენტარები