„გულმა სხვაგვარად დაიწყო ფეთქვა და იტალიის მიწაზე მყარად ვდგავარ!!!.. ეს იგივეა, რაც სამშობლოში დაბრუნება, „მეც ქართველი ვარ“ – ეს სიტყვები ემიგრანტისთვის ზარივით რეკავს!!!“ – ქართველი ემიგრანტები კვარაცხელიაზე
იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ჟურნალისტი ხათუნა შარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ნაპოლის“ შემადგენლობაში, სერია A-ში ჩატარებულ მატჩს ეხმაურება. შარაძე წერს, რომ კვარაცხელიამ ქართველი ემიგრანტების უიმედობას წერტილი დაუსვა.
„ხვიჩა კვარაცხელიამ ემიგრაციაში დაგუბებული ქართველი ემიგრანტების უსასოობას წერტილი დაუსვა! ამ ერთმა ბიჭმა წელში გამართა სრულიად დიასპორა! ეს იგივეა, რაც სამშობლოში დაბრუნება!!!
ემიგრანტების შელახული რეპუტაცია, დამამცირებელი ცხოვრებით გამოწვეული უხერხულობა, უსამშობლოობის განცდა გააქრო!!!
„მეც ქართველი ვარ!!! ეს სიტყვა ემიგრანტისთვის ზარივით რეკავს!!! ის ავტორიტეტია, რომელიც სხვებს აიძულებს, პატივისცემით მოგვექცნენ!!!
30-წლიანი ემიგრაციის ფონზე ეს ვერასდროს ვერავინ შეძლო, გარდა 22 წლის ბიჭისა, რომელიც უბრალოდ ქართველად დაიბადა!!!
მადლობა ხვიჩა!“ – ვკითხულობთ პოსტში.
კიდევ ერთი ემიგრანტი ლელა თოლორდავა წერს: „გულმა სხვაგვარად დაიწყო ფეთქვა და იტალიის მიწაზე მყარად ვდგავარ!!!“ – და ამისთვის „კვიჩა კვაკვაცხელიას” მადლობას უხდის.
„შენც კაი მაკვარანცხი ხარ, კვარაცხელია!
გულმა სხვაგვარად დაიწყო ფეთქვა და იტალიის მიწაზე მყარად ვდგავარ!!!
ვინც არ მეკითხება, იმასაც ვამცნობ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას თანამემამულე ვარ!!!
ეს წუთია ასე გავეცანი ჩვენი სოფლის (ტოსკანა, პიზის პროვინცია, პალაიას მუნიციპალიტეტის სოფელი ფორკოლი) ავტობუსის მძღოლსდა ვეროო (მართლა) ?! ჯურო( ვფიცავ) მეთქი…
ბრავისიმო რაგაცო ( საუკეთესო ბიჭი) არისო …
გადარეული იტალიელები სულ რომ შეშალე, თუ იცი, ნეტა?!
ყველა დროის ყველაზე ცნობილი ქართველი ხარ აქ, ამ მიწაზე!!!
სასწაული მოახდინე, ხორხისმიერი თანხმოვნები ათქმევინე ხალხს, რომელიც ქართველი ბადანტეების გვარ- სახელებს ვერ წარმოთქვამდა და ამიტომაც იტალიურ სახელებს არქმევდნენ, ყველა მზია და ყველა ხათუნა მარია გახდა!!!
>ხ ვ ი ჩ ა კ ვ ა რ ა ც ხ ე ლ ი ა !!!!!!!!!!- სკანდირებდა, ,,მარადონას” არენა გუშინ ნაპოლში და დანარჩენი იტალია ეკრანს მიღმა აყოლებდა ხმას!!!
დამიწერეო, ,,კვიჩა კვაკვაცხელია” ქართულად, ჩემს მეგობრებს უნდა ვაჩვენოო , ჩემი იტალიელი ბებოს მაკვარანცხმა შვილიშვილმა!!!
ხოდა, საქართველოდან წამოღებულ რვეულის ყდაზე ულამაზესი ქართული შრიფტით დავწერე – ხ ვ ი ჩ ა კ ვ ა რ ა ც ხ ე ლ ი ა და დავახატე ჩვენი დროშა
ლელა, შენ რომ მეძახი ქართულად სახელს, იმას გავსო კვიჩას გვარი
მაკვარანცხს ვეძახი, ამ იტალიელ პეპის. „შენც კაი მაკვარანცხი ხარ, კვარაცხელია!!
>ასე გააგრძელე და სამშობლოს მონატრებაში გალეულ ჩვენს გულებს სიცოცხლე დაუბრუნე!!!
ნუ გვიწყენთ, თუ იტალიელ ემიგრანტებს სხვანაირი სიამაყე გვეუფლება!!!
სხვანაირად ბედნიერი ვხდებით!!!“
ცნობისათვის, ხვიჩა კვარაცხელიამ უკვე მეორე მეტსახელიც დაიმკვიდრა – „კვარადონა“, რომელიც „ვერონასა“ და „მონცასთან“ გატანილი 3 ეფექტური გოლის და ერთი საგოლე გადაცემის შემდეგ ურწმუნო თომებისთვისაც კი მისაღები გახდა. ამის შესახებ ბრიტანული „გარდიანი“ წერს:
„მალე „კვარა“ გახდა მისაღები, თუმცა სერია A-ში ორი მატჩის შემდეგ მას ახალი მეტსახელი მიენიჭა. ნეაპოლის ესპანური კვარტალის ხეივნებიდან დაწყებული, გაზეთების სათაურებით დამთავრებული, ქართველს ორშაბათს უკვე ესალმებოდნენ, როგორც „კვარადონას“.
შესაძლოა ერთმა ან ორმა ოპტიმისტმა აიტაცა ეს სახელი მის მოსვლამდე, ენდობოდნენ რა წინასწარ ინფორმაციებს და „თავხედი“ ახალგაზრდა დრიბლიორის ჩამოსვლას აანონსებდნენ. მისმა თანაგუნდელმა ზურიკო დავითაშვილმა კვარაცხელიას „ქართველი მესი“ უწოდა“.
„ორ მატჩში კვარაცხელიამ შესანიშნავი ჰეთ-თრიკი შეასრულა – ერთი გოლი თავით და თითო-თითო გოლი ორივე ფეხით. ცუდი არ არის ფეხბურთელისთვის, რომელიც მოკრძალებული 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოვიდა. ეს არის „ნაპოლის“ სპორტული დირექტორის კრიშტიანო ჯუნტოლის მუშაობის დასტური, რომელიც ბათუმის „დინამოსთან“ მოლაპარაკებას აპრილში მტკიცედ დათანხმდა. კვარაცხელია ქართულ კლუბს ერთი თვით ადრე შეუერთდა და ყაზანის „რუბინი“ დატოვა მას შემდეგ, რაც ფიფამ რუსეთში უცხოელ ფეხბურთელებს უკრაინაში შეჭრის შემდეგ კონტრაქტის გაწყვეტის უფლება მისცა“, – წერს „გარდიანი“.
თუმცა არც „ვერონას“ და არც „მონცას“ „ნაპოლისთვის“ დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია და გუნდს და მის შემადგენლობაში – 21 წლის ქართველ ამომავალ ვარსკვლავს წინ უფრო რთული მატჩები ელის. „ნაპოლის“ მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ფიქრობს, რომ კვარაცხელიას ბევრად მეტის ჩვენება შეუძლია:
„[ხვიჩა კვარაცხელია] ჯერ კიდევ ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება და როდესაც ამ წნეხისგან გათავისუფლდება, ის ხალხს დაანახვებს, როგორი ფეხბურთელია. დღეს რამდენიმე მომენტი იყო, როცა ბურთს ფლობდა და საკუთარ თავში ეჭვი ეპარებოდა“, – აცხადებს იგი.
„სწორ გზაზე ვდგავართ. უბრალოდ, ასე უნდა გავაგრძელოთ“, – მიაჩნია სპალეტის.
მოამზადა მანანა ბანძელაძემ
კომენტარები