იტალიაკულტურა

იტალიელი მეღვინე თითო ბოთლ ღვინოს 5 ათას დოლარად ყიდის და აცხადებს, რომ მყიდველებმა ის არ უნდა დალიონ

იტალიელი მეღვინე ტულიო მასონი მყიდველებს მოუწოდებს, მის მიერ წარმოებული ღვინო არ დალიონ. ამის შესახებ CNN-ი წერს.

ტელეარხის ცნობით, მასონი ღვინოს ქალაქ რეჯო ემილიაში აწარმოებს. მას პატარა ვენახი მე-16 საუკუნის პალაცოს სახურავზე აქვს გაშენებული. ღვინოს პალაცოს მისამართის სახელი აქვს – Via Mari 10, ერთი ბოთლის ფასი კი 5 ათასი დოლარია.

„მამაჩემი იყო მეღვინეობით დაკავებული. რეჯო ემილიასთან ნამდვილი ვენახი დამიტოვა მემკვიდრეობით, მაგრამ მივხვდი, რომ მასზე იმაზე მეტ ფულს ვხარჯავდი, ვიდრე ვიღებდი, ამიტომ გავყიდე, თუმცა 20 წლის შემდეგ ვინანე და ჩემთვის ჯიბის ვენახი გავაშენე“, – განაცხადა მასონიმ CNN-თან სატელეფონო ინტერვიუში.

ყოველწლიურად ის მხოლოდ 29 ბოთლ წითელ ღვინოს აწარმოებს. ბოთლები არა ღვინის მაღაზიაში, არამედ ხელოვნების გალერეაში იყიდება, რადგან მასონი თავის ღვინოს ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევს.

„ჩემი ღვინო არტისტული გამოხატვის ფორმაა, ფილოსოფიური პროვოკაცია, ის, რასაც სასტუმრო ოთახში დადებთ და შემდეგ მეგობრებს მოუყვებით ერთი გიჟის შესახებ, რომელმაც სახურავზე ვენახი გააშენა“, – განმარტავს მასონი.

კავშირი ღვინოსა და ხელოვნებას შორის ყურძნით იწყება, რადგან ვაზი მოქანდაკე ოსკარ აკორსის მიერ შექმნილ გისოსებზე იზრდება, მისგან დამზადებული ღვინო კი კიდევ ერთი მოქანდაკის, ლორენცო მენოზის მიერ შექმნილ კასრებში ინახება. ბოთლების ეტიკეტის ავტორი კი Marvel-ის კომიქსების მხატვარი ჯუზეპე კამუნკოლია.

სწორედ ამიტომ მასონი მყიდველებს მოუწოდებს, ბოთლები არ გახსნან.

„ღვინის ერთადერთი მწარმოებელი ვარ მსოფლიოში, რომელიც ამბობს, რომ მისი ღვინო არ უნდა დალიოთ“, – ამბობს მასონი.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close