newsიტალიასაზოგადოება

ნეაპოლში მიწისძვრა მოხდა, ყველაზე ძლიერი ბოლო 40 წლის განმავლობაში

შიში ბრუნდება „კამპი ფლეგრეიზე“, გამორიცხული არ არის ახალი მიწისქვეშა ბიძგები; ბანიოლიში, ნატოს ყოფილ ბაზაზე დროებითი მოსაცდელი იქმნება საგანგებო სიტუაციებისთვის

ოთხშაბათიდან ხუთშაბათ ღამეს ნეაპოლში 4,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიძგებს წინ უძღოდა საზარელი გრგვინვა, რამაც ადამიანები აიძულა, ღამის 01:25 საათზე ქუჩაში გამოსულიყვნენ. 

იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (INGV) ინფორმაციით, ბიძგების ეპიცენტრი პიცუოლის რაიონში მდებარეობდა, 2-3 კილომეტრის სიღრმეზე.

მიწისძვრა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო, რაც კი რეგიონში ბოლო 40 წლის განმავლობაში მომხდარა, გამეორდა გასული წლის მაისში დაფიქსირებული ბიძგების ინტენსივობა.

4,4 მაგნიტუდის მიწისძვრა ნეაპოლში, INGV

მიწისძვრა ნეაპოლის მთელ რეგიონში იგრძნობოდა, მაგრამ ყველაზე დიდი ნგრევა ბანიოლის რაიონში მოხდა. მიწისქვეშა ბიძგებმა ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია, ბევრი მათგანი სასწრაფოდ ქუჩებში გამოვიდა, ზოგიერთმა კი ღამე მანქანაში გაათია.

ერთ-ერთი მსუბუქად დაშავებული ქალი მეხანძრე-მაშველებმა გამოიყვანეს სახლიდან, სადაც შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. რამდენიმე მანქანა  შენობებიდან ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა დააზიანა. მიწისძვრამ წმინდა ანას ეკლესიის სამრეკლოც დააზიანა. ზოგან ქუჩებში თეთრი მტვერი დადგა შენობების კედლებიდან ჩამოცვენილი სამშენებლო მასალის გამო.

პირველ ბიძგს შემდგომი, უფრო ნაკლები მაგნიტუდის ბიძგები მოჰყვა. ხუთშაბათს დილით სახანძრო ბრიგადამ გაავრცელა შეტყობინება, რომ 40 ადგილზე მოახდინა შემოწმება და კიდევ 70 რეიდი უნდა განეხორციელებინა. კომპანია Trenitalia-მ განაცხადა, რომ ტექნიკური შემოწმების გამო შეფერხებებია ნეაპოლი-სალერნოსა და ნეაპოლი-რომის ხაზებზე.

პრეფექტურაში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ნეაპოლის მერი გაეტანო მანფრედიც ესწრებოდა, ბანიოლი-ფუორიგროტას მუნიციპალიტეტის სკოლები დაიხურა.

საბოლოო ჯამში, საბედნიეროდ, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც „ანსა“ იტყობინება, 11-მა ადამიანმა დარეკა 118-ზე პანიკური შეტევების ან შუშის ნამსხვრევებისგან მიღებული უმნიშვნელო ტრავმების გამო.

რა თქმა უნდა, ეს „ანგარიში“ ვერ გამოხატავს იმ შიშს, რომელიც სინამდვილეში გამოიწვია მიწისძვრამ და ამის მიზეზი იყო ბიძგის ხანგრძლივობა. „ეს გამოწვეულია იმით, რომ ბოლო დროს მიწის ზედაპირის აწევის სიჩქარე გაიზარდა 1 სმ-იდან 3 სმ-დე თვეში“, – განმარტავს გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ნაციონალური ინსტიტუტის (INGV) ვულკანების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფრანჩესკა ბიანკო. თუმცა, მისივე თქმით, არ აქვთ აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულება, რომ მაგმა მიწის ზედაპირიდან მცირე სიღრმეშია (რაც ვულკანის ამოფრქვევის ტიპური ნიშანია – რედ.).

შიშის გამო დაძაბულობის მომენტებიც შეიქმნა: ბანიოლიში, ნატოს ყოფილ ბაზასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა თავშესაფრის პოვნის მიზნით, თუმცა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ შესასვლელი კარი დაკეტილი იყოს, აღშფოთებულებმა ძალით გააღეს კარები, რასაც ლამის შეტაკება მოჰყვა იქ მყოფ პოლიციის ძალებთან. ისინი ამტკიცებდნენ, რომ პროტოკოლის მიხედვით, ნატოს ყოფილი ბაზის ტერიტორია ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადამიანებისთვის საგანგებო სიტუაციების დროს.

ნეაპოლის რეგიონი აყალიბებს ე. წ. მოსაცდელ ბაზას ნატოს ყოფილ ბაზაზე

ANSA-ს ცნობით, კამპანიის რეგიონის სამოქალაქო დაცვის სამსახური, რეგიონის პრეზიდენტის – ვინჩენცო დე ლუკას თხოვნით, ნატოს ყოფილ ბაზაზე ბანიოლიში აყალიბებს მოსაცდელს, რომელიც განკუთვნილია იმ მოქალაქეების დროებით გასაჩერებლად, რომლებსაც „კამპი ფლეგრეის“ (იტ. Campi Flegrei) ბრადისეისმურ ფენომენთან დაკავშირებული მიწისქვეშა ბიძგების ან სეისმური გროვის შემთხვევაში, სურვილი ექნებათ, რამდენიმე საათი საკუთარი სახლიდან მოშორებით გაატარონ.

დასაჭიმი კონსტრუქცია, რომელიც ამჟამად ეწყობა, დაახლოებით 140 მ² ფართობს დაიკავებს და აღჭურვილი იქნება მაგიდებით და სკამებით.

მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე განთავსდება 10 ქიმიური ტუალეტი.

გამოცემის ინფორმაციით, Sma Campania-ს თანამშრომლები და კამპანიის რეგიონის ერთიანი ოპერატიული ცენტრის მიერ მობილიზებული სამოქალაქო დაცვის მოხალისეები უკვე მუშაობენ დასაჭიმი სტრუქტურის აწყობაზე.

ეს არის მოსაცდელი და არა მიმღები ზონა: მოქალაქეებს, რომლებსაც სახლიდან მოშორებით სურთ ღამის გათევა, შეუძლიათ მიმართონ მუნიციპალურ ოფისს აკატეს ქუჩაზე, ბანიოლის უბანში, რომელიც მითითებულია მუნიციპალიტეტის სამოქალაქო დაცვის გეგმაში.

„კამპანიის რეგიონმა, – ნათქვამია განმარტებაში, – მიიღო ზომები ნეაპოლის მუნიციპალიტეტის მხარდასაჭერად, მოქალაქეების თხოვნის გათვალისწინებით“.

ამრიგად, NATO-ს ყოფილი ბაზის ტერიტორია დაემატა მუნიციპალიტეტის მიერ უკვე დაგეგმილ და მომზადებულ ტერიტორიებს და, აგრეთვე, შეასრულებს ASL Napoli 1 Centro-ს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის ფუნქციას.

კლავს არა მიწისძვრა, არამედ სახლი – ფაბიო ჩიჩილიანო

სამოქალაქო დაცვის სამსახურის უფროსი ფაბიო ჩიჩილიანო კვლავ აცხადებს, რომ „მთავარი პრობლემა ფლეგრეის რაიონში არის ურბანიზაცია და შენობების ხარისხი“. ამიტომ იგი მოქალაქეებს ახსენებს, რომ მათ ახლავე შეუძლიათ მოითხოვონ თავიანთი სახლების მოწყვლადობის „უფასო შემოწმება ტექნიკური სპეციალისტების მიერ“.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ შენობების კვლევა Campi Flegrei-ს რაიონში, მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც მოქალაქეებს დაეხმარება, შეიტყონ იმ სახლების ხარისხისა და უსაფრთხოების დონის შესახებ, სადაც ისინი ცხოვრობენ“, – დასძენს ის.

მისივე თქმით, ეს შემოწმება მათ წინა კვირაში დაიწყეს, თუმცა სეისმურ მედეგობაზე შემოწმება განსხვავდება ცხოვრებისთვის ვარგისიანობის შემოწმებისგან. „გუშინდელი მიწისძვრის შემდეგ მოქალაქეებს შეუძლიათ თავიანთ მუნიციპალიტეტს მიმართონ, რათა მოითხოვონ ტექნიკური ინსპექციის ჩატარება და ნებისმიერი ზარალის შემოწმება, მაგრამ თუ მათ სურთ, რომ მოწყვლადობის კვლევაზე მიუწვდებოდეთ ხელი ზარალის არარსებობის შემთხვევაში, ინსპექციის ჩატარებაზე განაცხადი შეუძლიათ გააკეთონ სპეციალური პლატფორმის მეშვეობით“, – აცხადებს სამოქალაქო დაცვის სამსახურის უფროსი.

ნინო ხოშტარია

დაკავშირებულ თემაზე: ნეაპოლი – ახალი პომპეი? ნეაპოლის ქვეშ ევროპაში ყველაზე დიდი ვულკანი იღვიძებს – რამდენად საშიშია?

ნეაპოლის ქვეშ ევროპაში ყველაზე დიდი ვულკანი იღვიძებს – რამდენად საშიშია?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close