ათენში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა (ვიდეო)
საბერძნეთში ათიათასობით ადამიანმა 2023 წლის სარკინიგზო კატასტროფასთან დაკავშირებით მთავრობის დამოკიდებულება გააპროტესტა

2 წლის წინ საბერძნეთში სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 26 იანვარს ათენის ცენტრში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც ბოლოს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მოქალაქეები მთავრობას გულგრილობაში ადანაშაულებენ. უმძიმეს ტრაგედიას, რომელიც ტემპიში 2023 წლის 28 თებერვალს მოხდა, 57 ადამიანი ემსხვერპლა.
საპროტესტო აქციაზე „სამართლიანობის“ მოთხოვნით ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციები გაიმართა სხვადასხვა ქალაქში მთელი საბერძნეთის მასშტაბით და ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. AFP-ის ცნობით, ათენში 30 000-ზე მეტი მომიტინგე შეიკრიბა, ხოლო თესალონიკში – დაახლოებით 16 000.
ათენში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, მომიტინგეებმა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილები“ და ქვები დაუშინეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი დემონსტრანტი, რამდენიმე დემონსტრანტი დაშავდა, მათ შორის, ერთი ჟურნალისტიც.
საპროტესტო აქციაზე ტემპის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებმა მთავრობას ბრალი დასდეს მტკიცებულებების დაფარვაში. მათი განცხადებით, ადამიანების უმეტესობა დაიღუპა შეჯახების შემდეგ მომხდარი აფეთქების გამო. „როიტერი“ წერს, რომ სასამართლო პროცესი 2024 წლის ივნისში იყო ჩანიშნული, თუმცა გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ოფიციალური დასკვნა არ არსებობს.
მანანა ბანძელაძე
ამავე თემაზე: ტრაგედია საბერძნეთში: დაღუპულთაგან უმეტესობა 23-24 წლისაა; მატარებლების შეჯახების მომენტი სათვალთვალო კამერამ გადაიღო (ვიდეო)
საბედისწერო პირველი ვაგონიდან ერთადერთი გადარჩენილი, 20 წლის სტუდენტი სიცოცხლისთვის იბრძვის
კომენტარები