ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ქართველი ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ
საბჭოზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებაც გასაჩივრდა, პასუხი 28 იანვარს იქნება ცნობილი

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება, პირველ რიგში, შეეხებათ ქართველ დიპლომატებსა და მაღალი რანგის თანამდებობის პირებს. მათ მოუწევთ ვიზის აღება ევროკავშირში მგზავრობისთვის, – ამის შესახებ საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.
ფუნდამენტური უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები ევროკავშირთან ინტეგრაციის ძირითადი პრინციპებია. იმ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ამ ღირებულებებს ფეხქვეშ თელავენ, არ უნდა ისარგებლონ ევროკავშირში გამარტივებული შესვლით“, – განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა ტომაშ სიემონიაკმა.
„გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს მიერ გასულ წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ საკანონმდებლო პაკეტის მიღების საპასუხოდ. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს კანონმდებლობა ძირს უთხრის ქართველი ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლებას და ზრდის სტიგმატიზაციასა და დისკრიმინაციას. საქართველოს მოქმედებები არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელთა საფუძველზეც დაიდო გამარტივების შეთანხმება და ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ინტერესებს. ეს, ასევე, არის რეაგირება ქართული ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობამ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ 2028 წლამდე აღარ განაგრძობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების პროცესს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ჩვეულებრივ პასპორტებს, კვლავ ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის. შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების ძალაში შესვლის შემდეგ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ექნებათ უფლება, ინდივიდუალურად დააწესონ სავიზო მოთხოვნები დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებაც გასაჩივრდა. გასაჩივრების ინიციატორი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი, შვედი პოლიტიკოსი ბორიანა აბერგი გახდა.
„საქართველოს პარლამენტი არის ერთპარტიული პარლამენტი, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნებაა“. ივანიშვილის რეჟიმი ანგრევს დემოკრატიულ წესრიგს საქართველოში. ეს არის მიზეზი, რის გამოც მე ვასაჩივრებ უფლებამოსილებას „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის სახელით, პროცედურის წესების A2A მუხლის შესაბამისად. მე ვასაჩივრებ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებას“, – აღნიშნა აბერგმა.
საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრებას სწორად არ მიიჩნია უნგრელმა დეპუტატმა ზოლტ ნემეტმა: „არ მგონია, რომ საქართველოს უფლებამოსილების გასაჩივრება სწორი მიმართულებაა. მჯერა, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კომუნიკაცია ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველო ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაშია. ჩვენ არ გვიცხოვრია რუსეთთან ასე ახლოს. ჩვენი ტერიტორიის 25 პროცენტი არ ყოფილა ოკუპირებული რუსების მიერ. მათ არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები და მაინც არსებობს ბრალდება ქართველების წინააღმდეგ, რომ ისინი პუტინის მარიონეტები არიან. ძვირფასო კოლეგებო, ვფიქრობ, მეტი გაგება უნდა გვქონდეს გეოპოლიტიკური რეალობების მიმართ“, – აღნიშნა ზოლტ ნემეტმა.
პროცედურის წესების თანახმად, გასაჩივრებისთვის მხარი უნდა დაეჭირა, სულ მცირე, 30 წევრს ხუთი სხვადასხვა ეროვნული დელეგაციიდან. კენჭისყრის შედეგად, ინიციატივამ საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა და საკითხი შესაბამის კომიტეტს გადაეცა განსახილველად, რომელმაც დასკვნა 24 საათის ვადაში უნდა წარმოადგინოს.
კომენტარები