საზოგადოებასაბერძნეთი

თურქეთი ბერძენ პატიმარს დაღუპული შვილის დაკრძალვაზე დასწრების უფლებას აძლევს

საბერძნეთში, ტემპიში 28 თებერვლის ღამეს მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის დროს დაღუპული მატარებლის მემანქანის, ნიკოს ნალბანდისის მამას, რომელიც თურქეთის ციხეში იხდის სასჯელს, საპატიმროდან გამოუშვებენ შვილის დაკრძალვაზე დასასწრებად. მეტიც – თურქეთი ნებას რთავს შვილმკვდარ მამას, სასჯელის დარჩენილი ვადა საბერძნეთის ციხეში მოიხადოს. 

ბერძნული საინფორმაციო საშუალებები, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინებიან, რომ ამ თემაზე  სატელეფონო საუბარი ორშაბათს გვიან საღამოს გაიმართა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოს დენდიასსა და მის თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შორის, რა დროსაც თურქეთმა პატიმრის თხოვნის შესრულებაზე თანხმობა განაცხადა იმ დათქმით, რომ ამის შესახებ საჯაროდ ცნობილი თურქული მხარის განცხადების შემდეგ გახდებოდა. შემდეგ კი ნიკოს დენდიასი მატარებლის მემანქანის ოჯახს ესაუბრა, რათა მათთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.

„კათიმერინის“ ცნობით, ასეთ თემებზე, როგორც წესი, სასამართლო, ციხის ან საპოლიციო ხელისუფლებები ურთიერთობენ, თუმცა მისი გადაწყვეტა ყველაზე მაღალ დიპლომატიურ დონეზე მოწმობს, რომ არსებობს სურვილი, თუნდაც სიმბოლურ დონეზე, დადებითი ნიშნები შეიტანონ ორმხრივ ურთიერთობებში, რომელზეც დაახლოებით ერთი თვის წინათ აგრეთვე პოზიტიური გავლენა მოახდინა თურქეთის 6 თებერვლის მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად საბერძნეთის მიერ გაწეულმა დახმარებამ.

ბერძენმა პატიმარმა, რომელიც სასჯელს თურქეთის ციხეში იხდის და აღდგომის შემდეგ უწევდა გათავისუფლება, წინა კვირაში ითხოვა, თანაგრძნობის მოსაზრებიდან გამომდინარე, რამდენიმე ხნით გაეთავისუფლებინათ, რათა საკუთარ ვაჟთან გამოთხოვების და მის დაკრძალვაზე დასწრების საშუალება ჰქონოდა.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს საბერძნეთის ჩრდილოეთში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფას 57 ადამიანი შეეწირა, მათგან 56 უკვე ინდეტიფიცირებულია – 8 მარტს კიდევ ერთი დაღუპული ამოიცნეს დნმ-ის ტესტის საშუალებით, იმიგრანტი მამაკაცი სირიიდან, რომელიც საბედისწერო მატარებლის მგზავრი იყო.

8 მარტისთვის ამოცნობილია 30 მამაკაცი და 26 ქალი, არსებობს კიდევ ერთი ამოუცნობი ცხედარი. აგრეთვე, ერთი ოჯახი ეძებს შვილს – გოგონას, რომელიც ჯერჯერობით ვერ იპოვეს.

ნინო ბაჯელიძე

ამავე თემაზე:

საბერძნეთმა თურქეთს თხოვნით მიმართა, თურქეთის ციხეში მყოფ პატიმარს საშუალება მისცეს, ტემპიში დაღუპული შვილის დაკრძალვას დაესწროს

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close