საზოგადოებასაბერძნეთი

ტრაგედია საბერძნეთში: 35 ადამიანი დაკარგულად ითვლება, 46 დაღუპულიდან უმეტესობა 23-24 წლისაა (ვიდეო)

საბერძნეთში, ტემპიში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა 75%, არსებული ინფორმაციით, 23-24 წლის ასაკის იყო, 35 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 

ბილეთების მონაცემების შემოწმების შემდეგ 35 ადამიანს ვერ პოულობენ ვერც გადარჩენილებს და ვერც დაღუპულებს შორის. არსებობს მბჟუტავი იმედი, რომ ეს რიცხვი არასწორია და დაკარგულები ცოცხლები გამოჩნდებიან, მაგრამ ეს იმედი საათებისა და წუთების გასვლასთან ერთად ნელ-ნელა ქრება.

საბერძნეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დღეს დილით ტრაგედიის ადგილას 7 დამწვარი სხეული იპოვეს. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა და 87 დაშავდა, მათგან 2 ათეულზე მეტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

დღეს, 2 მარტს საბერძნეთის პოლიცია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებთან ერთად ცხედრების ამოცნობას იწყებს დნმ-ის პროცესის ფარგლებში, არსებული პროტოკოლის შესაბამისად.

მედიაში დომინირებს აზრი, რომ თუნდაც ეს საბედისწერო შემთხვევა ლარისის რკინიგზის სადგურის უფროსის ადამიანური შეცდომა იყოს, მთავარი დამნაშავე მაინც ხელისუფლებაა, რომელიც წლების განმავლობაში უგულებელყოფდა რკინიგზაზე საჭირო ცვლილებების განხორციელებას, უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას – სწორედ ამის გამო შეიტანა ტრაგედიამდე თითქმის 2 კვირით ადრე ევროკავშირმა სასამართლოში სარჩელი საბერძნეთის წინააღმდეგ, სადაც აღნიშნულია საბერძნეთის რკინიგზაზე „დანაშაულების შესახებ“, რაშიც ევროკავშირი თანამედროვე ევროპულ (მათ შორის, უსაფრთხოების) სტანდარტებთან საბერძნეთის რკინიგზის შეუსაბამობას გულისხმობს.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, ტრანსპორტის მინისტრისა და რკინიგზის რამდენიმე მაღალჩინოსნის გადადგომის შემდეგ განაცხადა, რომ შეიქმნება პარტიათაშორისი კომისია, რომელიც ტრაგედიის მიზეზებს გამოიძიებს, მათ შორის, იმასაც, რატომ ყოვნდებოდა რკინიგზაზე სხვადასხვა აუცილებელი პროექტის დანერგვა და განხორციელება.

„ასეთი რამ მომავალში აღარ უნდა განმეორდეს“, – თქვა კატასტროფის ადგილზე ჩასულმა კირისკოს მიცოტაკისმა, თუმცა ეს ვერ გააცოცხლებს ტემპის საზარელი ტრაგედიის მსხვერპლთ, უმეტესად ახალგაზრდებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება წინ ჰქონდათ…

ნინო ბაჯელიძე

სათვალთვალო კამერამ შეჯახების მომენტი გადაიღო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close