უკრაინელი „მის იაპონია 2024“ სკანდალში გაეხვია და გვირგვინზე უარის თქმა მოუწია, იაპონია წელს „მის“-ის გარეშე დარჩა
სილამაზის კონკურსის „მის იაპონია 2024“ გამარჯვებული უკრაინელი 26 წლის კაროლინა შინო სკანდალში გაეხვია – ის ცოლიან კაცთან ურთიერთობაში ამხილეს. ეს კი სილამაზის კონკურსის წესებს ეწინააღმდეგება.
იაპონურმა ტაბლოიდმა Shukan Bunshun-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლითაც კაროლინა „დაქორწინებულ გავლენიან“ მამაკაცთან სასიყვარულო ურთიერთობაში ამხილეს. გამოცემის მტკიცებით, ქალს რომანი ჰქონდა ცნობილ ექიმთან, რომელიც ოჯახს ღალატობდა. ამ დრომდე მას კომენტარი არ გაუკეთებია, რაც ასევე განსჯის და განხილვის საკითხი გახდა.
კაროლინა შინომ თავის სამოდელო სააგენტოს თავდაპირველად განუცხადა, რომ მამაკაცთან ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ შეწყვიტა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ იგი ცოლიანი იყო, თუმცა მედია წერს, რომ შინო მამაკაცთან ურთიერთობას შემდეგაც აგრძელებდა.
კონკურსის ორგანიზატორების მტკიცებით, მოდელმა ტიტულზე უარი საკუთარი ნებით თქვა. მათივე გადაწყვეტილებით, ეს ტიტული სხვას არ მიენიჭება. ასე რომ, „მის იაპონიის“ წოდება მომავალ წლამდე ვაკანტური რჩება.
ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ საბოდიშო პოსტში შინო წერს, რომ ვერ თქვა სიმართლე დაბნეულობის და შიშის გამო. მან ბოდიში მოუხადა მამაკაცის ოჯახის წევრებს და მხარდამჭერებს.
ნამდვილად ვწუხვარ იმ ტკივილისთვის, რაც მე მოგაყენეთ… ყველას ვუღალატე, ვინც მხარს მიჭერდა”, – წერს აწ უკვე ყოფილი „მის იაპონია“.
შინო უკრაინაში, ტერნოპოლის ოლქში დაიბადა, მაგრამ უკრაინა 5 წლის ასაკში დატოვა მას შემდეგ, რაც დედამისი ცოლად იაპონელს გაჰყვა.
სილამაზის კონკურსში გამარჯვების შემდეგ იაპონიის სოციალურ ქსელებში არაერთმა ადამიანმა გამოთქვა უკმაყოფილება, რომ „მის იაპონიის“ ტიტული ევროპული გარეგნობის ქალმა მოიპოვა. იმასაც ამბობდნენ, რომ კაროლინას გამარჯვება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და რომ იაპონიამ უკრაინისადმი მხარდაჭერა ამ გზითაც გამოხატა.
მანანა ბანძელაძე
მის იაპონია 2024-ის“ გამარჯვებული უკრაინელი გოგონა გახდა, რამაც კამათი გამოიწვია (ვიდეო)
კომენტარები