იტალიაკრიმინალისპორტი

93 წლის იტალიელმა მამაკაცმა რევოლვერით შეიარაღებული მძარცველი ერთი დარტყმით გაანეიტრალა

93 წლის იტალიელ მამაკაცს, ატილიო ფინის, რომელიც სახლში ბრუნდებოდა, რევოლვერით შეიარაღებულმა ყაჩაღმა გაძარცვა დაუპირა, მაგრამ როგორც იტყვიან, „მოვიდა სეტყვა – დახვდა ქვა“. ასაკის მიუხედავად ფინი შესანიშნავ ფორმაში აღმოჩნდა, წამებში განაიარაღა თავდამსხმელი, შემდეგ უბიძგა და, სამართალდამცავთა ენაზე რომ ვთქვათ, გაანეიტრალა. ამის შესახებ gazzetta.it წერს.

აი, რა უამბო თავად ატილიო ფინიმ ჟურნალისტებს:

„სახლში ვბრუნდებოდი მილანში. ერთი კაცი მომიახლოვდა და მკერდში რევოლვერი დამიმიზნა. მე ხელზე დავარტყი, პისტოლეტი ხელიდან გაუვარდა, შემდეგ ხელი ვკარი, იგი მოტოციკლებს შორის ჩავარდა და გაიჭედა. საბედნიეროდ, ორმა ახალგაზრდა კაცმა იგი დაბლოკა და პოლიციას დაურეკა“. ყველაფერი წამებში მოხდა, სიტუაცია ხანდაზმული მამაკაცის სასარგებლოდ სპორტმა შეცვალა: „ინსტინქტურად მოვახდინე რეაგირება, როგორც მოფარიკავემ“, – თქვა ფინიმ.

ალჟირელ თავდამსხმელს, რომელიც 93 წლის იტალიელ მამაკაცს ფულს და საათს სთხოვდა და ეგონა, რომ იარაღით შეაშინებდა, ნამდვილად უიღბლო დღე ჰქონდა – უმწეო მოხუცის ნაცვლად მას ყოფილი მოფარიკავე, ოლიმპიური ათლეტი შერჩა ხელში, იტალიის მოფარიკავეთა ნაკრების ყველაზე ქარიზმატული ყოფილი მწვრთნელი 22-წლიანი კარიერით და უზადო რეპუტაციით. იგი იტალიაში ცნობილია, როგორც ყველაზე წარმატებული მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია დაიკვეხნოს წარმოუდგენელი რაოდენობის  – 21 ოლიმპიური მედლით 25 წლის განმავლობაში, რომლის კულმინაცია გახდა მონაკოს ნაკრების მიერ მოპოვებული ოქრო 1972 წელს. 1973 წელს კი მან იტალიის მოფარიკავეთა ნაკრების მწვრთნელობა ითავა და ეს პოსტი 1984 წლამდე ეკავა. ამ 22 წლის განმავლობაში ნაკრებმა მისი მეთაურობით არნახულ წარმატებებს მიაღწია. მას სიყვარულით დონ ატილიოს ეძახდნენ. ახლა ატილიო ფინი შესანიშნავ ფორმაშია როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად და კამერების წინ ჰყვება, როგორ განაიარაღა და გაანეიტრალა მძარცველი 93 წლის ასაკში.

პოლიციის განყოფილებაში განცხადების შეტანის შემდეგ გაირკვა, რომ ფინის მიერ განიარაღებულ თავდამსხმელს ალჟირში ჩადენილი მკვლელობისთვის ეძებდნენ და იგი რამდენიმე ძარცვასთან არის კავშირში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close