ვიდეოიტალიაკულტურა

სადღესასწაულოდ მორთულ-მოკაზმული მილანი – როგორ მოემზადა მოდის იტალიური დედაქალაქი შობა-ახალი წლისთვის (ვიდეო)

იტალიამ, სადაც შობის დღესასწაულის უმეტეს ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, 25 დეკემბერს იზეიმა მაცხოვრის ამ ქვეყანას მოვლინება კათოლიკურ სამყაროსთან და იმ ქვეყნებთან ერთად, რომელთა ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიები მაცხოვრის შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ. წელს მათ პირველად შეუერთდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიაც.

რამდენიმე დღეში კი ახალი წელი დადგება – უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, რომელსაც ყველა მოუთმენლად მოელის. საახალწლო განწყობის შექმნა იტალიის ქალაქებში უკვე დეკემბრის დასაწყისიდან დაიწყო.

ყოველთვის საინტერესო და გამორჩეულია ხოლმე მოდის იტალიური დედაქალაქის – მილანის საშობაო-საახალწლო მორთულობების სტილი, რომელიც სადღესასწაულო დეკორის ტენდენციების ტონის მიმცემია.

„გუჩის“ უჩვეულო, ექსტრავაგანტურმა და ორიგინალურმა კონსტრუქციამ მილანის გალერეაში, რომელსაც ნაძვის ხეს ძნელად უწოდებ, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ბევრს, ქართველი ემიგრანტების ჩათვლით, ის არ მოეწონა და „გუჩის“ გემოვნება დაუწუნა, დანანებით გაიხსენეს „სვაროვსკის“ ულამაზესი ნაძვის ხე, რომელიც ამ ადგილს წინასაახალწლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში ამშვენებდა. უამრავი ხუმრობა და მოსწრებული გამონათქვამი გავრცელდა „გუჩის“ „ყუთების“ თუ „ჩემოდნების“ პირამიდასთან დაკავშირებით. ერთმა ქართველმა ემიგრანტმა ფეისბუქჯგუფში „ემიგრანტები იტალიაში“ მოსწრებულად იხუმრა: იმდენი ემიგრანტი ვართ მილანში, ჩემოდნები დაგვიწყვეს, სახლში წადითო.

სამაგიეროდ დუომოს მოედანზე ოქროსფრად მოკაშკაშე უზარმაზარმა ბუნებრივმა ნაძვის ხემ დაიმსახურა საყოველთაო მოწონება.

ცნობილი ბრენდების ულამაზესად გაფორმებული ვიტრინები, ყვავილებით მორთული კაფე-ბარები, ნაძვის ხეები, გირლანდები, საახალწლო აქსესუარები, განათებები – ატმოსფერო მილანში ნამდვილად ჯადოსნურია, განსაკუთრებით ღამის  საათებში, როდესაც ბინდი ჩამოწვება და ყველაფერი ათასფრად აციმციმდება და აკიაფდება – ზღაპარში გგონია თავი.

ლალი დავითულიანი მილანიდან სპეციალურად nostal.ge-სთვის

ავტორის ვიდეოები

ესეც მილანის ოქროსფრად მოკაშკაშე მთავარი ნაძვის ხე დუომოს მოედანზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close