იტალიაკრიმინალი

იტალია: მოხუცი ქალი აივნიდან გადმოვარდა და დაიღუპა, ოჯახის დამხმარე დააკავეს

15 ნოემბერს, დილით ბერგამოს პოლიციის განყოფილების მობილურმა ბრიგადამ ოჯახის დამხმარე ქალი დააკავა 77 წლის მოხუცის მკვლელობის ბრალდებით. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

შემთხვევა ბერგამოს გარეუბანში, კოლონიოლეში, აინშტაინის ქუჩაზე მოხდა 2022 წლის 22 აპრილს. მოხუცი ქალი მეოთხე სართულზე მდებარე თავისი ბინის აივნიდან გადმოვარდა და დაიღუპა. თავდაპირველად 77 წლის ქალის – როზანა ალბერის გარდაცვალების ფაქტს პოლიციამ თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მისცა, თუმცა ჩატარებული გამოძიების შემდეგ, დღეს კვალიფიკაცია შეცვალა.

2022 წლის სექტემბერში გამომძიებლებმა ჩაატარეს მოკვლევა განზრახ მკვლელობის და ქურდობის ეჭვის საფუძველზე. უკრაინული წარმოშობის ახალგაზრდა ქალი მოხუცს თვე-ნახევრის განმავლობაში ეხმარებოდა ოჯახურ საქმეებში. ინციდენტის დროს სახლში მოხუცი ქალის გარდა მხოლოდ დამხმარე იმყოფებოდა, რომლის ჩვენებებში გამოძიებამ ბევრი წინააღმდეგობა აღმოაჩინა. შემდეგ გამომძიებლებმა შეამოწმეს შესაძლო დანაშაულის სავარაუდო ეკონომიკური მოტივი და აღმოაჩინეს, რომ გარდაცვლილის საბანკო ანგარიშიდან, ფაქტობრივად, თანხები იყო მოპარული.

თანხის არასანქცირებული მოხსნა, როგორც ჩანს, ბანკების სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

როზანას შვილებს არასოდეს სჯეროდათ, რომ მათმა დედამ თავი მოიკლა. იმ დღეს, როდესაც ქალი აივნიდან გადმოვარდა და დაიღუპა, დილით იგი ბანკში იყო, რათა გაერკვია, რატომ აკლდა ფული მის საბანკო ანაბარს.

გამოძიების ვერსიით, საბედისწერო დღეს მოხუცმა ქალმა აღმოაჩინა, რომ დამხმარემ მას საბანკო ბარათი მოჰპარა და 2000 ევრო მოხსნა. შესაძლოა ეს ფაქტი გახდა დანაშაულის მოტივი.

გამოძიების საფუძველზე ბერგამოს პროკურატურამ ოჯახის დამხმარე უკრაინელი ქალის მიმართ აღკვეთის ღონისძიება მოითხოვა მისი დაკავების სახით, რომელიც ბერგამოს გამომძიებელმა მოსამართლემ დააკმაყოფილა და დღეს დილით ბრალდებული დააკავეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close