საზოგადოებაარტისტისაქართველო

თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა

დღეს, 28 ოქტომბერს გარდაიცვალა ქართული კინოს და თეატრის მსახიობი, ლეგენდარული თენგიზ არჩვაძე. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრმა გაავრცელა. იგი 91 წლის იყო.

თენგიზ არჩვაძე 1932 წლის 3 აგვისტოს დაიბადა თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში დაიწყო მუშაობა.

1967-1972 წლებში იგი რუსთავის თეატრის დასში ირიცხებოდა.

1973 წლიდან ისევ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრს დაუბრუნდა.

აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული როლები სპექტაკლებში: „მოკვეთილი“, „დედა“, „ღალატი“, „თვალი პატიოსანი“, „როცა ქალაქს სძინავს“ „მე ვხედავ მზეს“, „დღის წესრიგშია ერთი საკითხი“, „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „30 აგვისტო“, „ჯორდანო ბრუნო“ და სხვ.

რაც შეეხება კინოს,  მას კინოსტუდია „ქართული ფილმი“ 1960 წლიდან იწვევდა სხვადასხვა კინოროლზე. მისი ფილმოგრაფია 46 კინოსურათს მოიცავს, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია „კეთილი ადამიანები“, „ერთი ცის ქვეშ“ (1961 წ.; რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ამ ფილმში ითამაშა მსახიობმა პირველად არაეპიზოდური როლი, ახალგაზრდა მხატვარი – ზაზა განასახიერა), „ხევისბერი გოჩა“, „ხევსურული ბალადა“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „დათა თუთაშხია“, „შეხვედრა წარსულთან“, „შეხვედრა მთაში“, „მალე გაზაფხული მოვა“ და სხვ. ბოლო როლი კი შეასრულა ფილმში „კიდევ ერთი ქართული ისტორია“ (2003 წ.; რეჟ. ერეკლე ბადურაშვილი).

თენგიზ არჩვაძე არის მრავალი ჯილდოს, პრემიის და პრიზის მფლობელი, იყო რუსთავის (2020 წ.) და თბილისის (2022 წ.) საპატიო მოქალაქე, მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ღირსების ორდენი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება (1967 წ.), საქართველოს სახალხო არტისტის წოდება (1979), 2017 წელს მიენიჭა „ხელოვნების ქურუმის“ წოდება.

თენგიზ არჩვაძე არა მარტო ქართული კინოს ლეგენდა, არამედ უდიდესი პროფესიონალიზმისა და საოცარი კეთილშობილების სინონიმი იყო და ასეთად დარჩება მუდამ.

nostal.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მთელ საქართველოს. 

ნინო ლურსმანაშვილი, თამარ ოთიაშვილი

დაკავშირებულ თემაზე: „კავკასიონის მწვერვალები ხომ გინახავთ… ასე იყო ჩემი ცხოვრებაც“ – თენგიზ არჩვაძე

„კავკასიონის მწვერვალები ხომ გინახავთ… ასე იყო ჩემი ცხოვრებაც“ – თენგიზ არჩვაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close