fbpx
არტისტიინტერვიუ

„კავკასიონის მწვერვალები ხომ გინახავთ… ასე იყო ჩემი ცხოვრებაც“ – თენგიზ არჩვაძე

თენგიზ არჩვაძე არა მარტო ქართული კინოს ცოცხალი ლეგენდაა, არამედ უდიდესი პროფესიონალიზმისა და საოცარი კეთილშობილების სინონიმია. დღემდე მოჰყვება ბავშვური გულწრფელობა, თუმცა ძნელად თუ ჩაგახედებს საკუთარ სულში… „რასაც ფიქრობ, ყველაფრის თქმა არ შეიძლება… ჩრდილოეთ პოლუსზე აისბერგი მაქვს ნანახი. საოცარი რამაა. რაც წყალს ზემოთაა, ათი იმდენი ქვემოთ არის – არ ჩანს. კაციც ასე უნდა იყოს – მისი შინაგანი სამყარო აისბერგს უნდა ჰგავდეს, რასაც ამბობს, მცირე ნაწილი უნდა იყოს იმისა, რასაც შინაგანად გრძნობს და განიცდის“, – ამბობს განუმეორებელი არტისტი და თავად ნამდვილად ჰგავს აისბერგს: ბევრს ფიქრობს და ცოტას ლაპარაკობს! ამდენად, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, მასთან რამდენჯერმე შეხვედრის ერთგვარი ნაკრებია. ბედნიერი ვარ, რომ განგებამ და თავად ბატონმა თენგიზმა ამის საშუალება მომცეს.

თენგიზ არჩვაძის მიერ კინოსა თუ თეატრში განსახიერებული გმირები დღესაც ისევე აღაფრთოვანებენ მნახველს, როგორც წლების წინათ. გასახსენებლად ალბათ არსაკიძისა და მუშნი ზარანდიას როლებიც კმარა ფილმებში „დიდოსტატის მარჯვენა“ და „დათა თუთაშხია“. აღარაფერს ვამბობთ კინოსურათებზე: „შეხვედრა მთაში“, „ხევსურული ბალადა“, „კეთილი ადამიანები“, „სანამ წვიმა გადაივლიდეს“, „მალე გაზაფხული მოვა“, „წიგნი ფიცისა“… არ დამავიწყდება ბატონი თენგიზის 70 წლის საიუბილეო საღამო, სადაც ერთმა უცხოელმა (თუ სწორად მახსოვს, ამერიკელმა კარლ ლინიკმა) რომ გაიგო, უნიჭიერეს მსახიობს კინოში 130-ზე მეტი მთავარი როლი ჰქონდა შესრულებული, აღფრთოვანებულმა მიმართა: „ბატონო თენგიზ, თქვენ რომ ჰოლივუდში ყოფილიყავით, თქვენი ჰონორარით მთელ საქართველოს შეინახავდით!..“

ერთხელ პირადი საუბრისას კი თეატრალებმა მითხრეს: თენგიზი მარჯანიშვილელთა სინდისიაო…

„ფატიმა“, 1958 წ.

თენგიზ არჩვაძის პირველი სპექტაკლი კი რეჟისორ ვახანგ ტაბლიაშვილის „ერეკლე მეფე“ (რუსეთის ელჩის როლს ასრულებდა) იყო, რომელიც მეოთხე კურსზე ყოფნის დროს მარჯანიშვილის თეატრში ითამაშა. კინოში მისი დებიუტი რეჟისორ სიკო დოლიძის „ფატიმაში“ (1958 წ.) შედგა. ფილმში მომავალი ვარსკვლავი ეპიზოდურ როლს ასრულებდა – თავად ბადილაევს განასახიერებდა. რაც შეეხება მთავარ როლს, ის „კეთილ ადამიანებში“ ითამაშა. რეჟისორმა შოთა მანაგაძემ როლზე ყოველგვარი სინჯების გარეშე დაამტკიცა.

„ლომო“

მომავალი დიდი მსახიობი 1932 წლის 3 აგვისტოს ძველ „ვორონცოვზე“ დაიბადა. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ლომია. ალბათ ამიტომაც ეძახდა მეგობარი პოეტი ზაურ ბოლქვაძე „ლომოს“  და არცთუ უსაფუძვლოდ, – მეფური სიდარბაისლე და მომხიბვლელობა ხომ ბატონი თენგიზის ერთგვარი სავიზიტო ბარათია.

დედა კლავდია სხირტლაძე დიასახლისი იყო, მამა, გრიგოლ არჩვაძე – მოსამსახურე. ერთი პერიოდი, პირველი მსოფლიო ომის დროს, გაზეთის რედაქტორად მუშაობდა ჭიათურაში. „შემდეგ, როდესაც ბოლშევიკები „შემობრძანდნენ“ საქართველოში, სერგო ორჯონიკიძე საშვილიშვილოდ გადაეკიდა მამაჩემს და მანაც ყველაფერი მიატოვა – ისევ თბილისში გადმობარგდა… ბაბუაჩემი, მამაჩემის მამა, რეაქციის წლებში, 1907 წლის 15 სექტემბერს მოკლეს თბილისში. სიცოცხლეს მათ გამოასალმეს, ვინც იმავე წლის 30 აგვისტოს ილიას დაახალეს სასიკვდილო ტყვია. ბებია მაშინ 27 წლის იყო, ხუთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა გასაზრდელი. მათ შორის მამაჩემი უფროსი იყო და ოჯახის მთელი სიმძიმე ძალაუნებურად მას დააწვა მხრებზე – და-ძმები გაზარდა, განათლება მიაღებინა. ერთხანს გაერთიანება „ქართულ პურშიც“ კი მუშაობდა… ლიტერატურა უყვარდა ძალიან, განსაკუთრებით პოეზია. ახალგაზრდობაში თავადაც წერდა ლექსებს…“

ფოტო საქართველოს ეროვნული არქივიდან

სახლში უმდიდრესი ბიბლიოთეკა ჰქონდათ. მამამ ბევრი აკრძალული წიგნი გადამალა, მაგრამ პატარა თენგიზი მაინც ჩუმად კითხულობდა ყველაფერს და მისმა ტოლებმა რომ არაფერი იცოდნენ მიხეილ ჯავახიშვილისა და გრიგოლ რობაქიძის შესახებ, მას თითქმის ყველაფერი თავიდან ბოლომდე გადაკითხული ჰქონდა, თუმცა ამის თქმა კლასში არ შეიძლებოდა.

მომავალი არტისტის სულიერ ფორმირებაზე სწორედ მამამ და ქართულმა ლიტერატურამ მოახდინა უდიდესი ზეგავლენა.

„საბედისწერო“ შემთხვევა

გულჩათხრობილი ბავშვი იყო, მეოცნებე… ჩხუბი და დავიდარება არასოდეს უყვარდა, რასაც ხელს ისიც უწყობდა, რომ ხატვა უყვარდა ძალიან. სკოლაში მათემატიკას ვერ იტანდა და ამის გამო ხშირად აცდენდა გაკვეთილებს. მთაწმინდაზე ადიოდა, თან სახატავი საშუალებები მიჰქონდა და ხატავდა წყნეთის, უძოს თუ კოჯრის პეიზაჟებს, ხატავდა ცარცით, ნახშირით…  და არცთუ ცუდად. ერთხელ მილიციელმაც კი დაიჭირა. ბაღში გრძელი სკამის საზურგეზე იჯდა, ფეხები სკამზე ელაგა და ისე ხატავდა. მილიციელმაც ამის გამო ჩაავლო ხელი. აქვე გეტყვით, რომ შემდგომში მარჯანიშვილის თეატრში მეგობრებმა რამდენჯერმე გამოფენაც კი მოუწყვეს.

მოკლედ, ხელოვნების სიყვარულს ბავშვობიდან ეზიარა – ხატვით დაიწყო, მაგრამ საბოლოო ჯამში მსახიობი გახდა, თუმცა ხატვამ მაინც დატოვა მასზე წარუშლელი კვალი. რა მოხდა, რატომ გადასძალა მსახიობობის სურვილმა?

პიონერთა სასახლეში ხატვის წრეზე დადიოდა, სადაც გვერდით დრამატული წრის ოთახი იყო. პატარა თენგიზმა და მისმა მეგობარმა გურამ მაცხონაშვილმა (შემდგომში რეჟისორი) იმ ოთახში შეიჭყიტეს, სადაც მოწაფეები რეპეტიციას გადიოდნენ. რეჟისორმა თედო წეროძემ დაინახა ისინი და რეპეტიციაზე შეიყვანა. ერთი მოწაფე აკლდათ და მისი ტექსტი თენგიზ არჩვაძეს წააკითხეს. ეს ფაქტი „საბედისწერო“ აღმოჩნდა. პატარა თენგიზს, ცხადია, თავი არ შეურცხვენია. რეჟისორს ძალიან მოეწონა და დრამწრეზე სიარული შესთავაზა. თენგიზსაც მოეწონა იქაურობა. ჯერ ხატვის პარალელურად დაიწყო დრამწრეზე სიარული, შემდეგ ხატვა მიატოვა და მთლიანად ჩაერთო დრამატული წრის საქმიანობაში, რომელსაც მაშინ მსახიობები – ვახტანგ სულაქველიძე და ნოდარ (ბიჭიკო) ჩხეიძე ხელმძღვანელობდნენ. „ისინი არა მარტო მსახიობებად, უპირველეს ყოვლის, ქართველებად და მეგობრებად გვზრდიდნენ. თეატრალურ ინსტიტუტში ისე მოვხვდი, გამოცდები თითქმის არ ჩამიბარებია – დრამატულ წრეში იმხელა გამოცდილება მქონდა მიღებული, რომ თეატრალურ საზოგადოებაში უკვე კარგად მიცნობდნენ“, – იხსენებს ბატონი თენგიზი.

„დათა თუთაშხია“, 1977-1978 წწ.

მეორედ ნაჩუქარი სიცოცხლე

მეორე თუ მესამე კურსზე იყო, როდესაც ფარიკაობის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა და ამის გამო თითქმის მთელი წელი საწოლს იყო მიჯაჭვული, – სასწავლებელში არ უვლია. ბატონი თენგიზი სიცოცხლის შენარჩუნებას ექიმსა და ძველ სპორტსმენს, გამოჩენილ ტანმოვარჯიშე ქალს იულია ფარეშაშვილს უმადლის. არავის ეგონა, დაშნას კიდევ თუ აიღებდა ხელში, მაგრამ თენგიზ არჩვაძეს ფარიკაობისთვის თავი არ დაუნებებია…

მეოთხე კურსიდან უკვე მარჯანიშვილის თეატრში მიიწვიეს, მალე თეატრშიც ითამაშა მთავარი როლი და… „როლები არასოდეს მაკლდა, ძალიან ბევრს ვმუშაობდი… იყო წლები, კინოში ერთდროულად ოთხ-ხუთ ფილმში მიღებდნენ. ძალიან დიდ დროს ვატარებდი თვითმფრინავში და მატარებელში. ხშირად ტექსტის სწავლაც კი მგზავრობისას მიწევდა… იცით, თითოეულ როლში სიცოცხლის ნაწილი თუ არ ჩადე, ისე არაფერი გამოვა. შეიძლება სხვას გამოსდის, მაგრამ მე ასე არასოდეს მითამაშია. ყოველთვის ბევრს ვთხოვდი საკუთარ თავს, თუმცა მეგობრებთან ურთიერთობასაც ვასწრებდი და მათთან ქეიფსაც… ამ მუშაობაში სიბერე ისე მომეპარა, ვერც გავიგე“, – ამბობს ბატონი თენგიზი და აღიარებს, რომ „პოპულარობისთვის კინო საუკეთესო საშუალებაა, სამუშაოდ კი თეატრს არაფერი სჯობს“. ეს კი არადა, საკუთარ ფილმებს არც უყურებს. „დიდოსტატის მარჯვენა“ თავიდან ბოლომდე პირველად ამ რამდენიმე წლის წინათ ნახა.

„ხევსურული ბალადა“, 1965

როლზე თუ გითქვამთ უარი, ბატონო თენგიზ?

როლზე უარი ბევრი რამის გამო მითქვამს, მაგრამ ფინანსური ინტერესების გამო – არასოდეს… უარს ვამბობდი იმ შემთხვევაში, როდესაც  ნაწარმოები ან გმირი არ მომეწონებოდა. მძაგს დაბალი დონის ნაწარმოები, რომლის ინსცენირება თუ ეკრანიზაცია მაყურებლის გემოვნებას აქვეითებს. არც თავხედობა მომწონს სცენიდან თუ ეკრანიდან, არადა ახლა ამას რატომღაც დიდი მაზანდა აქვს…

ბოლო პერიოდში თენგიზ არჩვაძემ სცენაზე ათწლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა. ეს იყო განახლებული სპექტაკლი „ასი წლის წინათ“,  სადაც მსახიობმა ილია ჭავჭავაძის როლი შეასრულა. სპექტაკლი მაჯანიშვილის თეატრში დაიდგა და მსახიობის ვარსკვლავის გახსნას უკავშირდებოდა. თენგიზ არჩვაძის ვარსკვლავი მარჯანიშვილის თეატრის წინ 2011 წლის 26 იანვარს გაიხსნა.

„წიგნი ფიცისა“, 1983 წ.

***

აქამდე ბატონი თენგიზი ხუმრობით საკუთარ თავს „დამსკი პარტნოის“ ეძახდა, რადგან ოჯახში სულ ქალები (ქალიშვილიები, შვილიშვილები, შვილთაშვილები) ახვევია გარს. ცოტა  ხნის წინ მათ ოჯახს ვაჟი შეემატა – პატარა ნიკოლოზი, რომელსაც დიდმა ბაბუამ ხანჯალი და კიდევ, წიგნი „დიდი ქართველი მეფეები“ აჩუქა წარწერით „დიდ ნიკოლოზს ბაბუასაგან“. „ასეთი გახარებული ბაბუ, ჯერ არ მინახავს“, – ამბობს თენგიზ არჩვაძის შვილიშვილი, ნიკოლოზის დედა, დიზაინერი ანუკა ქებურია.

თენგიზ არჩვაძე შვილიშვილთან ერთად. ანუკა ქებურიას ფოტო სოციალური ქსელიდან

ინტერვიუ არქივიდან

„ბატონო თენგიზ, პოპულარობისა და თქვენი არაჩვეულებრივი გარეგნობის გამო უამრავი თაყვანისმცემელი გეყოლებოდათ… მეუღლე (ნელი ფილიაშვილი) არ ეჭვიანობდა?

რა ვიცი, ალბათ, ეჭვიანობდა კიდეც… ყოველ შემთხვევაში ჩემთვის რა უგრძნობინებია. როგორც ჩანს, მეც არ მიმიცია ეჭვიანობის საბაბი…

თქვენ თუ ხართ ეჭვიანი?

სიბერეში რაღა დროს ჩემი ეჭვიანობაა?!..

 კითხვას ირიდებთ… ადრე იყავით?

ალბათ ვიყავი… როგორ შეიძლება ქართველი კაცი ეჭვიანი არ იყოს?! შეუძლებელია ლამაზი ქალისკენ თვალი არ გაგექცეს… ასეთი რაღაც ცხადია, მეც მქონია ცხოვრებაში…

ისე, როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს ქალი, უპირველეს ყოვლისა, მამაკაცის ყურადღება რომ დაიმსახუროს?

ქალი მშვენიერი უნდა იყოს. მშვენიერებაში სილამაზეს არ ვგულისხმობ. თავის ღირსებას უნდა სცეს პატივი, ერთგული უნდა იყოს… ქალი ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ფენომენია. ქალის ყველაზე დიდი ფენომენი კი ჩემს ცნობიერებაში ბებიაჩემია, რომელიც 27 წლის ასაკში დაქვრივდა და ხუთი შვილი უქმროდ გაზარდა. ქალმა მოიყვანა დღემდე საქართველო. ქალი -დედა, ქალი – მეუღლე, ქალი – ბებია… ქალი ოჯახის ბურჯია და, მაშასადამე, საზოგადოების, მომავალი თაობის ბურჯიც… საერთოდ, ქალიც და მამაკაციც, უპირველეს ყოვლისა, პიროვნებები უნდა იყვნენ, ეს ადამიანებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის საწინდარია.

და რა არის ამ ურთიერთობებში მთავარი?

მთავარი კეთილგანწყობაა.

„შეხვედრა მთაში“, 1966

 საინტერესოა, როგორია მსახიობი თენგიზ არჩვაძე ოჯახში – წყნარი თუ ქართული ტემპერამენტი იფეთქებს ხოლმე?

კი, იფეთქებს ხოლმე. გარეთ თუ თავს ვიკავებ უარაყოფითი ემოციებისგან და ვმალავ, სახლში ხანდახან ამას ვერ ვახერხებ. ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. სადღაც ხომ უნდა ამოიღო ყველაფერი, ტყეში ხომ არ გახვალ და იქ ხომ არ იყვირებ?!

რატომ ტყეში?! მეგობრებში იტყვი…

კი, მეგობრებში და ლხინში – სუფრასთან… უამრავი მეგობარი მყავდა, სამწუხაროდ, დღეს ბევრი უკვე ცოცხალი აღარ არის. მათთან ლხინი მიყვარდა ძალიან.

თუმცა, როგორც ვიცი, ღვინო პირველად საკმაოდ გვიან დალიეთ…

მართალი ხართ. ოცდახუთი წლის ვიყავი, ღვინო რომ დავლიე. მანამდე ვვარჯიშობდი და არ ვსვამდი. ჭრილობის შემდეგ მეორედ ნაჩუქარ სიცოცხლეს ღვინით შევხვდი…

განვლილ ცხოვრებას რომ გადახედავთ, რომელი ფერების სიჭარბეს ამჩნევთ, ბატონო თენგიზ?

ბავშვობაში ღია ფერები ჭარბობდა…

 გწყდებათ რაიმეზე გული?

„ვერა ვუშველე მიწასა, / ანეულს, მოსულს ხნულზედა“… ჯეელმა ვერ და სიბერეში რაღას ვუშველი?! ძალიან მალე გავიდა დრო… ისე, იცით, დღევანდელი გადასახედიდან ჩემს ცხოვრებას თვალს რომ გადავავლებ, რას ვფიქრობ? კავკასიონის მწვერვალები ხომ გინახავთ – მისი ზედაპირი ზოგი მაღალია, ზოგი დაბალი. ასევე იყო ჩემი ცხოვრებაც: იყო სიმაღლეებიც და იყო ვარდნებიც, მაგრამ ჩემი სავალი გზიდან არასოდეს გადამიხვევია. წინაპრებიდან მომყვება, რომ კაცობისა და სამართლის გზისთვის არ უნდა მეღალატა. ამას მასწავლიდა მამაჩემი, რომელიც ჩემთვის წინ გაძღოლილი მანათობელი კვარია.

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

თენგიზ არჩვაძე და ლეილა აბაშიძე. ფოტო: ნინო მელიას კოლექციიდან
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close