ეკონომიკაიტალია

დღეს გენუაში ახალი ხიდი იხსნება, კატასტროფიდან 2 წლის შემდეგ (ვიდეო)

იტალიის ქალაქ გენუაში 2 წლის წინათ ჩანგრეული მორანდის ხიდის ადგილას ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა. ახალი ვიადუკის გახსნის ოფიციალური ცერემონია დღეს, ადგილობრივი დროით 18:30 სთ-ზე გაიმართება. ხიდის გახსნას რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა და პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე დაესწრებიან. ამის შესახებ Ansa წერს.

აღსანიშნავია, რომ ხიდის მშენებლობის სამუშაოები საერთოეროვნული კარანტინის დროსაც კი არ შეჩერებულა და 1,1 კმ სიგრძის ხიდის მშენებლობის სტრუქტურული ფაზა უმოკლეს დროში, 7 თვეში დასრულდა. ახალი ხიდის მშენებლობა 2019 წლის ივნისის ბოლოს დაიწყო. პროექტის ავტორია გენუელი არქიტექტორი რენცო პიანო.

საავტომობილო ხიდი გენუაში (ლიგურიის რეგიონი) 2018 წლის 14 აგვისტოს ჩამოინგრა და 43 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის, 4 ბავშვი. ტრაგედია პიკის საათის დროს მოხდა, როდესაც ხიდზე ბევრი ავტომობილი იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით ეჭვმიტანილია 71 ადამიანი – მათი უმეტესობა იმ კერძო კომპანიების თანამშრომელია, რომლებიც იტალიის გზებს ოპერირებას უწევენ. მათ ბრალი ედებათ მონაცემთა გაყალბებასა და არაწინასწარ განზრახულ მკვლელობაში.

როგორც გამოცემა „ანსა“ წერს, გენუის ახალი ხიდის – ‘Genova-San Giorgio’-ს გახსნისას სამფეროვან ლენტს, იტალიის დროშის ფერებში, პრეზიდენტი მატარელა გაჭრის. ახალი ვიადუკის გახსნის ყველაზე მძიმე მომენტი იქნება იმ 43 მსხვერპლის დასახელება, რომლებიც ტრაგედიას შეეწირნენ, შემდეგ კი მათ ხსოვნას 3-წუთიანი დუმილით მიაგებენ პატივს.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ მორანდის ხიდის ნაცვლად აგებულ ვიადუკს „ახალი იტალიის სიმბოლო“ უწოდა.

ნინო ხოშტარია

ნახეთ, როგორ გამოიყურება ახალი ხიდი ვერტმფრენიდან.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close