მსოფლიოქართველები უცხოეთში

9 წლის ქართველ ებრაელ გოგონას აშდოდში საჰაერო განგაშის ხმაზე გული გაუჩერდა და გარდაიცვალა

„თამარი, მანანას ქალიშვილი, ანგელოზი იყო. იგი შაბათ დილით დაიბადა და შაბათს გარდაიცვალა, დღის ბოლოს. სამყაროს შემოქმედმა გვაჩუქა ცხრა წელი და 10 თვე...“

ისრაელის სამხრეთში მდებარე საპორტო ქალაქ აშდოდის ასუტას საავადმყოფოში 28 ოქტომბერს გარდაიცვალა 9 წლის ქართველი ებრაელი გოგონა, რომელსაც გასულ კვირაში გული გაუჩერდა სარაკეტო თავდასხმის დროს ამუშავებული სირენის ხმაზე.

გარდაცვლილი გოგონა, რომლის სახელიც – თამარ ხაია ტორფიაშვილი – მოგვიანებით გახდა ცნობილი, ქართველ ებრაელთა ოჯახიდანაა.

„თამარი, მანანას ქალიშვილი, ანგელოზი იყო. იგი შაბათ დილით დაიბადა და შაბათს გარდაიცვალა, დღის ბოლოს. სამყაროს შემოქმედმა გვაჩუქა მისი სიცოცხლის ცხრა წელი და 10 თვე…“ – დაწერა გოგონას მამამ ავი ტორფიაშვილმა ფეისბუქში და მადლობას გადაუხადა ნათესავებსა და ახლობლებს, ებრაელებს ისრაელსა თუ მთელ მსოფლიოში, რომლებიც თამარის გადარჩენისთვის ლოცულობდნენ.

9 წლის გოგონამ  გონება მაშინ დაკარგა, როდესაც სარაკეტო თავდასხმის სირენის ხმაზე ოჯახის წევრები ბინის თავშესაფარში (მამადი) შევიდნენ. როგორც გაირკვა, ბავშვს გული გაუჩერდა. სასწრაფო დახმარების სამსახურში დარეკვის შემდეგ დეტალურად აუხსნეს, როგორ მოქცეულიყვნენ, შემდეგ კი ბავშვი  საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები შემთხვევა ადრენალინის მკვეთრი გამოტყორცნით ახსნეს.

ასუტას საავადმყოფოში გოგონას სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები თითქმის ერთი კვირა იბრძოდნენ, თუმცა უშედეგოდ.

ინტენსიური თერაპიის ბავშვთა განყოფილების მთავარმა ექიმმა ნოა როზენფელდ იეჰოშუამ ჟურნალისტებს უთხრა: „არსებობენ ადამიანები, რომელთაც ადრენალინის ძლიერი გამოტყორცნის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვთ, რასაც შეუძლია მათ შემთხვევაში გულის პრობლემები გამოიწვიოს. ეს ძალიან იშვიათად ხდება, გამოვიკვლევთ ამ შემთხვევას და უფრო ზუსტ პასუხს მოგვიანებით გაგცემთ.

ყველაფერი საჰაერო განგაშის დროს მოხდა. გოგონა ოჯახთან ერთად ბინის თავშესაფარში შევიდა და გონება იქ დაკარგა. მთელი კვირის განმავლობაში ვუტარებდით ხანგრძლივ რეანიმაციულ ღონისძიებებს სხეულის განსაზღვრული ტემპერატურის შენარჩუნებით, რათა ტვინი დაზიანებისგან დაგვეცვა. ბავშვებში ასეთი შემთხვევა ამ დრომდე არ გვქონია. ვცდილობთ, გავარკვიოთ, ჯანმრთელობის რა პრობლემები აწუხებდა გოგონას აქამდე და როგორი ზეგავლენა მოახდინა ამ შედეგზე, თუმცა ჯერჯერობით ფონური დარღვევების არსებობის არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს“…

პატარა ქართველი ებრაელი გოგონა თამარი დღეს დილით დაკრძალეს.

ისრაელის მიმართულებით ჰამასმა ათასობით რაკეტა გაუშვა ომის დაწყების შემდეგ, რომელიც 7 ოქტომბერს გაჩაღდა, როდესაც ჰამასის ტერორისტებმა, 2500-მდე შეიარაღებულმა ბოევიკმა, ისრაელის სამხრეთის დასახლებულ პუნქტებში ნამდვილი ცოდვის კალო დაატრიალა, 1400 ადამიანზე მეტი მოკლეს, უმეტესობა – სამოქალაქო პირები და, სულ ცოტა, 230 მძევალი გაიტაცეს ღაზის სექტორისკენ.

ისრაელმა საპასუხო დარტყმებით უპასუხა ღაზის სექტორის მიმართულებით და ნელ-ნელა აფართოებს სახმელეთო ოპერაციას, რათა ამოძირკვოს ტერორისტული დაჯგუფება, რომელიც ექსკლავს აკონტროლებს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close