საფრანგეთში მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ ქვეყანაში უსაფრთხოების მაღალი დონის განგაში გამოცხადდა, – ამის შესახებ „ფრანს 24“ წერს.
ორი დღის წინ საფრანგეთის ქალაქ არასში ჩეჩნური წარმოშობის 20 წლის მოჰამედ მოგუჩკოვმა მასწავლებელი მოკლა, სამი ადამიანი კი დაჭრა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის დროს მოჰამედ მოგუჩკოვი, რომელიც ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა, „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არასში მომხდარ ინციდენტს „ისლამური ტერორიზმის ბარბაროსობა“ უწოდა.
მთავრობამ ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჯარო ადგილებში დამატებით 7 ათასი სამართალდამცავი განათავსა.
14 ოქტომბერს, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მუზეუმს – ლუვრს ვიზიტორების ევაკუაცია მოუწია საგანგებო შეტყობინების გამო მუზეუმში ბომბის არსებობაზე..
ლუვრის პრესსპიკერის თქმით, მუზეუმმა მიიღო წერილობითი შეტყობინება, რომელშიც მუზეუმისა და ვიზიტორებისთვის „რისკის“ შესახებ იყო საუბარი.
ლუვრის საკომუნიკაციო სამსახურის განცხადებით, არავინ დაშავებულა და არც ინციდენტი აღნუსხულა.
ლუვრმა თავის გვერდებზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, მუზეუმი დროებით აჩერებს მუშაობს, ხოლო ისინი, ვისაც ბილეთები უკვე შეძენილი აქვთ, კომპენსაციას მიიღებენ..
შესაძლო საფრთხის გამო ლუვრის მუზეუმის შემდეგ ვიზიტორები ვერსალის სასახლიდანაც გამოიყვანეს. ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სასახლის ადმინისტრაციამ მიიღო ანონიმური შეტყობინება, რომლის თანახმადაც, სასახლეში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. შეტყობინება ადგილობრივმა პოლიციამ ფოსტით მიიღო.
მოამზადა მანანა ბანძელაძემ
კომენტარები