მსოფლიოკრიმინალი

საფრანგეთში სკოლის მასწავლებლის თავის მოკვეთის საქმეზე 9 ადამიანი დააკავეს

სავარაუდო მკვლელი, 18 წლის ჩეჩენი მოსკოვშია დაბადებული

პარიზის გარეუბანში დანით შეიარაღებული ტერორისტის მიერ მასწავლებლის თავის მოკვეთის საქმეზე პოლიციამ 9 კაცი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი მოსწავლის მშობლებიც არიან. დააკავეს, აგრეთვე, ტერორისტის მშობლები, პაპა და 17 წლის ძმა. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილ 18 წლის ჩეჩენს საბუთებში უწერია, რომ მოსკოვში იყო დაბადებული.

როგორც ცნობილია, დამნაშავე გუშინ საღამოს პოლიციამ დაკავების მცდელობის დროს მოკლა მას შემდეგ, რაც ჩეჩენმა ახალგაზრდა მამაკაცმა მოთხოვნაზე იარაღი არ დააგდო და პოლიციას ემუქრებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე მან მოასწრო თავის ტვიტერის გვერდზე მოკლული მასწავლებლის სურათის განთავსება და პასუხისმგებლობა აიღო მომხდარ დანაშაულზე, რომელმაც შეძრა საფრანგეთი და მთელი მსოფლიო.

Tchétchène 270 – ეს არის 18 წლის ტერორისტ Abdoullakh Abouyezidvitch-ის (აბდულაჰ აბუიეზიდვიჩი) აქაუნთი ტვიტერზე, რომელზეც მან ნამდვილად განათავსა  მოკლული მასწავლებლის, სამუელ პატის (Samuel Paty) მოკვეთილი თავის ფოტო – განაცხადა ნაციონალურმა ანტიტერორისტულმა პროკურორმა. ამჟმად ანგარიში ტვიტერზე წაშლილია.

მედიის ინფორმაციით, დამნაშავემ სკოლის მასწავლებელი შურისძიების მიზნით მოკლა მას შემდეგ, რაც მან ერთ-ერთ გაკვეთილზე, გამოხატვის თავისუფლების საკითხზე საუბრისას, მოსწავლეებს მუჰამედის კარიკატურები აჩვენა.

სამუელ პატი 5 წლის განმავლობაში ასწავლიდა ისტორიას და გეოგრაფიას პარიზის სიახლოვეს, ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ კონფლანის კოლეჯში. ერთ-ერთი მოსწავლის მშობელს მასწავლებელთან ამ ფაქტის გამო კამათი მოუვიდა და მან სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, სადაც გმობდა მის საქციელს. თავის მხრივ, სამუელ პატიმ შეიტანა სარჩელი პოლიციაში ცილისწამების გამო.

სამუელ პატი

საფრანგეთში 15-20 ათასი ჩეჩენი ცხოვრობს, მათმა დიდმა ნაწილმა დევნილის სტატუსი მიიღო მას შემდეგ, რაც 2000-იანი წლების დასაწყისში ჩეჩნეთის ომის გამო საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დატოვა და უცხოეთში წავიდა თავშესაფრის საძიებლად.

მედიიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, მკვლელი საფრანგეთში მშობლებთან ერთად მაშინ ჩავიდა, როდესაც პატარა ბიჭი იყო და საფრანგეთში გაიზარდა. მასზე პოლიციაში მანამდე არანაირი საქმე არ არსებობდა და არ იყო გახსნილი დოსიე S (ისევე, როგორც არც მის მშობლებზე) – იგი არ იყო შემჩნეული არანაირ ისლამისტურ საქმიანობაში. ამის მიუხედავად მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხელწერა „ისლამისტური სახელმწიფოსას“ ჰგავს და პოლიციის მოთხოვნაზე, იარაღი დაეგდო და დანებებულიყო, მან შესძახა: „ალაჰ აკბარ!“

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომხდარს „ისლამისტური ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა.

ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქცია, რომელმაც პირველმა გამოაქვეყნა მუჰამედის კარიკატურები, რასაც უკვე მესამე ტერორისტული აქტი მოჰყვა საფრანგეთში, ტვიტერის მეშვეობით მოუწოდებს მასწავლებელთა პროფკავშირებს და სხვა ორგანიზაციებს, კვირას, 18 ოქტომბერს 15:00 საათზე პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბონ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close