მსოფლიოკრიმინალი

ფრანგი მასწავლებლის მკვლელი ჩეჩნეთის სოფელში დაასაფლავეს (ვიდეო)

ჩეჩნეთის სოფელ შალაჟიში 6 დეკემბერს დაასაფლავეს აბდულა ანზოროვი, რომელმაც საფრანგეთში მასწავლებელს სამუელ პატის თავი მოჰკვეთა. ანზოროვი იმავე საღამოს პოლიციამ მოკლა დაკავების მცდელობის დროს.

ანზოროვის ცხედარი წინა დღით თურქეთიდან ჩაასვენეს რუსეთში. Кавказ.Реалии იტყობინება, რომ დასაფლავებას ორასამდე ადამიანი დაესწრო.

ხელისუფლებამ სოფელში შესასვლელი დაკეტა და მხოლოდ ნათესავებსა და სოფელში ჩაწერილებს უშვებდა. დასაფლავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა.

ჩეჩნური წარმოშობის ანზოროვი მოსკოვში იყო დაბადებული. რამდენიმე წლის წინ ოჯახი საფრანგეთში გადასახლდა.

კოლეჯის 47 წლის მასწავლებელი სამუელ პატი 16 ოქტომბერს მოკლეს. მან მანამდე გაკვეთილზე, სიტყვის თავისუფლების თემის ახსნის დროს, მოსწავლეებს უჩვენა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა, რომელიც ადრე ჟურნალ Charlie Hebdo-ში იყო გამოქვეყნებული. ამის შემდეგ მას ემუქრებოდნენ.

რუსეთის ჩეჩნეთის რეგიონის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა, როცა მასწავლებლის მკვლელობაზე კომენტარი გააკეთა, თქვა, რომ „ჩეჩნები არაფერ შუაში არიან“, რადგან ანზოროვი საფრანგეთში გაიზარდა (ანზოროვი 6 წლის ასაკიდან 12 წლის განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა მშობლებსა და ძმასთან ერთად – nostal.ge). მან საფრანგეთის ხელისუფალთ ბრალად დასდო, რომ პატივს არ სცემენ მორწმუნეების გრძნობებს.

წყარო: radiotavisufleba.ge

p.s. საფრანგეთი მოკლული ტერორისტების ცხედარს, მათი ოჯახის წევრების მოთხოვნით, დასაფლავებისთვის ოჯახს გადასცემს; თუ ოჯახის წევრების მოთხოვნა არ არსებობს, დასაფლავების ადგილს პროკურატურის თანამშრომლები ირჩევენ. 18 წლის ისლამისტი ტერორისტის, მოსკოვში დაბადებული აბდულა ანზოროვის ცხედარი ჩეჩნეთში, მშობლიურ სოფელში თურქეთის გავლით ჩაასვენეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close