ეკონომიკაკულტურასაქართველო

ქართული თაფლის და მსოფლიოში ყველაზე „მშვიდობიანი“, სამგზის ოქროსმედალოსანი უნიკალური ქართული ფუტკრის „გემრიელი“ ამბავი

საქართველოში რეგისტრირებულია თაფლის სამი გეოგრაფიული აღნიშვნა: მაჭახელას თაფლი, ნინოწმინდის თაფლი და მუხურის თაფლი

იცოდით, რომ თაფლს – ამ უნიკალურ პროდუქტს ძველად ქართველები მტერთან საბრძოლველადაც იყენებდნენ? ამ და კიდევ სხვა საინტერესო ამბებს ქართულ თაფლსა და ყველაზე „მშვიდობიან“, უნიკალურ ქართულ ფუტკარზე გიორგი კალანდიას სტატიაში გაეცნობით.

ქართული თაფლი

ძველად საქართველოში წელიწადში ერთი დღე ფუტკარს ეძღვნებოდა. ფუტკრის ოჯახთა რაოდენობის მიხედვით აცხობდნენ კვერებს და შუა საფუტკრეში ხეზე ჰკიდებდნენ, საღამო ხანს კი ბავშვებს ურიგებდნენ. წესად იყო ქცეული ფუტკრის შელოცვა ავი თვალისგან. ამ დღეს მამაკაცები სკებს ამზადებდნენ, საფუტკრეს ასუფთავებდნენ, ღობავდნენ და ა.შ. დიდ დანაშაულად ითვლებოდა ფუტკრისადმი უდიერი მოპყრობა, უპატივცემლობა. შემდგომ საუკუნეებში კი ფუტკარს, როგორც ღვთაებრივ მწერს, ეკლესიასაც კი სწირავდნენ.

2003 წელს ბორჯომის რაიონის სოფელ საკირესთან, კოდიანის მთის ძირში, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე აღმოაჩინეს ძვ.წ. IV ათასწლეულის შუა ხანებით დათარიღებული ყორღანი. არქეოლოგიური გათხრების დროს იპოვეს ორი კერამიკული ჭურჭელიც, სადაც თაფლი იყო ჩასხმული. დაახლოებით 5500 წლის წინანდელ ყორღანში აღმოჩენილი თაფლის ორივე ჭურჭელს პალინოლოგიური კვლევები თბილისში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ლაბორატორიაში ჩაუტარდა და გაირკვა, რომ თაფლის ეს ნიმუშები მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი იყო.

ცნობილია, რომ ქართულ თაფლს მათრობელა თვისებები ჰქონია და ამას ქართველები მტერთან ბრძოლის დროს იყენებდნენ. ძველ წყაროებში აღნიშნავენ, რომ პომპეუსის შემოსევის დროს კოლხებს გზაზე, სადაც ჯარს უნდა გაევლო, მათრობელა თაფლით სავსე ჭურჭელი დაუდგამთ. რომაელ ჯარისკაცებს თაფლი უჭამიათ და გაბრუებულან, ამის შემდეგ კი კოლხებს მტერი ადვილად დაუძლევიათ.

აი, როგორ აღწერს ამ მოვლენას ძველი ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონი: „კოლხებმა პომპეუსის რაზმი ამოწყვიტეს, რომლებიც მთიანეთში გადიოდნენ. მათ გზებში კრატერებით დადგეს შერეული გამაცოფებელი თაფლი, რომელიც ხეების ტოტებისაგანაა მიღებულია. ასე რომ მოიქცნენ, [რომაელები] დაგიჟდნენ მაშინ, თავს დაესხნენ მათ და იოლად ამოწყვიტეს ეს ხალხი“.

მსოფლიოში სახელგანთქმული კავკასიური მთის რუხი ფუტკრის სამშობლო საქართველოა (Apis mellifera caucasica- Georgia). საქართველოს კომპლექსურმა კლიმატურმა მახასიათებლებმა და ფლორის ბიომრავალფეროვნებამ ფუტკრის სახეობების ევოლუცია განაპირობა და, შედეგად, მას განსაკუთრებული მახასიათებლები შესძინა, რამაც, საბოლოო ჯამში, ქართული ფუტკრის ჯიშები, სხვა ფუტკრის სახეობებისგან განსხვავებით, უნიკალურად აქცია. ქართულ ფუტკარს აქვს ყველაზე გრძელი ხორთუმი, რომლის საშუალებითაც ღრმად აღწევს სანექტრე ქსოვილებში, სადაც სხვა სახეობის ფუტკარს არ შეუძლია შეღწევა. თუმცა ეს არ არის მსოფლიოში ყველაზე პროდუქტიული ფუტკრის ჯიშის ერთადერთი მახასიათებელი. კავკასიური ფუტკარი მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიან ჯიშად არის აღიარებული, რასაც მისი არააგრესიული ხასიათი განაპირობებს.

ორი ქართული (კავკასიური) ჯიშის რუხი ფუტკრის შესწავლა XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. 1886 წელს საფუძველი ჩაეყარა საჯიშეების ჩამოყალიბებას სოხუმში, ბორჯომში, ახალციხეში, ახალ ათონში, გორში, ქუთაისში, გაგრაში და სხვაგან.

XX საუკუნე ქართულ მეფუტკრეობაში უდიდესი წინსვლით გამოირჩევა. დაარსდა საცდელი სადგური, შეიქმნა სპეციალიზებული ბიბლიოთეკა, მეფუტკრეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, შემდგომ კი – კავშირი და ასოციაცია; დაარსდა სპეციალიზებული ჟურნალი „საქართველოს მეფუტკრეობა“, სახალხო უნივერსიტეტი, საკონსულტაციო და ფუტკრის დაავადებათა დიაგნოსტიკის ლაბორატორია, ინსტიტუტი. მეფუტკრეობის დარგში მოღვაწეობდა ქართველ მეცნიერთა და მკვლევართა ღირსეული პლეადა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების საქმეში.

სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ მეფუტკრეთა საერთაშორისო კონგრესზე მოწყობილ გამოფენაზე ქართული ფუტკარი სამჯერ დაჯილდოვდა ოქროს მედლით. კერძოდ: 1961 წელს გერმანიაში, ქ. ერფურტში გამართულ მებაღეობის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც ჩხოროწყუს რაიონის საჯიშიდან წარმოდგენილმა ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციის ორმა ოჯახმა სხვა ქვეყნების ფუტკარს აჯობა და გამოფენის მსვლელობის დროს ყველაზე მეტი (97,3 კგ.) თაფლი შეაგროვა. 1965 წელს რუმინეთში, ქ. ბუქარესტში, მეფუტკრეობის XX საერთაშორისო კონგრესზე, მრავალი სამეურნეო-სასარგებლო ნიშან-თვისებების გამო, ქართული ფუტკარი მეორედ დაჯილდოვდა ოქროს მედლით. 1971 წელს კი მოსკოვში, მეფუტკრეობის XXIII საერთაშორისო კონგრესზე მან მესამე ოქროს მედალი მოიპოვა. ამ ჯილდოებმა სერიოზული ბიძგი მისცა საქართველოში მეფუტკრეობის დარგის განვითარებასა და მეფუტკრის პროფესიის პოპულარიზაციას.

კლიმატოლოგიური და გეოლოგიური ბუნებრივი პროცესების შედეგად საქართველოში დედამიწაზე არსებული ნიადაგების თითქმის ყველა სახეობა ჩამოყალიბდა . მეცნიერები საქართველოს დედამიწის ნიადაგების ატლასსაც კი უწოდებენ. ამიტომაც არის, რომ საქართველოს არ მოეპოვება ანალოგი თაფლოვანი მცენარეების მრავალფეროვნების კუთხით, რაც ასახულია ქართული თაფლების ორგანოლეპტიკაში.

მეცნიერული გამოთვლებით, საქართველოში არსებული ფუტკრის საკვები ბაზა იძლევა საშუალებას, მისი ოჯახების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რაც, მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოების გადიდებასთან ერთად, ფუტკრის მიერ მცენარეთა დამტვერვის გაუმჯობესების გზით მთელ რიგ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა (განსაკუთრებით, მეხილეობის დარგის) მოსავლიანობის მკვეთრად ზრდასაც ნიშნავს.

2014 წელს საქართველოში სულ 190.7 ათასი სკა იყო, 2015 წლისთვის – 197.1 ათასი, ხოლო 2016 წლისთვის ეს მაჩვენებელი 205.3 ათასამდე გაიზარდა. სკების რაოდენობით საქართველოს რეგიონებიდან კახეთი ლიდერობს. სხვა რეგიონების პოზიციები ასეთი თანმიმდევრობით ნაწილდება: იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, შიდა ქართლი და დანარჩენი რეგიონები.

თანდათან იზრდება თაფლის ექსპორტი. თუ 2020 წელს ექსპორტის შედეგად 29 053 დოლარის ღირებულების პროდუქციის რეალიზაცია მოხდა, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 402 098 დოლარამდე გაიზარდა.

საქართველოში რეგისტრირებულია თაფლის სამი გეოგრაფიული აღნიშვნა: მაჭახელას თაფლი, ნინოწმინდის თაფლი და მუხურის თაფლი.

წყარო: საქპატენტი

გიორგი კალანდიას სტატია ქართული თაფლის შესახებ საქპატენტმა საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გამოაქვეყნა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close