მიგრაციაპოლიტიკა

გერმანია საქართველოსთან ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად

ბერლინის გეგმით, საუბარია არალეგალი მიგრანტების რიცხვის შემცირებაზე და, ამავე დროს, გერმანიაში ლეგალური იმიგრაციის შესაძლებლობების შექმნაზე

გერმანიის მთავრობა რამდენიმე ქვეყანასთან  აწარმოებს მოლაპარაკებებს ე.წ „სამიგრაციო პარტნიორობის“ თაობაზე, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, გერმანიიდან სამშობლოში არალეგალი მიგრანტების სწრაფ დაბრუნებას ითვალისწინებს.

როგორც გასულ სამშაბათს, 3 ოქტომბერს გერმანიის შს სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, ამ დროისთვის საუბარია ექვს ქვეყანაზე, ესენია: საქართველო, მოლდოვა, კენია, კოლუმბია, უზბეკეთი და ყირგიზეთი. ამის  შესახებ გერმანული საინფორმაციო სააგენტო „დოიჩე ველე“ (DW) იუწყება.

სამინისტროს პრესმდივნის თქმით,  ცენტრალური აზიის ორ ქვეყანასთან – უზბეკეთსა და ყირგიზეთთან მოლაპარაკებები უკვე საკმაოდ წინ წავიდა, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი უზბეკეთთან, სექტემბერში კი – ყირგიზეთთან. საუბარია არალეგალური მიგრანტების რიცხვის შემცირებაზე და, ამავე დროს, გერმანიაში ლეგალური იმიგრაციის შესაძლებლობების შექმნაზე.

შსს-ს პრესმდივნის ინფორმაციით, სექტემბერში მოლაპარაკებები მიმდინარეობდა კენიასთან. კოლუმბია კი ამ სიაში მოხვდა იმიტომ, რომ ბოლო წლებში ამ ქვეყნიდან გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა (2018 წელს 140 მთხოვნელიდან, 1500-მდე მხოლოდ 2023 წლის პირველ ნახევარში).

საქართველოს და მოლდოვასთან შეთანხმება განსაკუთრებით პრიორიტეტულია, „ვინაიდან თავშესაფრის მინიჭების თაობაზე წარდგენილი მოთხოვნებიდან 10%-ზე მეტი მხოლოდ ამ ორ ქვეყანაზე მოდის“, – განაცხადა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისივე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისგან მარტო მიმდინარე წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში თავშესაფრის მინიჭების თაობაზე 7405 მოთხოვნა შევიდა, მოლდოვის მოქალაქეებისგან კი – 2124.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს,  თბილისმა და კიშინიოვმა მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის 30 აგვისტოს გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეების განაცხადები თავშესაფრის მინიჭების თაობაზე დაჩქარებული წესით განიხილება, შესაბამისად, დაჩქარებული წესით მოხდება იმ არალეგალ მიგრანტთა დეპორტაცია, რომელთაც თავშესაფარზე უარს ეტყვიან (ცნობისათვის: გერმანიის შსს-ს მონაცემებით, 2022 წელს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში თავშესაფარი ითხოვა საქართველოს 8865-მა, ხოლო მოლდოვის 5218-მა მოქალაქემ. ამ განაცხადების 99,9% არ დაკმაყოფილდა).

გერმანიის შს მინისტრმა ნენსი ფეზერმა საქართველოს და მოლდოვას „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით მაშინ მედიასთან განმარტა, რომ ამ ქვეყნებს ევროკავშირის წევრობა სურთ და საქართველოსა და მოლდოვაში, როგორც წესი, ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ დევნიან. მინისტრის თქმით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა შორის თითქმის ყოველი მეათე საქართველოდან და მოლდოვიდანაა ჩასული, ამ ქვენების უსაფრთხოდ აღიარება კი ხელს შეუწყობს არალეგალური მიგრაციის სწრაფად და ეფექტიანად შემცირებას.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close